გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე

საქართველო და თურქეთი სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

12
(განახლებულია 23:30 18.08.2016)
საქართველო აგრარულ სექტორში თურქულ გამოცდილებას გაიზიარებს და მეზობელი ქვეყნის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს გაზრდის.

თბილისი, 18 აგვისტო— Sputnik.  სოფლის მეურნეობის სფეროებში საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა, ფარუკ ჩელიკმა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს,  ხაზი გაესვა თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს.შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე საქართველოს აგრარულ პოტენციალზე და ამ მიმართულებით თურქეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. 

„მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და ესწრებით საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კუთხით არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ იგი," — განაცხადა კვირიკაშვილმა.

თბილისში დღეს ქართულ-თურქული ფორუმი დაიწყო, რომელშიც 44 თურქი ბიზნესმენი იღებს მონაწილეობას, რომელთა საქმიანობა სოფლის მეურნეობასთან არის დაკავშირებული.

12