ბენზინგასამართი სადგური

რატომ იზრდება ბენზინის ფასი საქართველოში

135
(განახლებულია 09:30 04.10.2018)
ბენზინის ფასის ზრდის ერთ–ერთი ფაქტორი ლარის კურსის ვარდნაა.

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასმა სექტემბერში საშუალოდ 5–8 თეთრით მოიმატა, ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საცალო ქსელში საწვავის ფასი საქართველოში ორ მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული – ესაა ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი Platt's–ის მიხედვით და ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ.

„სექტემბრის თვეში ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა. კერძოდ, აგვისტოს თვის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით შეადგენდა 2,4484 ერთეულს, სექტემბრის თვის დასაწყისში – 2,5789 ერთეულს, ხოლო თვის ბოლოს – 2,6151  ერთეულს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საწვავის საშუალო ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში

ბენზინი სუპერი 2,57-2,68 ლარი ერთ ლიტრზე
ბენზინი პრემიუმი 2,47–2,60 ლარი ერთ ლიტრზე
რეგულარი 2,34-2,52 ლარი ერთ ლიტრზე
ევრო დიზელი 2,50-2,64 ლარი ერთ ლიტრზე

მიმდინარე კურსი – 1 აშშ დოლარი – 2,6 ლარი.

ფასები იზრდება

ნავთობის საერთაშორისო ფასები სექტემბერში, ძირითადად, გაიზარდა ლონდონის ნავთობის ბირჟაზე Inter Continental Exchange Futures Europe.

„თვის განმავლობაში ფასი გაიზარდა საშუალოდ 5,24 დოლარით/ბარელზე ანუ 6,77%-ით და დღეისათვის შეადგენს 82,67 დოლარს/ბარელზე... წლის დასაწყისში ბარელი ნავთობი შეადგენდა საშუალოდ 67 დოლარს. ნავთობის ამჟამინდელი ფასი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას 2014 წლის ნოემბრის თვის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტეს, რომ ამ ეტაპზე ნავთობზე ფასების ზრდა განპირობებულია გარკვეული ფაქტორებით: ნოემბრიდან ამოქმედდება სანქციები ირანის წინააღმდეგ და, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ნავთობის ექსპორტი ამ ქვეყნიდან მნიშვნელოვნად შემცირდება.

„მიმდინარე ეტაპზე ინდური და ჩინური კომპანიები მასობრივად აცხადებენ უარს ირანული ნავთობის შესყიდვაზე. აშშ ავლენს პრინციპულ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც გახლავთ ის და მისი მიზანია, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი დავიდეს ნულამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, შესაძლებელია, რომ საუდის არაბეთმა უახლოეს პერიოდში დაიწყოს ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის გაზრდა ყოველდღიურად 0.5 მლნ ბარელით, რაც პოზიტიურად აისახება ფასების შემცირებაზე.

„თუმცა ეს დამოკიდებულია ქუვეითთან მოლაპარაკებებზე ამ ორი ქვეყნის ნეიტრალურ ზონაში ნავთობის მოპოვების განახლებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავენ იმპორტიორთა კავშირში.

 

135