ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან

ჩინეთი საქართველოს ფაროსანას შესაწამლი ტექნიკით უსასყიდლოდ დაეხმარება

145
(განახლებულია 14:04 09.12.2018)
ტექნიკა მოიცავს შესასხურებლებით აღჭურვილ ბორბლებიან ტრაქტორებსა და სატვირთო პიკაპებს.

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ჩინეთი საქართველოს ფაროსანას შესაწამლ ტექნიკას უსასყიდლოდ გადმოსცემს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კონტრაქტს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხელი მოაწერეს სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკურმა და სავაჭრო კონსულმა უან ლიანპომ.

ტექნიკა მოიცავს შესასხურებლებით აღჭურვილ ბორბლებიან ტრაქტორებსა და სატვირთო პიკაპებს. პირველად ტექნიკურ მომსახურებას ჩინეთიდან ჩამოსული სპეციალისტები გაუწევენ. აღნიშნული ტექნიკა საქართველოში გაზაფხულზე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყებამდე შემოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლამდე აღნიშნულ ტექნიკას ჩაუტარდება ინსპექტირება, ხარისხისა და სპეციფიკაციების შემოწმება ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში 2019 წელს ექნება გაცილებით უკეთესი ტექნიკური შესაძლებლობა, რადგან არსებულ ტექნიკას დაემატება 20 ბორბლებიანი ტრაქტორი შემასხურებლით და 20 სატვირთო პიკაპი.

2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გასულ წელთან შედარებით უფრო მასშტაბური იყო. კერძოდ, ქიმიური პრეპარატებით 780 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა.

მიმდინარე წელს მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარი გამოუყო.

ქართველმა ინფექციონისტებმა ღამურების შესწავლა დაიწყეს >>

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და ის, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

145
თემები:
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (20)