გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი:საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა

16
(განახლებულია 22:26 04.08.2016)
თბილისში საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის შემდგომი ზრდისათვის საჭიროა გამოუყენებელი შესაძლებლობების ამუშავება.

თბილისი, 4აგვისტო— Sputnik. საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც საკმაოდ კარგად არის ორიენტირებული რეგიონალურ ეკონომიკებში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას ხუთშაბათს განაცხადა.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება.  ფორუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები: დანი როდრიკი — ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და ჩარლზ სეიბელი — ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან.

 „არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული თეორიები, ყველა ქვეყანას სჭირდება მასზე მორგებული ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა“,- განაცხადა კვირიკაშვილმა

საქართველოს პრემიერი თვლის, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გამოყენებაც საჭიროა.

„ფაქტია, რომ დღეს რაღაც დამატებითია საჭირო იმისთვის, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავინტერესდით როდრიკის განვითარების თეორიით, როდესაც გარკვეულ მიმართულებებს, სწორი დახმარების შედეგად, ეძლევა მეტი მნიშვნელობა და როდესაც ხდება გამოუყენებელი შესაძლებლობების ამუშავება და მთლიანად ღირებულებათა ჯაჭვი იწყებს მოქმედებას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ოთხი ჩარჩო-მიმართულება: განათლების სისტემის რეფორმირება, ეკონომიკური რეფორმები, სივრცითი მოწყობა და მმართველობის რეფორმა.

„ეს არის უპირველეს ყოვლისა, სწორი რეფორმები განათლების სისტემის მიმართულებით, რათა ჩვენი უმაღლესი განათლება უფრო მეტად იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, რათა ახალგაზრდები ოთხ წელს არ ატარებდნენ იმ პროფესიების სწავლაში, რომელიც შეიძლება, დღეს საქართველოში იმდენად მოთხოვნადი არ არის“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ რეფორმებზე, მათ შორის კაპიტალის ბაზრის რეფორმასა და სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ საპენსიო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება. 

კვირიკაშვილმა ისაუბრა სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფოს მოდელზე და ხაზი გაუსვა ერთიანი ფრონტ-ოფისის შექმნის მნიშვნელობას.

„პარალელურად, ჩვენ ვქმნით ციფრულ სივრცეს, სადაც, ელექტრონული მმართველობის მოდელით, ნებისმიერ იურიდიულ პირს ყველა სერვისი მიეწოდება“,-თქვა პრემიერმა.

ამ დროს მან აღნიშნა, რომ „ეს ძალიან ამბიციური რეფორმა უკვე დაწყებულია, კონცეფცია შემუშავებულია, რომლის  განხორციელება წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება.“

კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ  ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სივრცითი განვითარება და სწრაფი ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია. 

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს: ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი რეფორმებს და სამუშაო ადგილების შექმნას, განათლების რეფორმას, რომელიც ეკონომიკურ განვითერბაზე იქნება ორიენტირებული, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და მმართველობის რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობასა და მეტ გამჭვირვალობას.

16