ბათუმის პორტი

„ზემო ლარსის" ალტერნატივა: ანაკლიის პორტი სომხეთისთვის ახალი პერსპექტივაა

230
(განახლებულია 15:43 27.02.2019)
ტვირთების დიდი ნაწილი სომხეთში საქართველოდან საკონტროლო გამშვები-პუნქტი „ზემო ლარსის" ან რკინიგზის გავლით შედის.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც დასავლეთ საქართველოში შენდება, სომხეთში საკონტეინერო გადაზიდვების კუთხით „ზემო ლარსის" ალტერნატივა გახდება, განაცხადა სატრანსპორტო კორიდორის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა „Sputnik–სომხეთთან" საუბრისას.

პასუხები პრეტენზიებზე - რა ხდება ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ?>>>

გამოცემა წერს, რომ პორტის მშენებლობის დაწყება 2021 წლისთვის იგეგმება. პორტის განვითარება ცხრა ფაზის მიხედვით განხორციელდება, ყველა ეტაპის შესასრულებლად 50 წელზე მეტი იქნება საჭირო. პირველი ფაზის ფარგლებში პორტი 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. შემდგომში მოცულობა ეტაპობრივად გაიზრდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი პორტი ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 2,5 მლრდ დოლარია.

„შეიძლება ასპროცენტიანი დარწმუნებით გითხრათ, რომ სომხეთში ტვირთების გადაზიდვის დამატებითი არტერია გაიხსნება... საკონტეინერო გადაზიდვების ძირითადი ნაწილი, რომელიც ანაკლიის პორტში შევა, შემდომ გაიგზავნება სომხეთში, აზერბაიჯანში ან საქართველოს ტერიტორიაზე განაწილდება", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ანაკლიის პორტში ძირითადი აქცენტი საკონტეინერო გადაზიდვებზე გაკეთდება. ცაგარეიშვილის სიტყვებით, საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარი მთელ მსოფლიოში, მათ შორის, შავიზღვისპირეთშიც ფართოვდება. ყოველწლიური ზრდა 8-10%-ს შეადგენს.

მან აღნიშნა, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტი პარამეტრებით ფოთის პორტს გადააჭარბებს. დღეს ფოთის პორტში ექვსი მსხვილი და ორი საშუალო ტერმინალი მოქმედებს, რომლებიც ნავსადგურიდან 30 კილომეტრში მდებარეობენ. კონტეინერები ხომალდებით ზღვიდან შემოდის, შემდეგ სპეციალურ მანქანებზე იტვირთება და საწყობებში მიდის. ფოთიდან ერევანში საავტომობილო გზით კონტეინერის ტრანსპორტირებას 9 საათი სჭირდება, რკინიგზით კი 2-3 დღე.

„ფოთისგან განსხვავებით, ანაკლიაში ტერმინალები ნავსადგურთან ახლოს იქნება განთავსებული. პორტი მიმზიდველი იქნება როგორც საკონტეინერო გადაზიდვების, ისე ტარიფების კუთხით", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

პრობლემები, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს უკავშირდება>>>

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ტარიფები ფოთის პორტთან შედარებით დაბალი იქნება, რაც საავტომობილო გადაზიდვებით დაკავებული კომპანიების ყურადღებას მიიქცევს, რომლებიც ახალი მარშრუტის გამოყენებას შეძლებენ. პერსპექტივაში გამორიცხული არ არის პორტიდან დანიშნულების ადგილამდე რკინიგზით გადაზიდვების დამატება. ყველა სამუშაოს ლოჯისტიკური ცენტრი გააკონტროლებს, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს კონტეინერების შენახვის, მიწოდების, ყველა საჭირო ოპერაციის ჩატარების ფუნქციას.

2012-დან 2017-მდე წლებში საქართველოდან სომხეთში რკინიგზით ტვირთების გადატანა 43%-ით შემცირდა და ადრინდელ 1,4 მლნ ტონასთან შედარებით, 0,8 მლნ ტონა შეადგინა.

