კომპანია „ყაზტრანსგაზი

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია ოფშორში მიდის

110
(განახლებულია 19:23 08.10.2018)
კომპანიის ახალი მფლობელი დედაქალაქის მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას გააგრძელებს

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. კომპანია WALTBAY LTD–მ, რომელიც რეგისტრირებულია მარშალის კუნძლებზე და არის ქართული ბიზნეს–ჯგუფის Caucasus Business Solution (CBS) შვილობილი კომპანია, ხელი მოაწერა შეთანხმებას და „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კომპანიაში განმარტეს, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წილის შეძენა ყაზახური მხარის მიერ გასხვისების პროცესის ტექნიკური ნაწილის გამარტივების მიზნით მოხდა და ჯგუფი „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წილს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას უახლოეს მომავალში გადმოსცემს.

„კომპანია WALTBAY LTD მზადაა მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რაც მოსახლეობის ბუნებრივი აირით ხარისხიან და უსაფრთხო მომარაგებას გულისხმობს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

Caucasus Business Solution, ანუ „სი ბი ეს ჯგუფი“ 2013 წლის მარტში დაფუძნდა. მისი პარტნიორები არიან: Caucasus Online, „თბილისის მიკროავტობუსი“, შპს ,,მობიტელი’’ („ბილაინი“), „ჯორჯიან სერვის ნეთვორქი“ (Georgian Service Network (GSN) და TÜV Rheinland.

შპს „ყაზტრანსგაზ–თბილის“ სს „ყაზტრანსგაზმა“ 2006 წელს შექმნა, როდესაც „ყაზტრანსგაზსა“ და საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი დედაქალაქისა და მისი მიმდებარე რაიონების გაზით მომარაგების თაობაზე.



110