რას ყიდის და ყიდულობს საქართველო

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტში
ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიზნით საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც აპირებს ახალ ბაზრებზე გასვლას.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოდან ექსპორტზე დაახლოებით 2,15 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 27,1%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

წლის დასაწყისიდან ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე დაახლოებით 1,51 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 13,5%-ით მეტია.

საქართველოში 2018 წლის რვა თვეში შემოიტანეს თითქმის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია – 21%-ით მეტი, ვიდრე 2017 წლის იანვარ-აგვისტოში.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის იანვარ–აგვისტოში, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 22,6%-ით გაიზარდა და 8,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველომ ღვინის ექსპორტისგან რვა თვეში 125,5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ–აგვისტოში შეადგინა 3,8 მლრდ დოლარზე მეტი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 47%-ია.

რას ვყიდით

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა.

ამ პერიოდში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 23,1%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების — 15%-ით, ფეროშენადნობების – 10%–ით, მსუბუქი ავტომობილების — 98,1%-ით, მინერალური წყლების – 17,2%–ით, სიგარების, სიგარილის ან სიგარეტის – 589,2%–ით და სხვ.

ამავე დროს, 0,8%-ით შემცირდა სამკურნალო საშუალებების ექსპორტი.

რას ვყიდულობთ

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვა.

ქართული ჭაჭა ორიგინალურ ჭურჭელში - Sputnik საქართველო
ქართული ბრენდის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2018 წლის რვა თვეში გაიზარდა 11,3%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 38,3%-ით, გამომთვლელი მანქანების — 69,5%-ით, ხორბლის – 8,8%–ით, ნავთობის გაზისა და აირადი ნახშირწყალბადების - 0,2%-ით და სხვ.

ამავე დროს, სატელეფონო აპარატების იმპორტმა 4%-ით იკლო, ხოლო სამკურნალო საშუალებების - 0,8%-ით.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებად 2018 წლის დასაწყისიდან რჩებიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — რვა თვეში ამ ქვეყნებთან ბრუნვამ დაახლოებით 2,73 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 33,7%-ს შეადგენს.

საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2018 წლის იანვარ-აგვისტოში 1,12 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია; სავაჭრო ბრუნვა ამ პერიოდში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 12,2%–ით გაიზარდა.

საგარეო ბრუნვამ რუსეთთან წლის დასაწყისიდან დაახლოებით 879,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 10,9%-ია, ხოლო ბრუნვის ზრდა – 22%.

საქართველოსა და ჩინეთს შორის საგარეო ბრუნვამ 727,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 9%-ია, ხოლო ზრდა - 31,3%.

საქართველო ასევე ვაჭრობს აზერბაიჯანთან (666,8 მლნ დოლარი), უკრაინასთან (433,2 მლნ დოლარი), სომხეთთან (405,7 მლნ დოლარი), აშშ-თან (333,8 მლნ დოლარი), გერმანიასთან (319,2 მლნ დოლარზე მეტი), საფრანგეთთან (205,9 მლნ დოლარზე მეტი), ბულგარეთთან (268,8 მლნ დოლარი).

ღვინის მაღაზია თბილისში - Sputnik საქართველო
ამერიკელმა იმპორტიორებმა 100-მდე ქართული ღვინო დააგემოვნეს

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 21,4%-ით მეტია. ექსპორტმა ამ თანხიდან შეადგინა 455,8 მლნ დოლარი - 11,4%-ით მეტი, ხოლო იმპორტმა - 1,751 მლრდ დოლარი - 24,3%-ით მეტი. ევროკავშირის ქვეყნების წილმა მთლიან უარყოფითი სავაჭრო ბალანსში 34% შეადგინა.

საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

საქართველო ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ–ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის რვა თვეში 2,77 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32,6%-ით მეტია. დსთ-ის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 34,6%-ია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ექსპორტის ზრდის დინამიკა 2016 წლიდან შეინიშნება, ხოლო მიმდინარე წლის მაისში რეკორდული – 50,2-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

სამინისტროში ამას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის გასაღების ბაზრის გეოგრაფიის ზრდით.

 

ყველა ახალი ამბავი
0