ცხვრები

ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია  დაიწყო

83
(განახლებულია 13:10 10.11.2018)
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები ხელს შეუწყობს დაავადების და მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემცირებას.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის უფასო ვაქცინაცია, რაც პრეპარატის თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდით საქართველოში პირველად ხორციელდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.

სააგენტოს ვეტერინარები აცრებს კახეთის რეგიონში ატარებენ. დაავადების გავრცელებისა და რისკის ზონების გათვალისწინებით ვაქცინაცია აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც ეტაპობრივად ჩატარდება.

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები „ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების მონაწილეობით 2015 წელს შემუშავდა.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მსხვილფეხა პირუტყვის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) და ვაქცინაცია უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და სადიაგნოსტიკო კვლევები 545 ათას, ხოლო ვაქცინაცია 400 ათასამდე მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარდა“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები ხელს შეუწყობს დაავადების და მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემცირებას, უზრუნველყოფს ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის განთავსებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.

83
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (79)