საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი

რა ვითარებაა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით: მინისტრმა პრობლემებზე ისაუბრა

148
(განახლებულია 23:23 22.03.2019)
კრედიტორი ბანკები სახელმწიფოსგან ანაკლიაში პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებით გარანტიებს ითხოვენ

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია საკურორტო სოფელ ანაკლიაში პორტის მშენებლობით, მაგრამ არსებობს არაერთი პრობლემა, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მშენებლობას ახორციელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, რომელიც დააფუძნეს ქართულმა კომპანია „თიბისი ჰოლდინგმა“ და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC. ამჟამად კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გათვლით, პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის აუცილებელია 600 მლნ აშშ დოლარი. ამ თანხიდან 100 მლნ დოლარს გამოყოფს სახელმწიფო, შესაბამისად, მათ (კონსორციუმმა) პროექტში უნდა დააბანდონ 120 მლნ დოლარი, როგორც თავიანთი კაპიტალი, და დამატებით მოიზიდონ 400-მილიონიანი კრედიტი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აქციების გამოშვებას გეგმავს >>

აღსანიშნავია, რომ ფინანსური გარიგების დახურვა, რომლის შემდეგაც უნდა დაწყებულიყო მშენებლობის ფაზა, იგეგმებოდა 2017 წლის 15 აგვისტოს. თუმცა, კონსორციუმის ინიციატივით, ეს თარიღი სამჯერ შეიცვალა და, საბოლოოდ, ფინანსური გარიგების დახურვა 2019 წლის 15 ივნისისთვის გადაიდო.

„პირველი გემის შემოსვლა დაგეგმილი აქვს კონსორციუმს და გრაფიკითაც ასევე გვაქვს გათვალისწინებული - 2020 წლის ივლისში. პირველი ფაზის დასრულება კი იგეგმება 2020 წლის 20 ნოემბრისთვის. სამწუხაროდ, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება ამ პროექტს ჯერ არ აქვს, სავარაუდოდ, ეს ვადებიც იქნება დარღვეული და გადაწეული“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

საკითხის მოკლე მიმოხილვა

მინისტრის შეშფოთებას იწვევს კრედიტორი ბანკების სურვილი, შეიცვალოს შეთანხმების ტექსტი, რომელიც გარიგების დახურვის საფუძველი გახდება.

ინვესტორებს, მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 2019 წლის 8 თებერვალს გაიმართა და უკვე 12 და 15 მარტს მთავრობამ კონსორციუმისგან პირობების განახლებული რედაქცია მიიღო.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განმარტა, ინვესტორების მიერ წამოყენებული რვა მოთხოვნა მიმართულია სახელმწიფოს უფლებების შემცირებისკენ და ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ბანკების დაზღვევას ნებისმიერი რისკისა და შემოსავლების შემცირების შემთხვევაში, მათ შორის, ისეთი რისკების დაზღვევას, რომელზე პასუხისმგებელიც ყოველთვის ინვესტორი, ამ შემთხვევაში, კონსორციუმი უნდა იყოს.

მისი თქმით, თუ მთავრობა ამ პირობებს დასთანხმდება, მას მოუწევს საკუთარ თავზე ინვესტორის რისკის აღება და კრედიტის სრულად უზრუნველყოფა, რის გაკეთებასაც ხელისუფლება არ გეგმავს.

„და ვინაიდან ჩვენ არ ვაპირებდით ამის გაკეთებას, გამოვაცხადეთ ტენდერი კონკრეტული პირობებით ინტერესების გამოსავლენად. ჩვენ ვახორციელებთ სხვა პროექტებს, სადაც ინვესტორი პასუხისმგებელია ყველა რისკზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი სიტყვებით, ამჟამად სამთავრობო უწყებები პირობების მიზანშეწონილობის შესწავლით არიან დაკავებული.

TBC Bank-ის დამფუძნებელმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ისაუბრა >>

„აპრილის დასაწყისში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ, როგორ იმოქმედებს მთავრობა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბანკების მოთხოვნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ბანკებმა რვა მოთხოვნა წამოაყენეს.

პირველი მოთხოვნა ეხება პორტის განვითარების ფაზებს. ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, მშენებლობის პირველი ფაზა უნდა დასრულებულიყო სამ წელიწადში, 2020 წლის მიწურულს, და პორტის ტვირთბრუნვა ამ დროისთვის უნდა ყოფილიყო 8 მილიონი ტონა. მეორე ფაზის დასრულება იგეგმება პირველი ფაზის დასრულებიდან 15 წლის შემდეგ და ტვირთბრუნვამ ამ დროისთვის უნდა შეადგინოს 14 მილიონი ტონა. მშენებლობის დაწყებიდან 36 წლის შემდეგ კი პორტის ტვირთბრუნვამ 40 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს.

