რას ავალდებულებს კომერციულ ბანკებს ეთიკის კოდექსი

© Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოდექსით განსაზღვრულია ეთიკის ის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის სტანდარტები, რომლებსაც კომერციული ბანკები პროფესიული საქმიანობისას უნდა იცავდნენ.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ეთიკის კოდექსი დაამტკიცა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.

„კოდექსის მიზანია საბანკო სექტორში ეთიკისა და საბანკო პროფესიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორისა და ბანკირის პროფესიის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას"-აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

კოდექსის თანახმად, ბანკები ვალდებულები არიან იმოქმედონ პატიოსნად, კომპეტენტურად, ყურადღებით, პატივისცემითა და ეთიკის ნორმების სრული დაცვით საზოგადოების, მომხმარებლების, დამსაქმებლების, დასაქმებულების, საბანკო სექტორისა და ზოგადად, საფინანსო ბაზრის სხვა მონაწილეების მიმართ; პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ საბანკო პროფესიისა და მომხმარებლის ინტერესები; პროფესიული საქმიანობისას იმოქმედონ გონივრული პროფესიული სიფრთხილითა და დამოუკიდებელი განსჯით; ხელი შეუწყონ საბანკო სექტორისა და ზოგადად, საფინანსო ბაზრის კეთილსინდისიერებასა და მდგრადობას საერთო საზოგადოებრივი სარგებლისთვის; იზრუნონ საკუთარი და სხვების პროფესიული კომპეტენციის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე.

თბილისის იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი საბროკერო კომპანიების კლიენტებს იცავს

„ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის". საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 9 ივლისის ბრძანებით დამტკიცდა.

კოდექსით განსაზღვრული პრინციპები და სტანდარტები სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების ჩარჩოს დაეფუძნა, რომელიც საფინანსო ბაზარზე საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული სახელმძღვანელო სტანდარტია.

ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული კოდექსის პროექტი ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში გამოაქვეყნა. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეებს კოდექსის დამტკიცებამდე საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ კოდექსის პროექტს და მასთან დაკავშირებული მოსაზრებები და კომენტარები მიეწოდებინათ ეროვნული ბანკისთვის.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ დოკუმენტი მომავალშიც დაექვემდებარება განახლებას კოდექსის ჩარჩოსთან დაკავშირებით დამატებითი ინტერპრეტაციებისა და დაზუსტებების გაკეთების საჭიროების შემთხვევაში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0