საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მილიარდები განვითარებისთვის: მსოფლიო ბანკის დირექტორები საქართველოს ვითარებას სწავლობენ

80
(განახლებულია 15:53 15.05.2018)
მსოფლიო ბანკი საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციის ვიზიტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის დირექტორებთან შეხვედრის შემდეგ.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია საქართველოში 13 მაისს ჩამოვიდა. ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მსოფლიო ბანკი არის ჩვენი მთავარი პარტნიორი იმ რეფორმათა პაკეტის იმპლემენტაციაში, რომელსაც ვგეგმავთ. ზაფხულში რამდენიმე ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ მსოფლიო ბანკში შემავალი საფინანსო ინსტიტუტები გაზრდიან ფინანსურ პორტფელს და ჩვენ საშუალება გვექნება საქართველოში განვახორციელოთ მეტი პროექტი, განსაკუთრებით, კერძო სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა მივიღოთ მეტი ეკონომიკური ზრდა", — განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, საუბარია ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ეს ზრდა აისახოს თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე და მსოფლიო ბანკის პროექტები სწორედ ამაში დაგვეხმარება.

დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული სიტუაციის გაცნობა, აღნიშნა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინ ჰოგანმა. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ საბჭოში ის წარმოადგენს კანადას, ირლანდიასა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს.

„ჩვენ გვექნება საუბარი მთავრობასთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ბენეფიციარებთან. განვიხილავთ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს. მსოფლიო ბანკი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის და ჩვენ ერთობლივად განვიხილავთ სამომავლო სტრატეგიასა და პრიორიტეტებს", — განაცხადა ჰოგანმა.

მისი თქმით, ძალიან საინტერესო განხილვა გაიმართა ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, რომელიც არის მსოფლიო ბანკში მმართველი საქართველოს მხრიდან.

„მისგან მოვისმინეთ ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე გვქონდა საუბარი მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. მოუთმენლად ველით იმ განხილვებს, რომელიც უახლოესი დღეების მანძილზე შედგება", — აღნიშნა კრისტინ ჰოგანმა.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომა 14-16 მაისს საქართველოში პირველად იმართება.

მსოფლიო ბანკი საქართველოსთან 1992 წლიდან თანამშრომლობს. მან 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების 100-ზე მეტი პროექტი დააფინანსა.

80
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (388)