„ლაქტალისი“ ქართულ რძის პროდუქტებს ევროპაში გაიტანს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშირძის პროდუქტების მაღაზია
რძის პროდუქტების მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლაქტალისი“ საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების წარმოების განვითარებასა და „სანტეს“ ბრენდით ქართული პროდუქციის გარე ბაზრებზე გატანას აპირებს.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ფრანგული კომპანია „ლაქტალისი“ რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანია „სანტეს“ ერთ-ერთი აქციონერი გახდა — ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელიც ადგილობრივი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანას შეუწყობს ხელს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ლაქტალისის“ მიერ „სანტეს“ აქციების შესყიდვა ხელს შეუწყობს ქართული პროდუქტების წარდგენას მსოფლიო ბაზარზე, რძისა და რძის პროდუქტების ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, აღნიშნულია საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.

მხარეებმა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„მსოფლიოში ცნობილი ბრენდიLactalis საქართველოში შემოდის, კომპანია „სანტეში“. ეს ინვესტიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც კომპანია ქართულ პროდუქტს გაიტანს ევროპულ ბაზარზე. ეს ინვესტიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს იმიჯის განმტკიცების კუთხითაც, ვინაიდან „ლაქტალისმა“ აირჩია საქართველო, რათა სხვა რეგიონულ ქვეყნებთან ითანამშრომლოს ამ მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით მის შემოსვლას საქართველოში“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლაქტალისი“ საფრანგეთში 1933 წელს ანდრე ბენიემ დააარსა. დღეს Lactalisgroup ოჯახის კუთვნილებაა, ფლობს მრავალ წარმატებულ საერთაშორისო ბრენდს, მათ შორისაა „პრეზიდენტი“, „პარლამენტი“, „გალბანი“. „ლაქტალისში“ ამჟამად 75 ათასი ადამიანი მუშაობს, მისი 200-ზე მეტი საწარმო მსოფლიოს 43 ქვეყანაშია განთავსებული.

„სანტე“ თბილისის რძის კომბინატის ბაზაზე 1997 წელს დაარსდა. კომპანიის პროდუქცია რამდენიმე ბრენდით არის წარმოდგენილი: „სანტე“, „სანტინო“, „სანტისიმო“, „სანებო“. დღესდღეობით „სანტე“ 100 დასახელების პროდუქტს აწარმოებს.


ყველა ახალი ამბავი
0