სახელმწიფო პროგრამა სტარტაპ-საქართველოს დირექტორი ვაჟა მენაბდე

„სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი: თქვენი პროექტის უნდა გჯეროდეთ და ბევრი უნდა იმუშაოთ

56
(განახლებულია 17:53 17.02.2017)
სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი ვაჟა მენაბდე „Sputnik–საქართველოსთან“ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს, ასევე პროგრამის მთავარი ამოცანის შესახებ – როგორ უნდა გახდეთ მისი გამარჯვებული.

– რაში მდგომარეობს „სტარტაპ საქართველოს“ მთავარი ამოცანა?

– ეს პროექტი ჩვენი პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პირადი ინიციატივაა. მის ძირითად ამოცანას საქართველოში ინოვაციური „სტარტაპების“ მხარდაჭერა წარმოადგენს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებსაც სხვადასხვა ინიციატივები და ინოვაციური იდეები აქვთ და ბიზნესის დაწყება სურთ, სახელმწიფოსგან ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა მიიღონ.

„სტარტაპ საქართველო“ ორი კომპონენტისგან შედგება. ეს არის მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტები. გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტის ამოცანას სტარტაპ-ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. „სტარტაპ საქართველო“ ადამიანებს ბიზნესის წამოწყებისკენ უბიძგებს.

– ამჟამად თუ არსებობს უკვე პროექტები, რომლებმაც „სტარტაპ საქართველოში“ გაიმარჯვეს და ბაზარზე წარმატებით მუშაობენ?

– პროექტის პირველი გამარჯვებულები 2016 წლის ზაფხულში გამოვავლინეთ. სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო თავად დაფინანსების პროცესი გაჭიანურდა. პირველი ტრანშები გასული წლის ბოლოს განვახორციელეთ — ნოემბერსა და დეკემბერში. შესაბამისად, ბოლომდე დასრულებული „სტარტაპი“, რომელმაც თავისი პროდუქტის გაყიდვა დაიწყო, ჯერჯერობით არ არსებობს.

თუმცა, მალე ძალიან ბევრი აქტიურად მოქმედი „სტარტაპი“ გვეყოლება. მაგალითად, უკვე ამ თვეში ფინანსისტ კახა თუთბერიძისა და მშენებელ რომეო ცინცაძის ხელმძღვანელობით დეკორატიული აგურის წარმოება გაიხსნება.

შემდგომში თვიდან თვემდე ამოქმედებული პროექტების რაოდენობა თანდათანობით გაიზრდება.

– რა მოხდება, თუ პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდება და ბაზარი მის პროდუქტს არ მიიღებს?

– ეს ბიზნესია. გვესმის, რომ გარკვეული რისკები არსებობს. პირველ რიგში პროექტის რეანიმაციას ვეცდებით, რებრენდინგს მოვახდენთ და ა.შ. თუ ამ შემთხვევაშიც არ ამუშავდება ბიზნესი, ჩვენი ინვესტიციების დაბრუნებას კომპანიის ქონების გაყიდვით შევეცდებით.

– ტარდება თუ არა რაიმე კვლევები, რამდენად სჭირდება ქართული ბაზრის ამა თუ იმ სფეროს ესა თუ ის „სტარტაპი“?

– პროექტში იმ სფეროს კუთხით, რომელშიც კონკურსანტს პროექტის შეთავაზება სურს, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. შესაბამისად, თითოეული სფეროს ახალი კვლევების ჩატარება ძალიან ძვირი ჯდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად უკვე არსებულ მარკეტინგულ კვლევებს ვიყენებთ, პირად გამოცდილებას ვეყრდნობით და მონაწილეებს ვთხოვთ, თავიანთ ბიზნეს–გეგმებში მათი ძალების შესაბამისი ბაზრის კვლევა წარმოგვიდგინონ.

– პროგრამაში გამარჯვების მოსაპოვებლად კონკურსანტებს რომელ სფეროებში ურჩევთ მოიფიქრონ და შექმნან „სტარტაპები“?

– ახალს ვერაფერს ვიტყვი. დღეს მნიშვნელოვანია და საჭირო ისეთი პროექტების შექმნა, რომლებიც ინოვაციურ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. საჭიროა კარგი პროდუქტის წარმოება და კარგი სერვისის გაწევა. სწორედ ასეთი პროექტებია ჩვენი პროგრამის პრიორიტეტში. ყველას მინდა ვურჩიო, სჯეროდეთ თავიანთი პროექტისა და ბევრი იმუშაონ. პროექტმა გამარჯვება რომც ვერ მოიპოვოს, ეს არ ნიშნავს, რომ ის წარუმატებელია და ქართულ რეალობაში მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

56