მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს აკეთებს

98
(განახლებულია 00:08 11.01.2019)
საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ მსოფლიო ბანკის შეფასება ინვესტორების განწყობაზე დადებითად აისახება

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკის პროგნოზი დადებითად შეაფასა და ის რეფორმების აღიარებად მიიჩნია.

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ზრდას ვარაუდობს, ხოლო მომდევნო წლებში - 5,1%-ის დონეზე. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იქნება.

რატომაა საქართველო რეგიონში საუკეთესო Doing Business-2019-ის შეფასებით >>

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ მსოფლიო ბანკის ანგარიში ქვეყნის მთავრობის რეფორმების აღიარებად შეაფასა.

„მსოფლიო ბანკის საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზს საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები და 2019-2021 წლებში დაგეგმილი ინიციატივები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშის კომენტირებისას. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ენდობიან ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და მმართველობით სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას“, - განაცხადა გაგუამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბერიძემაც მსოფლიო ბანკის პროგნოზი მთავრობის რეფორმების აღიარებად შეაფასა.

„მსოფლიო ბანკის შეფასება იმ რეფორმების აღიარებაა, რომლებიც ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს ქვეყანაში და საკმაოდ მნიშვნელოვანია მრავალი ასპექტით. მსგავსი შეფასება დადებითად მოქმედებს ინვესტორების განწყობაზე, მათ სურვილზე ქვეყანაში განახორციელონ კომერციული საქმიანობა“, - განაცხადა მიქაბერიძემ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, ვარაუდობენ, რომ უკვე 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6% იქნება.

არჩევნები ხელს არ უშლის: საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპები დაჩქარდა >>

„საქსტატის“ მონაცემებით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,2% შეადგინა, ხოლო 11 თვეში - 4,6%.

98
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (132)