Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიFitch Ratings
Fitch Ratings - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შეფასება პირველად 2007 წლის ივლისში განხორციელდა.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს შეუნარჩუნა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" პოზიტიური პერსპექტივით, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ პოზიტიური პერსპექტივით მიმდინარე წლის აპრილში მიენიჭა. მანამდე ქვეყანას მინიჭებული ჰქონდა „BB“ რეიტინგი სტაბილური პროგნოზით.

„საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის შეფასება მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის, ხელს უწყობს საქართველოს მიმართ ნდობის შენარჩუნებას და ეკონომიკის განვითარებას, რადგან სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში ხაზგასმულია ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აღინიშნება", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

Fitch - Sputnik საქართველო
საქართველო საკრედიტო რეიტინგის გაზრდის იმედს გამოთქვამს

უწყების ცნობით, სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ხაზს უსვამს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობას და დადებითად აფასებს პროგრამის წარმატებით მიმდინარეობას. ასევე პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოს, რომელიც „BB" კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებელზე მაღალია.

ამასთან ერთად პოზიტიურ პროცესად არის დასახელებული ფისკალური დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც, Fitch-ის პროგნოზით, 2018-2019 წლებში ქვეყანაში 2,6%-მდე შემცირდება.

„მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო კომპანიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ინფლაციის დონე და Fitch-ის პროგნოზი თანხვედრაშია ქვეყნის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან", — აღნიშნულია განცხადებაში.

ფინანსთა უწყების შეფასებით, მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო კომპანიის აღნიშნული ანგარიში ადასტურებს მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციას და პოზიტიურად აფასებს იმ ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch საკრედიტო რეიტინგის საფეხურებს ლათინური ასოების შესაბამისად ყოფს – მინიმალური D-დან მაქსიმალურ AAA-მდე. რეიტინგთან ერთად მნიშვნელოვანია რეიტინგის პერსპექტივა, რომელიც შესაძლებელია იყოს ნეგატიური, სტაბილური ან პოზიტიური და უახლოეს მომავალში რეიტინგის ცვლილების მოსალოდნელ მიმართულებას აღნიშნავს.

Fitch-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შეფასება პირველად 2007 წლის ივლისში განხორციელდა და ქვეყანას BB- რეიტინგი მიენიჭა სტაბილური პერსპექტივით. BB- საშუალო დონის შეფასებაა და უმაღლეს AAA დონემდე 12 საფეხური აშორებს.

ყველა ახალი ამბავი
0