ვალუტის გადამცვლელი პუნქტი თბილისში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების მიზეზები ახსნა

69
(განახლებულია 17:43 06.11.2018)
სებ-ის განცხადებით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ლარის კურსზე უარყოფითად საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო მოქმედებს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

6 ნოემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ გახდა 2,7383 GEL/$1. მაგალითად, 26 ოქტომბერს ეს მაჩვენებელი 2,6986 GEL/$1 შეადგენდა. 

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც მოკლევადიანი მერყეობა ახასიათებს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება“, – ამბობს ეროვნული ბანკი. 

ეროვნული ბანკის ცნობით, დღეს ბაზარზე არსებული აშშ დოლარის ფასი გადაჭარბებულია და ეროვნული ბანკი მოსახლეობასა და ეკონომიკურ აგენტებს ურჩევს, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც, დიდი ალბათობით, მათვე დააზარალებს. 

ეროვნული ბანკი დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები. 

სებ-ის განცხადებით, ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოქალაქეებისთვის უმჯობესია სესხისა და შემოსავლის ვალუტა ერთი და იგივე იყოს. ასეთ შემთხვევაში მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან კურსის მოკლევადიანი მერყეობის მიმართ. 
ეროვნული ბანკი ასევე შეახსნებს მოსახლეობას, რომ მისი მიზანია საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა არ დაუშვას მაღალი ინფლაცია. 

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართა. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გრიგოლ ვაშაძემ (37,73%). ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ხოლო ვაშაძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წევრი. რადგან 50%-იანი ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა, ქვეყანაში მეორე ტური ჩატარდება.

არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორ კვირაში დაინიშნება. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო მეთაურს არაუგვიანეს 2 დეკემბრისა აირჩევენ.

69