ვის ჯიბეზე აისახება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 30 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. ამჟამად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6,75%-ს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთი ის ნიშნულია, რომლითაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ფულს ასესხებს. 

„რეფინანსირების განაკვეთის შემცირება პირდაპირ აისახება იმ მომხმარებლებზე, ვისი სესხიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, ეს თავისთავად შეამცირებს მათ ყოველთვიურ და საბოლოო შენატანს“, -  აღნიშნა გიორგი კეპულაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

„საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 72 745 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6,75%-მდე შეუმცირდათ.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
რატომ არის საჭირო დადებითი საგადასახადო ბალანსი

გიორგი კეპულაძის თქმით, ინფლაციის დაბალი დონის, საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტული სალდოსა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი იყო.

დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1,5% შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) საგრძნობლად ჩამოუვარდება. მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის სალდო პროფიციტული გახდა და 30,1 მლნ ლარი შეადგინა. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები (18%-ით) და ფულადი გზავნილები (9,1%-ით). იანვარში სტაბილურობით ხასიათდება გაცვლითი კურსიც (1 აშშ დოლარის ღირებულება 2,65 ლარის ნიშნულზეა).

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე, რამაც მოსახლეობას საგრძნობლად გაურთულა სესხებზე ხელმისაწვდომობა, მნიშვნელოვანია რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება, რაც გაზრდის წვდომას ფინანსებზე, შეარბილებს რეგულაციის მოქმედების უარყოფით ეფექტს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

გიორგი კეპულაძის აზრით, ეროვნული ბანკის მხრიდან იმის დაანონსება, რომ ის რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას აპირებს, მომავალში დადებითი ტენდენციის მატარებელი  შეიძლება იყოს სესხების საპროცენტო განაკვეთების შემცირების კუთხით.

თი-ბი-სი ბანკის სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
რატომ გახდა ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე სამიზნე

დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 3504,3 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

72 745 ხელშეკრულებიდან 20319 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 372,1 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრის მდგომარეობთ 16,5% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 26177 სესხია მიბმული, საშუალოდ 11,14%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1037 მილიონი ლარია.

22564 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1870,40 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 657,8 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14,7%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 იანვრის მონაცემებით 1212,6 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11,2%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 894 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15,195 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15,5%-ში გაასესხეს.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 იანვრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 30,68%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი ლარში კრედიტების ღირებულების დაწევას პროგნოზირებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასული წლის ივლისში სებ-მა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი დაიწყო.

საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკების შემცირებასთან ერთად, კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ შესუსტდა ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება.

„არსებული პროგნოზები წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომ შემცირებას ითვალისწინებს. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის (ნორმალიზაციის) პროცესის ტემპი დამოკიდებული იქნება ერთი მხრივ, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენა, ხოლო მეორე მხრივ, თუ რამდენად ძლიერი იქნება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 13 მარტს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0