ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, თუ...

გამოწერა
ლარი გაუფასურდება, თუ ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების მოცულობას გაზრდის, მიაჩნია ეკონომისტ ვეფხია გიორგაძეს.

„რეფინანსირების სესხის მოცულობის ზრდა სხვა ინდიკატორების დადებითი ტრენდის შემთხვევაში იწვევს ბაზარზე ლარის მასის ზრდას, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე", – განუცხადა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik–საქართველოს".

10 მაისს გამართულ რეფინანსირების სესხების აუქციონზე კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების მოცულობამ 1 100 მილიონი ლარი შეადგინა. ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 990 მილიონი იყო, ხოლო ერთი თვით ადრე — 780 მილიონი.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და მათი საშუალებით საბანკო სისტემას მოკლევადიანი სესხები მიეწოდება.

ვეფხია გიორგაძის განმარტებით, ლარის გაცვლით კურსზე ზემოქმედებას ახდენს მაკროეკონომიკური ფაქტორები – ფულადი გზავნილები, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობა, საგარეო ვალი და ფისკალური პოლიტიკა.

„ყველა ამ პარამეტრის მიხედვით კარგი მაჩვენებლები გვაქვს და ყველა წინაპირობაა საიმისოდ, რომ ლარი უფრო გამყარდეს", – განაცხადა ვეფხია გიორგაძემ.

მისი თქმით, აპრილში გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წინა წელთან შედარებით. მზარდია საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობაც. ეს კი ქართულ ეკონომიკაში მეტი დოლარის შემოსვლას ნიშნავს.

„უცვლელია სავაჭრო სალდოც, ანუ იმპორტსა და ექსპორტს შორის თანაფარდობა მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვაჭრობა იზრდება, აქედან გამომდინარე ის არ ახდენს ლარის კურსზე ზემოქმედებას", — აღნიშნა ეკონომისტმა.

ფისკალურ პოლიტიკას რაც შეეხება, გიორგაძის თქმით, აქაც დადებითი ტენდენცია ფიქსირდება, რადგან ბიუჯეტში შემოსულობები აჭარბებს გასავლებს, ბაზარზე ზედმეტი ლარის გაშვებას კი ადგილი არა აქვს.

„ლარის კურსზე ზემოქმედება არც 2018 წლის პირველ კვარტალში გასტუმრებულ საგარეო ვალს მოუხდენია და იმედია, რომ არც მეორე კვარტალში მოახდენს, რადგან, როგორც წესი, ზაფხულის პერიოდისთვის დოლარის შემოდინების ზრდაა დამახასიათებელი, რაც, თავის მხრივ, დააბალანსებს ქვეყნიდან დოლარის გადინებას", – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

17 მაისისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,4315 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0029 ლარით გამყარდა.

ვეფხია გიორგაძის თქმით, მყარი ლარი პოზიტიურად აისახება ქართულ ეკონომიკაზე და, შესაბამისად, მოსახლეობის ჯიბეზეც, რადგან ლარის კურსის გამყარება გრძელვადიან პერიოდში დადებით გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია კი ინფლაციის ტარგეტირებაა.

 

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0