ავტობანი რიკოტის უღელტეხილის მახლობლად

ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია შეასრულებს 

80
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი კომპანია ტენდერის შედეგად  გამოვლინდა

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group-ი შეასრულებს, იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კომპანიამ მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.  სატენდერო წინადადება სულ 10-მა კომპანიამ წარმოადგინა. 10 კომპანიიდან 7 იყო ჩინური, სამი - თურქული. გამარჯვებული  კი დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამოვლინდა.

სამშენებლო სამუშაოების სატენდერო ღირებულება 732,3 მილიონი ლარია, სამუშაოები სამ წელს გაგრძელდება, ხოლო დეფექტების აღმოსაფხვრელად კომპანიას კიდევ ორი წელი ეძლევა.

პროექტი ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

ამ  მონაკვეთზე 35 ახალი ხიდის (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით)  და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

ხევი-უბისას 12,2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რიკოთის უღელტეხილზე გაივლის, საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად  არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ.  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

80
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (404)