 

230
თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (42)

ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში

27
(განახლებულია 10:16 15.07.2020)
პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას - საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან 16,8%-ით შემცირდა 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით და 4,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის") მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველოდან 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 16,2%-ით ნაკლებია.

იმპორტმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში დაახლოებით 3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში 1,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,2%-ს შეადგენს.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი – ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარ–მაისში 1,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,6%-ია.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი - 409,1 მლნ დოლარზე მეტი, აშშ - დაახლოებით 187,7 მლნ დოლარი, უკრაინა - 205,7 მლნ დოლარზე მეტი, სომხეთი - 216,5 მლნ დოლარზე მეტი, გერმანია - 168, 1 მლნ დოლარზე დოლარი, ბულგარეთი - დაახლოებით 175 მლნ დოლარი, იტალია - დაახლოებით 77,3 მლნ დოლარი.

საქართველო ასევე ვაჭრობს ევროკავშირის და დსთ-ის ქვეყნებთან.

კორონავირუსის აფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა – მიმდინარე წლის მაისში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33,2%-ით დაეცა, მათ შორის, ექსპორტი 30,6%-ით, იმპორტი კი 34,3%-ით.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

27
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
მშენებლობა

ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა

37
(განახლებულია 10:09 15.07.2020)
უძრავი ქონების გაყიდვის შემცირების პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოქალაქეებს ბინების შეძენის პროცესი გაუმარტივოს

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოში ამოქმედდა იპოთეკური კრედიტების სუბსიდირების პროგრამა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ბინის ყიდვა წლის ბოლომდე სურთ, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით, პროგრამის მიმართ კერძო სექტორის მხრიდან დიდი აქტიურობაა.

„ძალიან მალე ჩვენ უკვე საშუალება გვექნება, რომ ბანკებთან ერთად სტატისტიკა ვაწარმოოთ. აპლიკაციების მიღება დაწყებულია, უკვე მუშავდება და  პირველი ნაკადის სტატისტიკას აუცილებლად მალე მოგაწვდით“, – განაცხადა ხიდურელმა.

იპოთეკური სესხების სუბსიდირება ხორციელდება მთავრობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამშენებლო სექტორის დახმარებისკენაა მიმართული.

უძრავი ქონების გაყიდვის შემცირების პრობლემის გადაჭრის მიზნით ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოქალაქეებს ბინების შეძენის პროცესი გაუმარტივოს. ვისაც სურს ბინის შეძენა 2020 წლის ბოლომდე, მთავრობა მათი იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას მოახდენს. იპოთეკური სესხის 4%-ის სუბსიდირება ხუთი წლის განმავლობაში გავრცელდება ყველა საკრედიტო შეთანხმებაზე 200 ათას ლარამდე თანხის შემთხვევაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების თანახმად, იპოთეკური სესხები 20 წლამდე ვადით გაიცემა და ბინის შეძენის შემთხვევაში უზრუნველყოფის კოეფიციენტი 70%-ს შეადგენს; ანუ, სესხს ბანკი გასცემს. რადგან უზრუნველყოფის კოეფიციენტი 70%-ია, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების მიღების მსურველმა, რომელიც იპოთეკურ სესხს აიღებს, გადასახდელი 30%-დან მინიმუმ 10% უნდა დაფაროს, დანარჩენ 20%-ზე კი სახელმწიფო იძლევა გარანტიებს, რომლის თანახმად მყიდველს ამ თანხის გადახდა გადაუვადდება.

უფრო იაფად, ვიდრე გუშინ, ანუ შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!>>

გეგმის მიხედვით, მთავრობა იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მლნ ლარს გამოყოფს, იპოთეკური კრედიტების პორტფელზე სახელმწიფო გარანტიებისთვის  - 14 მილიონ ლარს.

