ანაკლიის პორტის მშენებლობა

გერმანიის და ნიდერლანდების განვითარების ბანკები ანაკლიის პორტში ინვესტიციებს ჩადებენ

168
(განახლებულია 18:45 06.02.2019)
პორტის კაპიტალი სრულად შეივსო

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. გერმანიის განვითარების ბანკმა (DEG) და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს.

5 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირველად მოეწერა ხელი ოფიციალურ დოკუმენტს ანაკლიის პორტის მშენებლობაში ინვესტირებასთან დაკავშირებით.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის  ლევან ახვლედიანის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ გერმანიისა და ნიდერლანდების სახელმწიფო ბანკების შემოსვლით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და პროექტის მშენებლობის კაპიტალიც სრულად შეივსო. როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. შეთანხმების თანახმად, DEG-სა და FMO-ს წარმომადგენლები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდებიან.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასეთი ძლიერი ბანკების შემოსვლა ანაკლიის კონსორციუმში. ორივე მათგანი ევროპის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. მათი მონაწილეობა კიდევ უფრო სწრაფად განავითარებს ანაკლიის პროექტს და ორი დიდი სახელმწიფოს - გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ ჩვენი ქვეყნისადმი მეტ მხარდაჭერას განაპირობებს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

კონსორციუმის ინფორმაციით, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა დაასრულეს ანაკლიის პორტის პროექტის დეტალური შესწავლის პროცესი. გამოიკვეთა საკითხები, რომელთა საბოლოო შეჯერება 8 თებერვალს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთობლივ შეხვედრაზე მოხდება და ამის შემდეგ პროექტი ფინანსურად დაიხურება.

კონსორციუმის განცხადებით, გერმანიის განვითარების ბანკი (DEG) KfW-ის საბანკო ჯგუფის წევრია. KfW არსებობის 70-წლიან ისტორიას ითვლის და სახელმწიფო თანამშრომლობის პროექტებს ახორციელებს, DEG-ს ამოცანაა მნიშვნელოვან კერძო ბიზნესინიციატივებს შეუწყოს ხელი რეფორმების გამტარებელ ქვეყნებში.

FMO ნიდერლანდების საფინანსო ინსტიტუტია, რომელსაც 50-წლიანი ისტორია აქვს 9,2 მილიარდი ევროს საინვესტიციო პორტფელით. FMO კერძო სექტორის განმავითარებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა მსოფლიოში. ნიდერლანდების მთავრობასთან პარტნიორობის გამო მას განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, ინვესტირებას სხვა ქვეყნების კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში ახდენს და წვლილი შეაქვს შესაბამისი ქვეყნების მდგრადი განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საქმეში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხელისუფლების ყველაზე მასშტაბური პროექტია. მშენებლობის პირველ ფაზაზე 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. გასული წლის მარტის დასაწყისში კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი.

მშენებლობის პირველ ეტაპზე დაგეგმილია, რომ აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტეინერების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 16,8 მლნ ტონა იქნება.

მშენებლობა 52 წელი გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 76,5 მლნ ტონა იქნება.

168
თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (44)
ატმის მოსავალი კახეთში

ქართული ატამი და ვაშლატამა ექსპორტზე: სად და რამდენი გაიტანეს

13
(განახლებულია 21:08 03.08.2020)
ქართული ატამი და ვაშლატამა ძირითადად რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გააქვთ. ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოდან უკვე 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 6 521 ტონით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანია.

2 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთში ექსპორტირებულია 10 108 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 62% შეადგენს,  სომხეთში გატანილია 5 323 ტონა, (33%) ხოლო აზერბაიჯანში -543 ტონა (3%).

ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთში, მოლდოვაში, სლოვენიაში, უკრაინასა და სინგაპურში.

უწყების ცნობით, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია.

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის  კი სრული დატვირთვით 22 სამაცივრო მეურნეობა მუშაობს.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. 

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სირთულეების მიუხედავად, საქართველო შეუფერხებლად ახორციელებს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გახსნა „მწვანე დერეფანი“, რომლის წყალობითაც ექსპორტიორები ახერხებენ ხილის სწრაფად გატანას საზღვარგარეთ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებშიც კი.

ქართული ატმის იმპორტი რუსეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს>>

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების  დაკავშირების მიმართულებებით.

13
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ვალუტის კურსი

ლარის კურსი 3 აგვისტოს

347
(განახლებულია 21:56 02.08.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0719 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 3 აგვისტოს
347
თემები:
ლარის კურსი დღეს