ბათუმის პორტი

ქართული პროდუქციის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება

29
(განახლებულია 13:34 15.05.2018)
ქვეყნიდან საქონლის ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს როგორც შიდა, ისე გარეგანი დადებითი ტენდენციები.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ქართული პროდუქციის ექსპორტმა 2018 წლის იანვარ–აპრილში 961,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 22%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

ასევე გაიზარდა იმპორტიც — წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში შემოტანილია 2,8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იმპორტული საქონელი, რაც 22,3%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდზე.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის პირველ ოთხ თვეში 22,2%-ით გაიზარდა გასული წლის იანვარ-აპრილთან შედარებით და დაახლოებით 3,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

ამავე პერიოდის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა დაახლოებით 1,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საერთო საგარეო სავაჭრო მიმოქცევის 49,2%-ია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს ექსპორტის ზრდას, რომელიც 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება, ხელი შეუწყო როგორც გარე, ისე შიდა დადებითმა ტენდენციებმა.

ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე დადებითად აისახება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მიმდინარე და წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

29
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (388)