სასოფლო-სამეურნეო მიწები

უნდა იყოს თუ არა მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი უფრო მაღალი, ვიდრე დღეს არის?

401
(განახლებულია 15:15 02.07.2018)
საქართველოს ახლადდამტკიცებულმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საყურადღებო რამ ბრძანა, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მსგავსი რამ აქამდე საჯაროდ არ უთქვამთ.

„დღეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ჩვენი მოსახლეობის 50%, რა თქმა უნდა, ეს იწვევს მხოლოდ სიღარიბეს და ვერ იწვევს განვითარებას“, – განაცხადა ბახტაძემ.

არადა, აქამდე ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა. ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდის წარმომადგენლები სხვა უამრავ დაპირებასთან ერთად თითოეული სოფლის მილიონობით ლარით დახმარების და იქ მცხოვრებთა ხელშეწყობის პირობას დებდნენ. 2012 წლამდეც და მერეც არაერთი ე.წ. ექსპერტისგან თუ რიგითი ადამიანისგან გვსმენია, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს ტრადიციული მიმართულებაა და ხელისუფლების მხრიდან დარგის მიმართ არასათანადო ყურადღება ტრადიციის დაკარგვასთან ერთად ქვეყანას შემოსავალსაც აკარგვინებს.

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის საწყის პერიოდში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მოტივით მილიონობით ლარის საბიუჯეტო რესურსიც დახარჯა. მთავრობამ, ბიძინა ივანიშვილის დაპირების შესაბამისად, 2013-2016 წლებში უფასო ხვნის პროგრამაც კი შეიმუშავა, რაზეც ყოველწლიურად 40-45 მილიონი ლარი იხარჯებოდა. ამის მიუხედავად დარგში ეკონომიკური ვარდნაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორის ეკონომიკურმა ვარდნამ 2.2% შეადგინა…

სწორედ ამ ფონზე იყო საინტერესო ბახტაძის განცხადება – სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის ნახევრის საქმიანობა სიღარიბის მიზეზიაო. მოკლედ, თუ მართლა იმის თქმა უნდოდა, რაც თქვა და თუ აზრი არ შეიცვალა, ნამდვილად სწორს ამბობს ამ შემთხვევაში ახალი პრემიერ-მინისტრი.

მშპ-ის სტრუქტურა საქართველოში

რადგან სოფლის მეურნეობა დღესაც ბევრს მიაჩნია პრიორიტეტულ მიმართულებად და ეკონომიკის განვითარების რეცეპტად, ვნახოთ, როგორია აგრარული სფეროს წილი ქვეყნის მთელ ეკონომიკაში. „საქსტატის“ ბოლო კვარტალური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა
photo: courtesy of Temur Ioseliani
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა

საინტერესოა მსოფლიო ბანკის მაჩვენებლები. საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში პროდუქციის გამოშვება უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტში სეზონურად 7.8%-დან 10.3%-მდე მერყეობს.

2016 წელს სოფლის მეურნეობის დარგის წილი მშპ-ში 8,9% იყო. წინა ათწლეულების შემთხვევაში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თუ 1989 წლამდე სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 24% იყო, 1991 წლიდან, როცა მრეწველობაც და ვაჭრობაც ლამის მთლიანად განადგურდა, სოფლის მეურნეობის წილმა მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილმა რეკორდულ მაჩვენებელს 1994 წელს მიაღწია და მთლიან ეკონომიკაში 65.86%-ს გადააჭარბა. მას შემდეგ სოფლის მეურნეობის წილმა შემცირება დაიწყო და 2004 წელს 17%-მდე ჩამოვიდა. 2008 წლის შემდეგ კი 8-9%-ის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილის გაზრდის მომხრეთა გასაწბილებლად მსოფლიო ქვეყნების მაჩვენებლები გამოდგება. სხვადასხვა ქვეყნების მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი შემდეგია:

ჩინეთი — 8.6%

ჩეხეთი — 2.5%

დანია — 0.9%

ესტონეთი — 2.6%

ფინეთი — 2.7%

საფრანგეთი — 1.6%

გერმანია — 0.6%

ირლანდია — 1%

იტალია — 2.1%

ლუქსემბურგი — 0.3%

ნიდერლანდები — 1.8%

ნორვეგია — 2.4%

კატარი — 0.2%

საუდის არაბეთი — 2.7%

ესპანეთი — 2.8%

გაერთიანებული სამეფო — 0.6%

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 8.6%-ია, მრეწველობას 27.1%, ხოლო მომსახურების სფეროს 64.3% უჭირავს. აზერბაიჯანში აგრარულ სექტორზე 5.7% მოდის, მრეწველობაზე – 61.2%, ხოლო მომსახურების სფერო 33.2%-ია. სომხეთში სოფლის მეურნეობის წილი შედარებით მაღალია და 19.4%-ს შეადგენს, მრეწველობა 28.7%-ია, ხოლო მომსახურების სფეროს წილად 51.9% მოდის. რუსეთში სოფლის მეურნეობა მთელ ეკონომიკაში 4,7%-ს იკავებს, როცა მრეწველობის წილად 32.2% მოდის, ხოლო მომსახურების სფერო 62.3%-ია.

საინტერესო უნდა იყოს ისრაელის მაგალითი. მთლიან ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი მხოლოდ 2.3%-ია, თუმცა, ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია და აღიარებული ლიდერი აგრარული ტექნოლოგიების დარგში.

