ფერმერთა დელეგაცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან საქართველოში საინვესტიციო კლიმატს სწავლობს

გამოწერა
ფერმერთა დელეგაცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან საქართველოში სოფლის მეურნეობაში არსებულ ზოგად ვითარებას, საინვესტიციო კლიმატს და საგადასახადო სისტემას სწავლობს.

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ფერმერთა დელეგაცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან საქართველოში სოფლის მეურნეობაში არსებულ ზოგად ვითარებას, საინვესტიციო კლიმატს და საგადასახადო სისტემას სწავლობს, განაცხადეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ფერმერთა ვიზიტი 18 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ აგრარულ კავშირსა და საქართველოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. 

დელეგაციის შემადგენლობაში 15 ფერმერია, რომლებიც წარმოადგენენ მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მეცხვარეობის, მებოსტნეობის და მარცვლეულის მოყვანის სფეროებს.

ვიზიტის მიზანია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ფერმერებისთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გაცნობა. ვიზიტის მსვლელობისას დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელობასთან. სტუმრები გაეცნობიან საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ბიზნესის საგადასახადო სისტემას, სამოქალაქო რეესტრის საქმიანობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს უშიშროების სფეროში, რეფორმებს განათლების სფეროში.

ვიზიტის მსვლელობისას დელეგაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს ეწვევა. კერძოდ, დაგეგმილია ვიზიტი კახეთში ქართულ-გერმანულ საწარმოში Schuchmann-Wines. ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონში სტუმრები დაათვალიერებენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს და თელეთის მეცხოველეობის ფერმას. ასევე დაგეგმილია სტუმრობა აჭარაში, სადაც ფერმერები დაათვალიერებენ Icon Group-ის სასათბურე მეურნეობას. დელეგაცია 5 ოქტომბერს ფოთის პორტს ეწვევა.

ყველა ახალი ამბავი
0