ქართული პავილიონი გამოფენაზე

საქართველო ჩინეთში უმსხვილეს გამოფენაზე წარდგა

75
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთში, ქალაქ შანხაიში 5-10 ნოემბერს უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Import Expo – CIIE) იმართება, სადაც საქართველო საპატიო ქვეყნის სტატუსით არის მიწვეული, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

გამოფენის გახსნის ცერემონიას ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა. პრემიერმა ჩინეთის პრეზიდენტსა და გამოფენაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.

გამოფენაზე, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით იმართება, საქართველოს განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.

საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებულია როგორც სამთავრობო პროგრამების განმახორციელებელი უწყებების, ასევე საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს ქართული კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მიიღოს მისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია.

გამოფენაში მონაწილეობს 53 კომპანია, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებიც თავიანთ საექსპორტო პროდუქციას ფართო საზოგადოებას გააცნობენ და საშუალება ექნებათ მჭიდრო ბიზნეს-კავშირები დაამყარონ საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან.

სააგენტოს ცნობით, გამოფენის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრები, ორმხრივი სესიები კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ბევრი სხვადასხვა ღონისძიება, რაც საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად შანხაიში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

საქართველო ჩინეთთან ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვაჭრობს. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის. 2017 წლის ცხრა თვეში სავაჭრო ბრუნვამ 640,6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ჩინეთში გააქვთ სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სპირტიანი სასმელები და, რა თქმა უნდა, ღვინო.

საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ერთდროულად გაფორმებული აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან, რაც ქართულ კომპანიებს, ისევე, როგორც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, მრავალრიცხოვან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

 

75
თემები:
აწარმოე საქართველოში (26)