თბილისში საქართველო–ბელარუსის ბიზნეს-ფორუმმა სტარტი აიღო

გამოწერა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას გაუსვა ხაზი.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა საქართველო–ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი გახსნა, რომელშიც დაახლოებით 300 დელეგატი მონაწილეობს.

თბილისში ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ბელარუსული კომპანიების 100-მდე წარმომადგენელი შეიკრიბა. ქართული მხრიდან ფორუმზე ბიზნეს-სექტორის 190 წარმომადგენელია დარეგისტრირებული.

„საქართველოსა და ბელარუსს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო განმტკიცდა. როგორც თქვენთვის ცნობილია, მაღალ დონეზეც საგრძნობლად გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა, რომლებმაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში — როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის დონეზე", — განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
ლუკაშენკო საქართველოს ეწვევა - სამ წელიწადში მეორე ვიზიტი

ბიზნესმენების შეხვედრა მინსკის დღეებისა და საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პარალელურად იმართება, რომელიც 22-23 მარტს არის დაგეგმილი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ, ახალ ეტაპზე გადასვლაში", — აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსა და ბელარუსს შორის მჭიდრო ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის 29 ხელშეკრულების გაფორმება, რომელთა საერთო ღირებულებაც 9 მილიონ აშშ დოლარამდეა.

საქართველოში პარტნიორების მოძიებით დაინტერესებული არიან ბელარუსელი ბიზნესმენები, რომლებიც დაკავებული არიან კვების მრეწველობის, მანქანა-დანადგარების წარმოების, მშენებლობის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0