ბანკებს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი აფინანსებენ მხოლოდ პირველ ფაზას, სურთ თავი დაიზღვიონ მომდევნო ფაზების შეუსრულებლობისგან. ამ მიზნით ისინი ითხოვენ, პორტის გაფართოება არ იყოს მიბმული კონკრეტულ თარიღთან, არამედ განისაზღვროს სრული პოტენციური სიმძლავრის 60%-ის ამოქმედებით. ამასთან, სახელმწიფო მეორე ფაზაზე უნდა გადავიდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა ბანკისგან მიიღებს თანხმობას.

„ჩვენთვის ეს რისკია, ვინაიდან, როდესაც ვსაუბრობთ ანაკლიის პორტზე, ვსაუბრობთ 100 მილიონი ტონა ტვირთის ბრუნვაზე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

პრობლემები, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს უკავშირდება >>

მისი სიტყვებით, თუ ანაკლიის პორტი პირველ ფაზაში დარჩება, ის ვერ გაუწევს კონკურენციას სხვა პორტებს, რადგან ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა 18 მილიონ ტონას, ფოთის პორტისა კი - 11 მილიონ ტონას შეადგენს.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ანაკლიის პორტის ბრუნვა სხვა პორტების ბრუნვაზე მაღალი იყოს და მეტი ტვირთი მოიზიდოს“, - თქვა მინისტრმა.

ბანკების მეორე მოთხოვნა, მინისტრის განცხადებით, ტვირთბრუნვის რისკის დაფარვაა.

„სახელმწიფოს ჰქონდა განზრახვა, პორტი აშენებულიყო სრულად ინვესტორის მიერ, რომელსაც უნდა მოეზიდა სრული დაფინანსება და აეღო სრული პასუხისმგებლობა, როგორც პორტის ოპერირებაზე, ისე ახალი ტვირთების მოზიდვაზე და, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებულ ყველა რისკზე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

თუმცა, როგორც მინისტრი ამბობს, კრედიტორი ბანკები ითხოვენ, სახელმწიფომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოს ეს კრედიტები, მეორე მხრივ კი, საკუთარ თავზე აიღოს ტვირთის მოზიდვის რისკი. ცქიტიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ უარი განაცხადა, გამხდარიყო გარანტი, ინვესტორებისგან ოდნავ სახეცვლილი წინადადება მიიღო.

„სახელმწიფომ უნდა შექმნას სარეზერვო ანგარიში. ამ ანგარიშზე უნდა განთავსდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სესხის მომსახურებისთვის საჭირო თანხა. სახელმწიფოს კი ჰქონდეს უფლება, რომ შეავსოს ეს თანხა. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ამ უფლებას არ გამოიყენებს, ბანკებს შეეძლებათ ხელშეკრულების გაწყვეტა, რის შედეგადაც სესხის მთელი ოდენობა უნდა დაფაროს სახელმწიფომ,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მეორე შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მოინდომებს ამ თანხის შევსებას, თანხა მიემატება იმ 100 მილიონს, რომელიც სახელმწიფომ კრედიტის სახით უკვე გამოყო. იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტი იფარება მას შემდეგ, რაც დაიფარება ყველა საკრედიტო ვალდებულება, რისკი ძალიან მაღალია, მიიჩნევს მინისტრი.

პასუხები პრეტენზიებზე - რა ხდება ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ? >>

მისივე თქმით, ამ პირობაში მიუღებელია ის, რომ სახელმწიფომ, და არა ინვესტორმა, უნდა გაიზიაროს და საკუთარ თავზე აიღოს ტვირთბრუნვის რისკები, რაც მათ შორის, გარე ფაქტორების ან ინვესტორის არაეფექტური საქმიანობის შედეგი შეიძლება იყოს.

ბანკების მესამე მოთხოვნა ეხება სახელმწიფოს ვალდებულებას, დააფინანსოს გზისა და რკინიგზის მშენებლობა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განმარტა, ბანკები შიშობენ, რომ სახელმწიფო არ შეასრულებს გზების გაყვანის ვალდებულებას და პორტს ფუნქციონირების პრობლემები შეექმნება.

„ამ შემთხვევაში, ბანკები ითხოვენ სახელმწიფოსგან, თავის თავზე აიღოს ინვესტორისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, თუ გზა და რკინიგზა თავის დროზე არ აშენდება. ამ ნაწილში ბანკების მოთხოვნაა, რომ სამუშაოები, განსახლება და ყველა პროცესი, წარიმართოს დონორების წესების შესაბამისად“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მეოთხე პუნქტი ეხება უშუალოდ სასესხო ხელშეკრულებას.

