გზის დაგება

ვინ ააშენებს ანაკლიისკენ მიმავალ გზებს: ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობს

162
გამარჯვებულ კომპანიასთან  გზების მშენებლობაზე ხელშეკრულების დადება მარტის ბოლოსთვის იგეგმება

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, წინადადებების მიღება დასრულდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პასუხები პრეტენზიებზე - რა ხდება ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ?>>>

პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა და შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება წარმოადგინა. მონაწილეებს შორის ერთი ქართული კომპანიებისაგან შემდგარი ამხანაგობაა. ასევე, წინადადებები წარმოადგინეს ესპანურმა, ხორვატიულმა და ავსტრალიურმა კომპანიებმა. 

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე შეფასდება ტექნიკური წინადადებები, მეორე ეტაპზე კი ფინანსური.

გზების მშენებლობაზე პირველად ტენდერი 2018 წელს სამ ეტაპად გამოცხადდა, თუმცა, მაშინ იგი რიგი მიზეზების გამო ჩავარდა. ამჯერად ხელისუფლებამ ტენდერის წესების შეცვლა და ხელახლა გამოცხადება გადაწყვიტა.

პროექტის წინასწარი ღირებულებაა 9,7 მლნ ლარზე მეტი.

საავტომობილო გზების დეპარტამენი ხელშეკრულებას გააფორმებს კომპანიასთან, რომელიც მარტის ბოლომდე საუკეთესო წინადადებებს წარმოადგენს.

პრობლემები, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს უკავშირდება>>>

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააარსეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანია Conti International LLC-მა. დღეისთვის კონსორციუმში ასევე შედის SSA Marine (აშშ) , British Wondernet Express–ის (ცენტრალური აზია), G-Star Ltd. (ბულგარეთი) პორტის ოპერატორი. 

პორტის მშენებლობის დაწყება 2021 წლისთვის იგეგმება. პორტის განვითარება ცხრა ფაზის მიხედვით განხორციელდება.

პირველი ფაზა ითვალისწინებს, რომ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.

ეს არ ნიშნავს, რომ პორტში პირველივე წელს ტვირთების ეს რაოდენობა შევა, მაგრამ ეს იქნება დასაშვები მოცულობა, ამტკიცებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზას შორის წყვეტა 3–4 წელი იქნება, შემდგომი ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის დროს შემუშავდება.

პირველი და მეორე ფაზის გასვლის შემდეგ ანაკლიის პორტი შეძლებს 14 მილიონ ტონა ტვირთამდე მიღებას. პროექტის ავტორების გათვლით, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი. თუმცა, ცხრავე ფაზის დასრულებას 50 წელზე მეტი დასჭირდება და ამ დროისთვის, კონსორციუმის პროგნოზით, იგი ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას შეძლებს.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

162
თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (42)
რთველი კახეთში

გარანტიები მევენახეებისთვის, ანუ სოლიდარობა სუბსიდირების სახით

43
(განახლებულია 14:41 10.07.2020)
სახელმწიფო ქართველ მევენახეებს 60 მლნ ლარის ოდენობის სუბსიდიას გამოუყოფს და, თუ საჭირო გახდება, ყურძნის შესყიდვაშიც ჩაერთვება.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ქართველი მევენახეებისთვის შეიქმნა გარანტიები, რომ მათი საქმიანობა დაფასდეს და მათ შეძლონ 2020 წლის სეზონის ნაკლებად მძიმედ გადატანა, განაცხადა ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერმა მევენახეებს მიმართა - სახელმწიფო არ დაგივიწყებთ>>

ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალდება. საქართველოდან ღვინის მიწოდება ბოლო წლებში პირველად შემცირდა: „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ღვინის ექსპორტი 11,3%-ით დაეცა.

მინისტრის განცხადებით, კომპანიები, რომლებიც ერთ ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ გადამუშავებას შეძლებენ, სახელმწიფოსგან ერთ კილოგრამზე 30 თეთრის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ, თუ მას ისინი გლეხებისგან მინიმუმ 80 თეთრად ჩაიბარებენ. სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სამუშაო პროცესს, რათა მევენახეებმა და ფერმერებმა რიგებისა და პრობლემების გარეშე ჩააბარონ თავიანთი პროდუქცია.

„ის, რომ ჩვენ ასეთი გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე-ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა, რადგან ეს არის ქართველი გადასახადების გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხები. ანუ ეს არის სოლიდარობა მევენახე-ფერმერებისთვის, რათა მათი საქმიანობა წელს დაფასდეს და 2020-ის სეზონი ნაკლებად მძიმედ გაიარონ“, – განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ქართული ყურძნის ჯიშების „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" სუბსიდირებას განახორციელებს.

პრემიერის თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ყურძნის მოსავლის სუბსიდირებაზე 60 მლნ ლარი დაიხარჯება.

გასულ წელს საქართველოში 271 ათასი ტონა ყურძენი მოიკრიფა.

43
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
სვანეთის კოშკები

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში დაეხმარებიან

64
(განახლებულია 14:21 10.07.2020)
ერთი პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა 5 ათასიდან 50 ათას ევრომდე იქნება, კანდიდატის მხრიდან თანადაფინანსება მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ტურიზმის სფეროში პროექტებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო იმერეთის რეგიონებში სამთო ტურიზმის სექტორში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადეს. დაფინანსების საერთო თანხა 860 ათას ევროს შეადგენს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ერთ პროექტზე ფინანსური მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5000-დან 50000 ევროს ჩათვლით. კანდიდატის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და მაქსიმუმ 24 თვით. ყველა დაგეგმილი ღონისძიება დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 3 აგვისტოს 18:00 საათი თბილისის დროით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან აღნიშნულ სამიზნე რეგიონებში ან რომელთა საქმიანობის ძირითადი ნაწილი პროექტით დაფარულ არეალებში ხორციელდება ან განხორციელდება.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები იცვლება >>

კონკურსი სტაბილური სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ოთხწლიანი პროექტის – GRETA-ს ფარგლებში მიმდინარეობს.

GRETA-ს მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს – ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს. მისი ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს.

64
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
ავარია

ხობში ავარიამ ქალი და მამაკაცი იმსხვერპლა ვიდეო

0
(განახლებულია 19:14 10.07.2020)
შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი - ქალი და მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

თბილისი, 10 ივლისი -  Sputnik.  ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა,  ერთი კი დაშავდა, იუწყება  „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან. 

გავრცელებული ინფორმაციით, „მერსდესესის“  მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ბილიკიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი - ქალი და მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიკა ლატარია

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში