ქართული ღვინო

იაპონიაში ქართულ ღვინოს უფრო მარტივად და იაფად შეიტანენ

75
(განახლებულია 19:17 09.07.2018)
იაპონიის საბაჟოზე ქართულ ლაბორატორიებში შემოწმებულ ღვინოს განმეორებით აღარ შეამოწმებენ.

თბილისი,  9 ივლისი  — Sputnik.  იაპონიაში ქართული ღვინის შეტანის პროცედურები მარტივდება, იუწყება ღვინის  ეროვნული სააგენტო.

„იაპონიაში დარეგისტრირებული  უცხოური ლაბორატორიების ჩამონათვალს ოთხი ქართული ლაბორატორია დაემატა, სადაც შემოწმებული ქართული ღვინის დამატებით შემოწმება იაპონიის საბაჟოზე უკვე აღარ მოხდება და ეს  იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის პროცედურებს საგრძნობლად გაამარტივებს“, – აღნიშნავენ  ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ტოჩინოშინი იაპონიის წამყვან მედიასაშუალებებს ქართული ღვინის საწარმოო პროცესს გააცნობს>>>

სააგენტოს ცნობით, აქამდე იაპონიის საბაჟოზე საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დამატებითი ლაბორატორიული  შემოწმება და სერტიფიცირება ხდებოდა. ეს დაკავშირებული იყო დამატებით ხარჯებთან  და პროცედურულ სირთულეებთან, რომლებსაც აწყდებოდნენ ქართული ღვინის იმპორტით დაკავებული კომპანიები.  საბოლოო ჯამში კი  ყველაფერი ქართული ღვინის ღირებულებაზე აისახებოდა. 

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად   იაპონიაში საქართველოს საელჩოს წინადადებით მიმართა. საელჩომ საქართველოდან გამოითხოვა იმ ლაბორატორიების  სია, რომელთა   დარეგისტრირებასაც იაპონური მხარე  მიზანშეწონილად ჩათვლიდა.

 „რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და ტექნიკური დეტალების დაზუსტების შემდეგ, იაპონურმა მხარემ საქართველოს საელჩოს მიერ მიწოდებული ლაბორატორიებიდან  „საზღვარგარეთის ოფიციალური ლაბორატორიების“  ჩამონათვალში შემდეგი ლაბორატორიები შეიყვანა: შპს „ღვინის ლაბორატორია“, შპს „ნორმა“, „შპს „მულტიტესტი“ და შპს „ექსპერტიზა+“, – განაცხადეს  სააგენტოში.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 130 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 200%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.


75
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (343)