ექსპორტი

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა: ექსპორტი მეოთხედით გაიზარდა

55
(განახლებულია 12:52 15.06.2018)
მაისში ქართული პროდუქციის ექსპორტის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. 2018 წლის იანვარ–მაისში ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა და 1,29 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში. 

2018 წლის დასაწყისიდან საქართველოში შემოიტანეს 3,61 მლრდ აშშ დოლარზე მეტი პროდუქცია – 23,3%-ით მეტი 2017 წლის იანვარ–მაისთან შედარებით. 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ–მაისში 2,325 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 47,5%-ია.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე დადებითად აისახება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მიმდინარე და წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

მაისში ექსპორტმა რეკორდს მიაღწია

2018 წლის მაისში საქართველოში ექსპორტის რეკორდული 50,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გაიზარდა იმ ქვეყნების გეოგრაფია, რომლებთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გვაქვს და ეს სია მალე ჰონგ-კონგით და სხვა სტრატეგიული ბაზრებით შეივსება“, – თქვა ქუმსიშვილმა. 

გარდა ამისა, მთავრობა ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების რეალიზებას ახორციელებს, რომლებიც ხელს უწყობს ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოებას, აღნიშნა მან.

„ამასთან ერთად ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ ახალი ბაზრების ათვისება“, – აცხადებს ქუმსიშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ექსპორტის დინამიური ზრდა 2016 წლიდან ფიქსირდება, რასაც ხელი შეუწყო როგორც გარე, ისე შიდა დადებითმა ტენდენციებმა. 2017 წელს ექსპორტი 29,3%-ით გაიზარდა და 2,731 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდას რიგ ფაქტორებთან ერთად ხელი შეუწყო საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდამ.

„საქართველის მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციასა და შემდგომ ზრდაზე. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი შეთანხმებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ბაზრის გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის შესაძლებლობას საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდისთვის“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

55
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (362)