სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თხილის ნარგავების ქიმიური დამუშავების დრო მოახლოვდა

© Pixabay / Hansთხილი
თხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი ვერ მოახერხებს ორივე წამლობის ჩატარებას, ერთი კომბინირებული წამლობა მაინც უნდა ჩატარდეს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  თხილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ფერმერებს თებერვალ-მარტში აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდებს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს თხილის მოსავალი  40%-ით შემცირდა. ამის მიზეზად აზიური ფაროსანა, ასევე ხეების სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები დასახელდა.

„ბოლო სამი წლის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის შემცირების უმთავრესი მიზეზი არის გულის სიდამპლე, რაც განპირობებულია სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებით, ასევე ინვაზიური მავნებლის — აზიური ფაროსანას მოქმედებით“, — ნათქვამია განცხადებაში.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
სამთავრობო კომისიამ ფაროსანასთან ბრძოლის გეგმა დაამტკიცა

სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  განცხადებით, ზამთრის ბოლოს — ადრე გაზაფხულზე თხილის წარმოების ყველა ზონაში უნდა ჩატარდეს ფენოლოგიური დაკვირვება კვირტების მდგომარეობაზე. ეს ღონისძიებები, კერძოდ, ქიმიური წამლობები, მიმართულია მიკროორგანიზმების კვირტებზე დასახლებისა და შეჭრის წინააღმდეგ. 

„შესხურებების ზუსტი კალენდარული დროის მითითება გაძნელებულია კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო. ამდენად, ყურადღება უნდა გამახვილდეს მცენარის ფენოლოგიურ ფაზებზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.

პირველი შესხურება ტარდება კვირტების დაბერვის ფაზაში მხოლოდ კონტაქტური სპილენძისშემცველი პრეპარატებით, მეორე შესხურება კი უნდა ჩატარდეს კომბინირებული ნაზავით კვირტების გახსნის შემდეგ, ასევე სპილენძისშემცველი კონტაქტური პრეპარატებით.  

იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი ვერ მოახერხებს ორივე წამლობის ჩატარებას, ერთი კომბინირებული წამლობა მაინც უნდა ჩატარდეს. 

სამინისტროს ინფორმაციით, ასევე,  მნიშვნელოვანია თხილის ნარგავების დროული გასხვლა-ფორმირება და ამონაყარის მოცილება, რაც ზრდის მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ეფექტურობას. 

სამთავრობო კომისიამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის გეგმა დაამტკიცა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი 2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებებით მიღებულ გამოცდილებასა და საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების რეკომენდაციებს ემყარება.

 

ყველა ახალი ამბავი
0