„სახელმწიფოს დღეს აქვს უფლება, დაამტკიცოს საკრედიტო ხელშეკრულებების პირობები, ხოლო ბანკების წინადადებაა, მთავრობას მხოლოდ სესხის ოდენობა და ვადა შეუთანხმდეს. რა თქმა უნდა, ამაზე მოლაპარაკება შესაძლებელია, რასაც ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ მაშინ როცა მთავრობა სესხის უზრუნველყოფის გარანტია. პარალელურად, სესხის შეთანხმების ნაწილში ასეთი შეზღუდვების შემოტანა ცოტა გაუგებარია, თუმცა ამ თემაზეც ვაგრძელებთ მოლაპარაკებას”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კიდევ ერთი მოთხოვნა ეხება სახელმწიფოს უფლებებს კონსორციუმის საქმიანობის საკითხებში.

გერმანიის და ნიდერლანდების განვითარების ბანკები ანაკლიის პორტში ინვესტიციებს ჩადებენ >>

„პროექტის განმახორციელებელ კონსორციუმში სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ერთი აქცია -„ოქროს აქცია“. არსებული ხელშეკრულებით, ამ „ოქროს აქციით“ სახელმწიფოს აქვს უფლება, მოითხოვოს რიგ არსებით საკითხებზე თანხმობა. ბანკების წინადადებაა, ამ „ოქროს აქციის“ შესაბამისად, სახელმწიფოს ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები შემცირდეს მნიშვნელოვნად, მინორიტარული ინტერესის უფლებამდე,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შემდეგი მოთხოვნა ფორსმაჟორულ სიტუაციებს უკავშირდება. ბანკებს სურთ, მთავრობამ კონსორციუმს აუნაზღაუროს ფორსმაჟორული ვითარების, მათ შორის, პოლიტიკური ფორსმაჟორის შედეგად პორტის გაჩერებით გამოწვეული ზიანი და მოგება, რომელიც ფორსმაჟორის გამო ვერ მიიღო.

მომდევნო მოთხოვნა კანონმდებლობის ცვლილებას ეხება.

მინისტრის განმარტებით, ბანკების მოთხოვნაა, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილებისას, განურჩევლად იმისა, ანაკლიის პორტს ეხება ისინი თუ ყველა ბიზნესოპერატორს, თუ ცვლილებების შედეგები სცდება კონსორციუმისთვის დაწესებულ საზღვრებს, სახელმწიფომ იკისროს კონსორციუმისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბანკების მერვე მოთხოვნა არის ხელშეკრულების შეწყვეტა და კომპენსაციის რეჟიმი ინვესტორის დეფოლტის შემთხვევაში.

„ეს, ჩემი შეფასებით, მთავარი პირობაა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული პირობა, რომლის მიხედვითაც, თუ ხელშეკრულება წყდება მთავრობის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ინვესტორის მიზეზით, პორტი ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, იწყება ხელახლა ინვესტორის მოძიება და ის ვალდებულებები, რომლებიც ინვესტორს აქვს აღებული ბანკების წინაშე, გადადის სხვა ინვესტორზე“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბანკები ითხოვენ, სესხების გარანტი იყოს სახელმწიფო. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება გაწყდება სახელმწიფოს ბრალეულობით, 400 მილიონი სესხის დაფარვა მოხდეს დაუყოვნებლივ სახელმწიფოს მიერ, ხოლო თუ ინვესტორის გამო მოხდება ხელშეკრულების გაწყვეტა, სახელმწიფომ ეს სესხი სრულად აუნაზღაუროს ბანკებს 4 წლის განმავლობაში.

მთავრობა იმედს არ კარგავს

ყველა სირთულის მიუხედავად, როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, სახელმწიფო დაინტერესებულია კონსორციუმთან თანამშრომლობით.

„ჩვენ ნამდვილად ვართ დაინტერესებული ამ პროექტის განხორციელებით, ვიყავით დაინტერსებული ამ პროექტით 2014 წლიდან, ეს იყო ჩვენი განზრახვა, ჩვენივე ინტერესთა გამოხატვა. მიუხედავად ამ სირთულეებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ხელშეკრულებას ჰქონდა, ჩვენ ვეხმარებოდით კონსორციუმს, წარმატებით შეესრულებინა პროექტი“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი სიტყვებით, ამჟამად ასეთია მთავრობის პოზიცია და ამიტომ კონსორციუმთან ერთად ჩაბმულია ბანკებთან მოლაპარაკების პროცესში და დაინტერესებულია არა მხოლოდ პროექტის განხორციელებით, არამედ იმითაც, რომ ეს კონკრეტული ინვესტორი წარმატებული აღმოჩნდეს.

„ამ პროექტში ჩვენც და მათთაც აქვთ უკვე საკმარისი დრო, ენერგია და თანხები ჩადებული. ასევე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეას საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა დასძინა ასევე, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს მუშაობა კონსორციუმთან და მთავრობა ახალ ინვესტორს არ ეძებს.

148
თემები:
საქართველოს რეგიონები (50)