2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს 140 მლნ ლარით შეამცირებენ

© Government of Georgiaსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახაზინო ვალდებულებების ემისია 100 მლნ ლარით (43,5 მლნ აშშ დოლარი) შემცირდება.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით (დაახლოებით 64 მლნ აშშ დოლარი) შემცირდება. საქართველოს მთავრობა სამშაბათს, 23 ივნისს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების საბოლოო ვარიანტს განიხილავს.

კორექტირებული ბიუჯეტის პირველი ვარიანტის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ეკონომიკური ზრდა ხუთის ნაცვლად ორი პროცენტი იქნება, ხოლო ინფლაცია — 3%. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახაზინო ვალდებულებების ემისია 100 მილიონი ლარით (43,5 მლნ აშშ დოლარი) შემცირდება.

შემცირება არ შეეხება კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 4 ივნისს მთავრობის სხდომაზე ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის წარმოდგენა დაავალა.

” ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას და ამის მიხედვით უნდა განვვითარდეთ. ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალურია და შეიძლება ითქვას, რომ მანამდეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე — არასდროს”, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით.

”რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ გააკეთა ბიუჯეტის კორექტირება და ეს, რა თქმა უნდა, არის გამომდინარე იქიდან, რომ მთელს რეგიონში, უკრაინაში, რუსეთში არის ძალიან სერიოზული კრიზისი, რთული ვითარებაა", — განაცხდა ღარიბაშვილმა.

მოქმედი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საერთო მოცულობა 2015 წლისათვის 9,57 მილიარდ ლარის დონეზე (4,2 მლრდ აშშ დოლარი) იგეგმება, საიდანაც 8,780 მლრდ ლარი (3,8 მლრდ აშშ დოლარზე მეტი) საბიუჯეტო სახსრებია, ხოლო 790 მლნ ლარი (344 მლნ აშშ დოლარი) — დონორების ფინანსირება.

2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების საერთო მოცულობა 9,52 მლრდ ლარის დონეზე (4,1 მლრდ აშშ დოლარი) იგეგმება.

 


ყველა ახალი ამბავი
0