პროგრამა წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე იმოქმედებს. საქართველოში ლიცენზირებული 15 ბანკიდან პროგრამაში ხუთი დაწესებულება მონაწილეობს. ახალ პირობებში ბინებს მოსახლეობას დაახლოებით 70 სამშენებლო კომპანია სთავაზობს.

საკრედიტო გარანტიების სქემა

ხიდურელის განცხადებით, ასევე დიდი აქტიურობაა საკრედიტო–საგარანტიო სქემის ნაწილშიც.

„რა თქმა უნდა, უფრო მეტი წილი რესტრუქტურირებულ სესხებზე მოდის, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ კვირაში უკვე პირველი რამდენიმე შემთხვევა გვექნება ახალი ბიზნესების, სადაც სახელმწიფო გარანტიაში შედის“, – აღნიშნა ხიდურელმა.

პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ კრედიტზე გარანტიის მოცულობა ნაცვლად სესხის არაუმეტეს 70%-ისა, იქნება 90%.

კორონავირუსი უძრავი ქონების ბაზარს ურტყამს: რა ელის სფეროს?>>

საკრედიტო–საგარანტიო უზრუნველყოფის სქემის მიხედვით, მეწარმე შეძლებს არანაკლებ 50 ათასი ლარის და არაუმეტეს 5 მლნ ლარის კრედიტის აღებას.

ასევე სახელმწიფო, კრედიტის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, 30%–ის უზრუნველყოფას მოახდენს.

37
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
იაკობ ბრეგვაძე

რატომ არ ჰქონდა აპარატში იაკობ ბრეგვაძეს წვეულების ფოტოები - გაბეჩავას პირველი კომენტარი

0
(განახლებულია 10:54 15.07.2020)
მცხეთაში, დაბადების დღის წვეულების ინიციატორი ანი გაბეჩავა დუმილს არღვევს. ნახეთ რა განცხადებებს აკეთებს გოგონა ფოტოგრაფთან დაკავშირებით

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ფოტოფრაფი იაკობ ბრეგვაძე მცხეთაში დაბადების დღის წვეულებაზე გვიან მივიდა და ამიტომ არ არის მის ფოტოაპარატში სავარაუდოდ, წვეულების ფოტოები, განუცხადა საბედისწერო ღამის იუბილარმა ანი გაბეჩავამ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორს ინტერვიუში.

ელისო კილაძემ გოგონა სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით ჩაწერა, სადაც ანი გაბეჩავამ დეტალურად ისაუბრა 19 ივნისის ღამის შესახებ. გაბეჩავას თქმით, შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იაკობ ბრეგვაძის, დაბადების დღეზე მისვლის შემდეგ, ჩხუბი მალევე დაიწყო. გაბეჩავა ამბობს, რომ იაკობ ბრეგვაძე მისი მეგობარია და დაბადების დღეზეც თვითონ დაპატიჟა

ანა გაბეჩავა ყვება, რომ იაკობ ბრეგვაძე მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სავარაუდოდ, ავტოსტოპით წავიდა თბილისში ლისის ტბაზე, სადაც მისივე თქმით, ჩაისვეს მანქანაში და წავიდნენ თემქაზე, სადაც სხვა ახალგაზრდებთან ერთად დილამდე გაჩერდნენ.

„გავუჩერეთ მანქანა და ვუთხარით, რომ წამოსულიყო ჩვენთან ერთად და წამოვიდა. გზაში მოგვიყვა, რომ მანქანით გაჩერდნენ, ეს გაიქცა და სადღაც დაიმალა, რის შემდეგაც დარეკა 112-ში და ჩამოიყვანეს თბილისამდე“, - ამბობს იუბილარი.

ანი გაბეჩავას თქმით, სწორედ თემქაზე ბინაში ასვლის შემდეგ გაიგეს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ნომერი არ ჰქონდათ.

18 ივნისს, გვიან საღამოს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება იყო, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებული გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სამი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით მიმართა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს ის მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

0
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე