TBC bank-ის სათვაო ოფისი თბილისში

ფინანსთა სამინისტრო vs ბანკები: დავა ბიზნესის ფინანსირებაზე

77
(განახლებულია 21:17 13.04.2018)
სახელმწიფო ბანკებთან ერთად ახალი ბიზნესისთვის სასტარტო კაპიტალის ფინანსირებას აპირებს

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ფინანსთა სამინისტრო იწყებს მუშაობას კომერციულ ბანკებთან მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სასტარტო კაპიტალის დაფინანსების ახალ რეფორმასთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

ინვესტიციები თუ კრედიტები

ხუთშაბათს ბახტაძემ გამოხატა უკმაყოფილება ბანკებით, რომლებიც, მისი თქმით, მეწარმეობის განვითარებას მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო ამუხრუჭებენ.

„სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც საბანკო სისტემაშია, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ ის უნდა იყოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა“, — განაცხადა ბახტაძემ. 

ფინანსთა მინისტრის პოზიციას ეთანხმება „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე, თუმცა ის აცხადებს, რომ სტარტაპების დაფინანსება სასესხო კაპიტალით დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

„ვეთანხმები ფინანსთა მინისტრს. რეალობა ის არის, რომ სტარტაპების დაფინანსება სასესხო კრედიტებით რთულია. ეს დასავლეთის ბევრ ქვეყანაშიც ასეა. ძალიან ძნელია და დიდი რისკებიდან გამომდინარე ხდება ასე. მიუხედავად ამისა, საქართველოს ბანკი ცდილობს არამარტო სტარტაპების, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ინიციატივები გამოვიჩინოთ. ეს ინიციატივა, რომელიც სასტარტო კაპიტალის დაფინანსებას შეეხება, ხელს შეუწყოს სტარტაპების განვითარებას და ჩვენ გვინდა აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა“, — განაცხადა კიკნაველიძე. 

„თიბისი“ ბანკის სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საპროცენტო განაკვეთები ქვეყნის ეკონომიკაზეა დამოკიდებული.

„საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი. საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ, მას ყველაფრის დაფინანსებას. რეგიონში ქართულ საბანკო სისტემას აქვს ყველაზე დაბალი განაკვეთი, რომელსაც ჩვენ ვიძლევით კორპორაციებზე. უფრო მეტს გეტყვით, რომ ჩვენი დაფინანსებული კორპორაციები, ქართულ კორპორაციებზე და კომპანიებზე მაქვს საუბარი, ფინანსურად და პროცენტული თვალსაზრისით უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები, რომლითაც ისინი საქართველოში აფინანსებენ დამფინანსებელს… საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის ზრდისა და საბაზრო პირობების გამო მცირდება", — განაცხადა ხაზარაძემ.

ახალი რეფორმა

ბიზნესის განვითარების მიზნით მამუკა ბახტაძემ ახალი რეფორმა დააანონსა — სასტარტო კაპიტალის რეფორმა.

„დღეს, ის მოცემულობა გვაქვს, როდესაც პროექტები და იდეები ხშირ შემთხვევაში, ვერ ხორციელდება, იმ მიზეზის გამო, რომ სასტარტო კაპიტალზე წვდომა არის გართულებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიკაში კონკურენტუნარიანი პროექტებისა და იდეების განხორციელებისთვის არანაირი წინაღობა არ არსებობდეს“, — განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო საბანკო სექტორთან ერთად ისეთი საფინანსო მექანიზმების შემუშავებას აპირებს, რომლებიც ბიზნესისა და სტარტაპების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, ახალი რეფორმა გულისხმობს ბიზნესმენების სასტარტო კაპიტალში სახელმწიფოს ჩართვას, რათა ბიზნესის გასავითარებლად მათ კრედიტების მიღება შეძლონ.

რა გავლენა ექნება რუსული რუბლის გაუფასურებას საქართველოს ეკონომიკაზე >>

ამასთან, ფინანსთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როგორი იქნება სახელმწიფოს მონაწილეობა და ბიზნესის რომელ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გამოიყოფა თანხები.


77
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (344)