Tbilisi Mall

საქართველო Forbes-ის რეიტინგში: პირველი მეზობელ სახელმწიფოთა შორის

45
(განახლებულია 16:36 21.12.2018)
Forbes-ის მკვლევარების აზრით, საქართველოს სტრატეგიულმა მდებარეობამ საშუალება მისცა ქვეყანას, განხორციელებულიყო მთელი რიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ 44-ე ადგილი დაიკავა 161 ქვეყანას შორის ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალი Forbes-ის რეიტინგში, რომელმაც 2019 წლისთვის ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოავლინა. 

შესაბამისად, წინა წელთან შედარებით საქართველომ რვა პუნქტით გაიუმჯობესა პოზიცია. 

კვლევის ავტორები რეიტინგის შედგენისას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს დაეყრდნენ და საქართველო რამდენიმე პარამეტრით შეაფასეს: თავისუფალი ვაჭრობა — მე-4 ადგილი, სავალუტო თავისუფლება — 70-ე ადგილი, საკუთრების უფლება — 74-ე ადგილი, ინოვაციები — 83-ე ადგილი, ტექნოლოგიები — 45-ე ადგილი, ინვესტორთა დაცვა — მეორე ადგილი, ბიუროკრატია — მეორე ადგილი, კორუფცია — 43-ე ადგილი, პერსონალური თავისუფლება — 66-ე ადგილი, საგადასახადო ტვირთი — მე-16 ადგილი. 

„საქართველოს ეკონომიკის მთავარი აქტივობებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, როგორიცაა ყურძენი, ციტრუსი და თხილი; ასევე მანგანუმის, ქვანახშირისა და ოქროს მოპოვება; ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოება, ლითონების, სამანქანე მოწყობილობებისა და ქიმიკატების წარმოება მცირე საწარმოებში“, — ნათქვამია კვლევაში. 

Forbes-ის მონაცემებით, საქართველოს დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი აქვს, რომელიც მოცემულ მომენტში დიდწილად აკმაყოფილებს მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. 

გარდა ამისა, Forbes-ის მკვლევარების აზრით, საქართველოს სტრატეგიულმა მდებარეობამ საშუალება მისცა ქვეყანას, განხორციელებულიყო მთელი რიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთკავკასიური გაზსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. 

რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, 2019 წლისთვის ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში თურქეთი 57-ე ადგილზეა, სომხეთი — 81-ზე, აზერბაიჯანი — 70-ზე, ხოლო რუსეთი — 55 ადგილზე. 

რეიტინგის პირველ პოზიციას იკავებს დიდი ბრიტანეთი, ხოლო სულ ბოლოს — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.

45
გაზგამანაწილებელი სადგური

თურნავა: საქართველოს მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის მომწოდებლებთან წარმატებულია

38
(განახლებულია 18:55 28.05.2020)
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ პროცესს ხელს უწყობს ორი ფაქტორი – მსოფლიოში ბუნებრივ აირზე ფასის კლება და კონკურენტული ბაზრის პირობებში მომწოდებლებთან წარმატებული მოლაპარაკებები.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ქართული მხარის მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის ყველა მომწოდებელთან, მათ შორის, „გაზპრომთანაც“ არის წარმატებული, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასის შემცირების მიზნით „გაზპრომთან“ შეთანხმებას გადახედა.

თურნავამ აღნიშნა, რომ „გაზპრომთან“ კონტრაქტი არ არის ახალი და მას ხელი გასულ წელს მოეწერა – მიმდინარე წლის ბოლომდე ვადით. 

„კონტრაქტში კიდევ ერთი დაზუსტება შევიდა, რაც ემსახურება უფრო მეტად კონკურენტული გარემოს შექმნას საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ იგი კომერციული საიდუმლოებაა და ჩვენ კონკრეტულად ვერ ვისაუბრებთ ფასებსა და დეტალებზე, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ქართულ ბაზარზე ბუნებრივ აირზე საბითუმო ფასები იკლებს“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ფასების კლება ვრცელდება როგორც გაზგამანაწილებელ სადგურებზე, ისე საწარმოებზე.

„აქედან გამომდინარე, ეს არის სრულიად მისაღები, კომფორტული და კონკურენტული პირობები და თითოეული შემდგომი დაზუსტება ემსახურება პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ბაზარზე ფასების კლება კონკურენციის შედეგია.

„ფასები ბაზარზე, თქვენ თუ ატყობთ, იკლებს. ეს არის კონკურენციის შედეგი. ეს არის ჩვენსა და „გაზპრომს“ შორის დადებული შეთანხმების შედეგი. გარდა ამისა, ეს აზერბაიჯანული გაზის კლების ტენდენციაცაა. ისეთ რთულ რესურსშიც კი, რომელიც ჩვენთან პრაქტიკულად არ მოიპოვება – ნავთობი და ბუნებრივი აირი, კონკურენტული ვითარების წყალობით ჩვენ ფასების შემცირებას ვიწყებთ“, – აღნიშნა თურნავამ. 

