ბიზნეს-ფორუმი

რით იზიდავს საქართველო უზბეკ ბიზნესმენებს?

46
(განახლებულია 19:20 15.05.2018)
უზბეკეთის წარმომადგენლებმა ქართული მეღვინეობისადმი ინტერესი გამოხატეს.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. უზბეკეთის 12 მსხვილი კომპანიისა და ათობით ქართული კომპანიის, ასევე საქართველოსა და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქართულ-უზბეკურ ბიზნეს-ფორუმში, რომელიც თბილისში პირველად ჩატარდა.

„ჩვენ უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ვფიქრობ, რომ ეს პირველი ნაბიჯია ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაღრმავებისთვის. დღევანდელმა ფორუმმა აჩვენა, რომ უზბეკური მხარისგან არის დაინტერესება, რამდენადაც სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი 12 მსხვილი კომპანია, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო, საქართველოში ჩამოვიდნენ", — განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნინო ჩიქოვანმა სააგენტო Новости-Грузия-სთან საუბრისას.

ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საავტომობილო ინდუსტრიის, მსუბუქი მრეწველობის, ფარმაცევტული, ალკოჰოლური სასმელების, ელექტროტექნიკისა და სამშენებლო მასალების სფეროების წარმომადგენლებმა. სტუმრებს შორის ასევე იყვნენ უზბეკეთის ეროვნული ავიაკომპანიისა და სარკინიგზო კომპანიის წარმომადგენლები.

„ჩვენ გვინდა თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმისა და მეღვინეობის სფეროში. ამ მიმართულებებით დიდი ინტერესია. გარდა ამისა, ჩვენთან ახლა ვითარდება საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის სფეროში თანამშრომლობა… უზბეკეთში იყიდება „ბორჯომი", ანუ სამომხმარებლო ბაზარიც დიდია", — განაცხადა უზბეკეთის ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შამილ ბურნაშევმა.

მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია უზბეკეთში საქართველოს, ხოლო საქართველოში უზბეკეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო კამპანიის გამართვა.

„რაც შეეხება მეღვინეობას, აქ ბევრი კომენტარის გაკეთება საჭირო არაა. მე ვთვლი, რომ მეღვინეობის დარგში ქართველები ნომერი პირველი არიან და მათ შეუძლიათ უზბეკეთში მეღვინეობის განვითარებას ხელი შეუწყონ, იმიტომ რომ ჩვენ ყურძნის ჯიშების გამოყვანისთვის კარგი პირობები გვაქვს", — აღნიშნა ბურნაშევმა.

ქართულ-უზბეკური პირველი ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ქართულ-უზბეკური ბიზნეს-ასოციაციაა.

ბოლო წლებში საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა 2017 წელს შემცირება დაფიქსირდა. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 81 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2017 წელს — 71 მლნ აშშ დოლარი.

შედარებისთვის, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 10,7 მლრდ აშშ დოლარი, უზბეკეთში კი 27 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

46
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (388)