საინტერესო მაგალითია საფრანგეთი, სადაც სოფლის მეურნეობა მთელი ეკონომიკის მხოლოდ 1.6%-ია, აგრარულ მიმართულებაში დასაქმებულთა რაოდენობა კი დაახლოებით 750 000 ადამიანია. საქართველოში აგრარულ სფეროში დასაქმებულად ითვლება 1.1 მილიონი ადამიანი. ანუ, 65-მილიონიან საფრანგეთში ბევრად ნაკლებია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული, ვიდრე 4-მილიონიან საქართველოში. ამ დროს საფრანგეთი მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში.

ერთი-ორი ის ქვეყანაც ვახსენოთ, სადაც მთლიან ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი მაღალია. მაგალითად, სომალი, სადაც აგრარულ სექტორს 60%-ზე მეტი უჭირავს და ქვეყნის მოსახლეობის 71%-ია ჩართული; ეთიოპიის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილად

35%-ზე მეტი მოდის, უგანდაში მთელი მოსახლეობის 71%-ზე მეტია ჩაბმული და ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით ამდენივე, 71% მოდის აგრარულ სექტორზე… ღატაკი ქვეყნების სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა, ვფიქრობთ, თვალსაჩინოებისთვის ეს მაგალითებიც საკმარისია.

ასე რომ, როდესაც ვინმე იმის მტკიცებას დაიწყებს, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი უნდა იყოს სოფლის მეურნეობაში ჩაბმული, ან ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი უნდა გაიზარდოსო, ან ეკონომიკის საკითხებში საერთოდ ვერ ერკვევა, ან, უბრალოდ, იტყუება.


თემურ იოსელიანი

401
ვალუტის კურსი

ლარის კურსი 3 აგვისტოს

197
(განახლებულია 21:56 02.08.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0719 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0052 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 3 აგვისტოს
197
თემები:
ლარის კურსი დღეს
ალუნიმისა და მეტალო–პლასტმასის პროდუქციის საწარმო

ალუმინისა და მეტალო–პლასტმასის პროდუქცია საქართველოდან: ქუთაისში საწარმო გაიხსნა

106
(განახლებულია 15:47 02.08.2020)
საწარმოში თავიდან 15 ადამიანის დასაქმება იგეგმება, თუმცა, გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

თბილისი, 2 აგვისტო  — Sputnik.  ქუთაისში ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც ალუმინისა და მეტალო–პლასტმასის პროდუქციას გამოუშვებს,  იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო.

იგი  მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა.  საწყის ეტაპზე პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია იგეგმება. 

 „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების გახსნა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. განახლებული პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ შესაძლებელი გახდება უფრო მეტი საწარმოს მხარდაჭერა. რაც შეეხება სამშენებლო მასალათა ბაზარს, ის ძალიან პერსპექტიულია - ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი რესურსი, ასევე მოთხოვნა ჩვენს ბაზარზე და ექსპორტის დიდი პოტენციალი“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.  

საწარმოში 700 ათასი ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. თავდაპირველად ადგილზე 15 ადამიანის დასაქმება იგეგმება, თუმცა, გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

კორონავირუსის პანდემიამ გამოწვევის წინაშე დააყენა არა მხოლოდ ქართული ბიზნესი, არამედ ასევე სახელმწიფო სააგენტოც, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაა. ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობამ გააფართოვა პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და ის ახლა 300-ზე მეტი სახის ბიზნეს-საქმიანობას მოიცავს.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.

2014 წლიდან სააგენტომ მხარი დაუჭირა 359 სამეწარმეო პროექტს, რომლის შედეგადაც ქვეყანაში 13 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა. გასუ წელს დაფინანსდა 85 პროექტი, რაც 31%–ით მეტია 2018 წელთან შედარებით.

19%–ით გაიზარდა კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციები. სააგენტოს ხელშეწყობით 2019 წელს ქვეყანაში ხუთი ახალი საინვესტიციო პროექტი გაჩნდა, რომლებმაც ქვეყანას 83 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოუტანა და 850 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

106
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ტედროს ადანომ გებრეისუსი

„შესაძლოა არც არასდროს შეიქმნას“: ჯანმო COVID-19-ის იდეალური საშუალების შესახებ

0
(განახლებულია 16:15 03.08.2020)
ჯანმოს გენერალური დირექტორი იმედს არ კარგავს, რომ მსოფლიოში მიმდინარე კლინიკური გამოცდები რამდენიმე ეფექტურ ვაქცინას გამოავლენს

 თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. ამ დროისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ იდეალური პრეპარატი არ არსებობს და შესაძლოა არც არასდროს შეიქმნას, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, ახლა არაერთი ვაქცინა გადის კლინიკური გამოცდების მესამე ფაზას და არსებობს იმედი, რომ მსოფლიო „რაღაც რაოდენობის ეფექტურ ვაქცინას მიიღებს“.

„მაგრამ ამ მომენტისთვის არ არსებობს იდეალური საშუალება და გამორიცხული არ არის, რომ მან არც არასდროს იარსებოს“, ― განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ორშბათს გამართულ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 17 889 134 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 686 145 კაცი გარდაიცვალა.

 

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში