მდინარე ენგურზე ხუდონ ჰესის მშენებლობის პროექტი შეჩერებულია

© photo: Sputnik / Valery Shustrov / გადასვლა მედიაბანკშიენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთ საქართველოში ხუდონ ჰესის მშენებლობის პროექტის შეჩერება არ უკავშირდება მოსახლეობას ან გარემოს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხუდონ ჰესის მშენებლობის პროექტი გაურკვეველი ვადით შეჩერდა, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ Trans Electrica-ს კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ.

პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1,1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს, მდინარე ენგურზე, ენგურჰესიდან 30 კილომეტრით ზემოთ, 702 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს.

 2011 წლის აპრილში საქართველოს მთავრობასა და კომპანია Trans Electrica-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც ზამთარში გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენებისა და დანარჩენ თვეებში ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტის პირობები იყო განსაზღვრული. 2015 წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მთავრობა პროექტში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლებიც საქართველოში ხუდონ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარების პირობას უკავშირდება.

„ამ ეტაპზე პროექტი შეჩერებულია. მეტს ვერაფერს ვიტყვი. გამოცხადდა, რომ ინვესტორსა და მთავრობას შორის მოლაპარაკები მიმდინარეობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად ეს მოლაპარაკებებიც შეჩერებულია“, — განაცხადა მირცხულავამ.

მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების განახლება მთავრობაზეა დამოკიდებული. 

ენგურ ჰესი - Sputnik საქართველო
„ენგურჰესმა“ მუშაობა შეწყვიტა

„მიზეზებზე ვერაფერს ვიტყვი, ეს კითხვა უფრო მეტად მთავრობას, ენერგეტიკის სამინისტროს ეხება“, — განაცხადა მირცხულავამ.

მისი თქმით, პროექტის შეჩერება არ უკავშირდება ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს, რომელიც ჰესის აშენების წინააღმდეგ გამოდის.

„სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა საკითხები და პრობლემები იქნება წამოჭრილი პირველ რიგში. ის, რომ ეს არ უკავშირდება მოსახლეობასა და გარემოს — ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია… მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, გამორიცხულია, რომ ეს პროექტი დაიწყოს“, — დასასრულს განაცხადა მირცხულავამ.

ადრე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხუდონ ჰესის მშენებლობის პროექტი — საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისათვის ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს.

ხუდონ ჰესის მშენებლობა 80–იან წლებში დაიწყო, მაგრამ შემდეგ მშენებლობა საქართველოს „მწვანეთა პარტიის“ მოთხოვნით შეჩერდა. ხუდონ ჰესის მშენებლობაზე თავის დროზე დახარჯული იყო 150 მლნ აშშ დოლარი. 

კომპანია Trans Electrica ძირითადად მუშაობს ჰესების დაპროექტების, კვლევის და პროექტების ექსპლუატაციის სფეროში.  2009 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობასა და კომპანია Trans Electrica-ს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც კომპანიამ ხუდონ ჰესის პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური საფუძვლები მოამზადა.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0