მინისტრის თქმით, ამ პროცესს ხელს უწყობს ორი ფაქტორი – მსოფლიოში ბუნებრივ აირზე ფასის კლება და კონკურენტული ბაზრის პირობებში მომწოდებლებთან წარმატებული მოლაპარაკებები.

ქართულმა მხარემ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში გაზის მიწოდების თაობაზე შეთანხმებას 2019 წლის მარტში მოაწერა ხელი. ამჟამად მხარეებს შორის ტრანზიტთან დაკავშირებული ანგარიშსწორება მთლიანად მონეტიზებულია განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც საქართველო გატარებული გაზის 10%-ს ნატურით იღებდა. ახალი შეთანხმებით ტრანზიტის ღირებულება გაიზარდა, ხოლო შესყიდვის ფასი, თუ საქართველოს შესყიდვა დასჭირდება, შემცირდა.

ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად, საქართველოში 2020 წელს გაზის მოხმარება ნავარაუდევია 2,5 მილიარდი კუბომეტრის დონეზე. აქედან რუსეთიდან შემოვა 170 მლნ კუბომეტრი. დანარჩენის შემოტანა აზერბაიჯანიდან იგეგმება.

38
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
გიორგი გახარია

კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ

94
(განახლებულია 14:35 28.05.2020)
საქართველოს ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მასში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა სახის დახმარებაა შეტანილი.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი საქართველოს ეკონომიკის აღორძინების გეგმაზე მუშაობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეთა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას განახორციელებს>>

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ, ამავე დროს, აცხადებენ, რომ უკვე 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ –4%-მდე დაეცემა.

„ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები, დაახლოებით 1 800 მილიონი საბიუჯეტო სახსრების ნაწილში, 600 მლნ ლარით ჩვენ შევამცირებთ ხარჯებს, ეს იქნება 300 მლნ მიმდინარე ხარჯები და 300 მლნ კაპიტალური ხარჯები. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტ-ნაკლები ზიანისა და ზარალის გარეშე, ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში არ იქნება აქტუალური“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმის შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს როგორც სახელმწიფოს მიერ კრედიტების სუბსიდირებას, ისე მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას, საჭიროა 3 მლრდ ლარი.

გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (სსფ) დახმარებას მიიღებს.

„საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ დამატებით 1 500 მლნ დოლარიც არის მზად იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ლიკვიდობის პრობლემა. კორექტირებულ ბიუჯეტს ჩვენ უახლოეს პერიოდში, ეს იქნება უახლოესი კვირა, ან 10 დღე, შემოვიტანთ და ეს იქნება ის, სადაც გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია სსფ-თან და მასში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა სახის დახმარებაა შეტანილი.

„საქართველო ვერც ერთ დამატებით ხარჯს, დამატებით დახმარებას ვერ გასწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული“, – განმარტა პრემიერმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობა.

„გარდა ადგილობრივი ჯგუფებისა, ექსპერტებისა, ჩვენს პოსტკრიზისულ ეკონომიკური აღორძინების გეგმაზე მუშაობს კემბრიჯში ძალიან სერიოზული პროფესორების ჯგუფი და ამაში გვეხმარებიან ჩვენი დონორები, საერთაშორისო პარტნიორები, ისევე, როგორც ნიუ-იორკის Deloitte-ის ოფისიც“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა საზოგადოებას აპრილის ბოლოს წარუდგინეს. ის ითვალისწინებს ფულადი კომპენსაციების გაცემას უმუშევრად დარჩენილებისთვის, საგადასახადო შეღავათებს მეწარმეებისთვის, კრედიტების გადავადებას.

94
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ჯარიმა პარკირების წესების დარღვევისთვის

საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა იცვლება

0
მოქმედი კანონმდებლობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია, პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. პირებს, რომლებიც საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მის მიღებაზე უარს ორჯერ განაცხადებენ, ქვითრის ჩაბარება მაინც ჩაეთვლებათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, მათი ინიციატორები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

ინიციატორების განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზეზი არსებული პრაქტიკაა, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი ეფექტური არ არის. კერძოდ, პრობლემურია პირისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა.

„სამართალდამრღვევი მიმართავს სხვადასხვა ხერხს, რათა ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით ექვს თვეს შეადგენს, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. არსებული მონაცემებით, კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გაცემული ჯარიმების რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 50 პროცენტის აღსრულება ხდება. შესაბამისად, აღნიშნული ნათლად წარმოაჩენს აღწერილი აღსრულების მექანიზმის არაეფექტურობას“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიღებაზე უარს იტყვიან სამართალდამრღვევი პირის ოჯახის წევრები. ესენი კი არიან – მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, ბიძა, დეიდა, ბიცოლა, მამიდა და მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

მოქმედი კანონმდებლობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია, პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში