საქართველოში ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იგეგმება

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგადასახადო კოდექსის ცვლილებათა პაკეტში შედის დებულებები ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ, შეღავათების დაწესება შიდა ავიაგადაზიდვებზე და მიკროელექტროსადგურების მფლობელებისთვის, ასევე აგრძელებენ საგადასახადო შეღავათებს დაუსრულებელი მშენებლობის განახლების შემთხვევაში.

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ სამშაბათს სხდომაზე განიხილა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების, მათ შორის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შეტანას ითვალისწინებს.

ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის ინიციატივით საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 2016 წლის დასაწყისში გამოვიდა. მისი განცხადებით, ეს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო.

 „პაკეტის (შესწორებების – რედ.) თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის (ეკონომიკური დანაშაულის) დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს — მაგალითად, სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები და ა.შ.“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცვლილებები ასევე მოიაზრებს სტიმულს ცალკეული დარგებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, შიდა ავიაციის სტიმულირება, დასძინა პრემიერმა.

„ამისთვის ჩვენ დღგ-სა და აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი ბორტზე მისაწოდებლად, ასევე — სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა და აღნიშნა, რომ შიდა ავიაციის განვითარება ქვეყნის ტურისტულ სფეროზე დადებითად აისახება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს

ამას გარდა, სპეციალური წამახალისებელი ზომები გატარდება მიკროელექტროსადგურების მფლობელებისთვის.

 „ჩვენ გვინდა, მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ და მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა გაიყიდოს ისე, რომ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგროს. მოგეხსენებათ, ზოგიერთ ქვეყანაში დღეს ძალიან გავრცელებულია მზის ელექტროსადგურის სასახურავე პანელები და ამ პანელების წახალისება გვინდა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები კოორდინირებულად მუშაობენ. 

„ჩვენ გვსურს, არამარტო ეს საგადასახადო სტიმული გვქონდეს, არამედ გარკვეული დაფინანსების მექანიზმებიც, რათა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის იერსახის დაცვა, ამ ტიპის მიკროელეტროსადგურების ინოვაცია გამოვიყენოთ“, – განაცხადა კვრიკაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის შესასვლელი - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო ეკლესიის შეღავათიანი გადასახადების მართებულობას განიხილავს

ცვლილებები ეხება სამშენებლო სექტორსაც. კერძოდ, დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები 2 წლით გახანგრძლივდება.

პრემიერის განცხადებით, 2017 წლის ბოლომდე იგეგმება 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის მშენებლობის დასრულება და ეს შეღავათები ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობის განახლებასა და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა ეს ცვლილება ბიზნეს–სექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ცვლილებებზე მუშაობდა.

შესწორებები საგადასახადო კოდექსში მოამზადა ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის სხვა ეკონომიკურ სტრუქტურებთან ერთად.

© Sputnik / Maria Tsimintiaახალი გადასახადები საქართველოში
ახალი გადასახადები საქართველოში - Sputnik საქართველო
ახალი გადასახადები საქართველოში


ყველა ახალი ამბავი
0