რძის გადამამუშავებელი საწარმო

უკანაფშავში დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოება იწყება

80
(განახლებულია 15:44 07.10.2018)
სახელმწიფო  პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 29 მუნიციპალიტეტს მოიცავს

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. დუშეთში, სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება, ნათქვამია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საააგენტოს ინფორმაციით, უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში  შენდება.

„რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო (1,5 ტონა წარმადობა) უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. აღსანიშნავია რომ დაიწყება ტრადიციული პროდუქტის - დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საწარმო  პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „ფხოვი 2017“ საკუთრებაში თანადაფინანსებით გადაეცემა. კერძოდ, მთლიანი  საფასურის 25 % -ს  კოოპერატივი  8 წლის განმავლობაში გადაიხდის.

ასევე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  კოოპერატივს 25–წლიანი იჯარის უფლებით 678 ჰა სათიბ-საძოვარი გადაეცემა.

„საქონლის საკვებწარმოებისათვის 90%-იანი თანადაფინანსებით კოოპერატივმა მიიღო 60 ცხენისძალიანი ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობს გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად  ახორციელებს,  რაციონალურად ხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და  მფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და  შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, ასევე  სხვა საჭირო ინვენტარი.

სახელმწიფო  პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 29 მუნიციპალიტეტს მოიცავს. 

80