საფერავი

რთველი-2016: საქართველო ყურძნის მოსავლის აღებისთვის ემზადება

165
(განახლებულია 10:32 21.08.2016)
საქართველო რთველისთვის ემზადება - ეს ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად შემოდგომის დასაწყისში ტარდება. ის არც ერთ კონკრეტულ თარიღთან არ არის მიბმული და დამოკიდებულია მხოლოდ ყურძნის სიმწიფეზე,შაქრიანობასა და მჟავიანობაზე.

კახეთის რეგიონში რთველი სექტემბრის დასაწყისში იწყება, დასავლეთ საქართველოში კი დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში.

სასტარტო მზადყოფნა

რთველი — 2016 მომზადებისა და ორგანიზებული ჩატარებისათვის თელავში 23 აგვისტოს ტრადიციულად საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება.

მიმდინარე წელს საპროგნოზო მაჩვენებელი 200 ათას ტონას შეადგენს,  ღვინის ეროვნული სააგენტო იმედოვნებს, რომ აქედან 150 ტონას საწარმოები გადაამუშავებენ. წინასწარი მონაცემებით ყურძენს 100-ზე მეტი ღვინის კომპანია ჩაიბარებს.

რთველის სუბსიდირების პროგრამაზე მთავრობა წელს 25 მილიონ ლარს გამოყოფს. ასეთი გადაწყვეტილება ყურძენზე მოსალოდნელ დაბალ ფასთან არის დაკავშირებული და სუბსიდირების პროგრამა მევენახეებს მთელი მოსავლის რეალიზაციაში დაეხმარება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„რთველი-2016“-ის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდია რქაწითელის ან კახურის მწვანეს ჯიშის 1 კილოგრამ ხარისხიან ყურძენზე 0,45 ლარს, საფერავზე-0,20 ლარს, ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე-2 ლარს შეადგენს.

წინა წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს სუბსიდიებს არა ღვინის კომპანიები, არამედ პირდაპირ მევენახეები მიიღებენ.

სუბსიდირების ამ პრინციპის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურდს დაგვიანების გარეშე, ჩაბარებიდან ორი კვირის განმავლობაში ბანკში ღებულობს.

არაჯანსაღი კონკურენცია

ეკონომისტ ლევან კალანდაძეს მიაჩნია, რომ მევენახეების სუბსიდირება არაჯანსაღ კონკურენციას აჩენს, რადგან ქვეყანაში იმაზე მეტი იწარმოება, ვიდრე იყიდება, რაც მის ფასზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

„როდესაც ყურძნის თვითღირებულება საშუალოდ 30 თეთრს შეადგენს, სახელმწიფო კი გლეხს 1 ლარს უხდის, შესაბამისად პროდუატის ღირებულებაც იზრდება“,- აცხადებს კალანდაძე  Sputnik-თან საუბრისას.

მისი აზრით, სუბსიდირებით სახელმწიფო გლეხების სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნავს და არა ბიზნესის განვითარებაზე.

„სახელმწიფომ სუბსიდირებაზე უარი უნდა თქვას და გლეხი თვითონ დაარეგულირებს თავის საქმიანობას“,-აღნიშნა მან.

მან დამატა, რომ ერთ წელში ეს ვერ მოხერხდება, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა გარკვეული სტრატეგია და პოლიტიკა.

მევენახეების ინტერესები

ამავე დროს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ დარგს ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება, და საჭიროა როგორც მევენახეების, ასევე მწარმოებლების ინტერესების გათვალისწინება.

გრძელვადიან პერსპექტივაში მეღვინეობის დარგმა ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს და მომავალში მას სახელმწიფოს დახმარება არ დასჭირდება, მიაჩნიათ სამინისტროში.

მეღვინეობის განვითარების მიზნით სახელმწიფო ბევრ პროგრამასა და ღონისძიებას ახორციელებს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსდა 22 ახლის და 43 მოქმედი ღვინის საწარმოს გაფართოება. მომავალში ეს პროცესი გაგრძელდება, აღნიშნეს სამინისტროში.

გასული წლის რთველის შედეგები

2015 წელს რთველის სუბსიდირების პროგრამა სახელმწიფოს როგორც მინიმუმ 30 მილიონი ლარი დაუჯდა.

გადამუშავდა 143 ათასი ტონა ყურძენი, მევენახეების შემოსავალმა 102 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.

კახეთში გადამუშავდა 141,6 ათასი ტონა ყურძენი, მევენახეების შემოსავალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. 

რაჭა-ლეჩხუმში გადამუშავდა 1500 ტონა ყურძენი, ხოლო მევენეხეების შემოსავალმა 6,6 მილიონი ლარი შეადგინა.

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 130-ზე მეტი ღვინის კომპანია, მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 20 კომპანია.

იმისათვის, რომ მევენახეებმა არ იზარალონ, სახელმწიფომ იქირავა კომპანიები, რომლებმაც იმ რაიონებში შეისყიდეს ზედმეტი ყურძენი, სადაც ღვინის კომპანიები ყურძნის გადამუშავებით ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ „რთველი-2015“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, რადგან კოორდინირებული და გუნდური მუშაობის თვალსაჩინო მაგალითი გახდა, რამაც დადებითი შედეგები მოიტანა. 

165