ქართული ღვინო იაპონიის დასაპყრობად ემზადება

© photo: National Wine Agency of Georgiaქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია იაპონიაში
ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია იაპონიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონელმა ბიზნესმენებმა ქართული ღვინის გაყიდვებით დაინტერესება გამოხატეს

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. იაპონურ ქალაქ უცუნომიაში იაპონიის დისტრიბუტორების, რესტორნების და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების მონაწილეობით ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია შედგა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ღონისძიება, რომელშიც 50-მდე სტუმარი მონაწილეობდა,  ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაშის და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოიკი ოკოშის თაოსნობით გაიმართა.

სემინარზე წარმოდგენილი იყო 6 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „შატო მუხრანი“ — რქაწითელი, „თელედა/ორგო“ — რქაწითელი, „შუმი/ხაზი იბერიული“ — მწვანე, „შალაური“ — მწვანე“, „შალაური“ — საფერავი“ და „შუმი/ხაზი იბერიული“ — მუკუზანი. 

სემინარის დასრულების შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ კიდევ 20-მდე დასახელების ქართული ღვინო. აღსანიშნავია, რომ კენიჩი ოჰაში ყოველ ღონისძიებაზე საუბარს პირველი ქართველი ოძეკით, პროფესიონალი სუმოისტით ტოჩინოშინით (ლევან გორგოძე) იწყებს, რაც იაპონიაში საქართველოს და ქართული ღვინის ცნობადობას ზრდის.

რა განიხილეს ამერიკელმა იმპორტიორებმა ქართულ მხარესთან >>

როგორც ღონისძიების დასასრულს მოტოიკი ოკოშიმ განაცხადა, იაპონელ მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა დააგემოვნოს უნიკალური ქართული ღვინოები, რომლებიც განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნის ღვინოებისგან ხასიათით, მრავალფეროვნებით და დამზადების უნიკალური ქართული მეთოდებით.

იაპონელი სომელიე მიიჩნევს, რომ ქართული ღვინოები კარგად ეხამება სხვადასხვა სახის სპეციფიკურ საკვებს. ღონისძიების სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება წითელმა ნახევრადტკბილმა ღვინოებმა მოახდინა.

ოჰაშის ინფორმაციით, ღონისძიების 14-მა სტუმარმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქართული ღვინო საკუთარი გაყიდვების სიაში შეიტანოს.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ხუთ თვეში იქ ექსპორტირებულია 98 000 ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 186%-ით აღემატება.


ყველა ახალი ამბავი
0