გზის დაგება

იაპონია საქართველოს დასავლეთი-აღმოსავლეთის გზის მშენებლობისთვის თანხას გამოუყოფს

27
(განახლებულია 18:51 08.03.2016)
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ტოკიოს მხარდაჭერა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის ნოტების გაცვლის გზით ხელი მოეწერა შეთანხმებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტთან (II) დაკავშირებით. შეთანხმების ფარგლებში ქართული მხარე დამატებით დაფინანსებას მიიღებს 4,41 მლრდ იაპონური იენის (დაახლოებით 38.5 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

დოკუმენტს ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და იაპონიის ელჩმა ტოშიო კაიტანმა მოაწერეს. 

„პროექტი ამჟამად განხორციელების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში ქუთაისის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა, ხოლო ქუთაისი-სამტრედიის და ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს… პროექტის დასაფინანსებლად შესაბამისი ხელშეკრულებები 2009 წელს გაფორმდა, რომელთა ფარგლებშიც საქართველოს გამოეყო 17,722 მილიარდი იაპონური იენი გრძელვადიანი შეღავათიანი სესხის სახით“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების კუთხით, როგორიცაა „აღმოსავლეთი–დასავლეთის“ ჩქაროსნული მაგისტრალი, უკიდურესად მნიშვნელოვანია იაპონური საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (JICA) მხარდაჭერა, რადგან „მან ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს გადაქცევას რეგიონის სავაჭრო, სატრანზიტო, ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად“.

„პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობას, რაც გულისხმობს საქართველოს სწრაფ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, — ნათქვამია განცხადებაში. 

იაპონიასთან ერთად აღნიშნულ პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროკავშირი. 


27