ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები ორჯერ იზრდება

გამოწერა
ოთხშაბათს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების თითქმის ორჯერ გაზრდის შესახებ, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი.

 

ბათუმი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ოთხშაბათს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების თითქმის ორჯერ გაზრდის შესახებ, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი.

განკარგულების შესაბამისი პროექტი საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა.

ქალაქის გაფართოება რამდენიმე მიმართულებით არის გათვალისწინებული. სანაპირო ზოლზე ქალაქს შეუერთდება გონიო, კვარიათი და ტერიტორია მდინარე ჩაქვისწყლამდე. ასევე ბათუმის საზღვრებში შევა სოფელ ქვედა სამების ტერიტორია, ასევე ურეხსა და ფერიის მთებს შორის არსებული ტერიტორიის ნაწილი. მთლიანობაში ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის გაზრდა 2 ათას 215 ჰექტარით იგეგმება.

მანამდე ამ რაიონების მაცხოვრებელთა შორის გამოკითხვა ჩატარდა. მოსახლეობის 83% ქალაქის ხელისუფლების ინიციატივას მხარს უჭერს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საკრებულოში.

პროექტის დამტკიცების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ტერიტორია ბათუმის ერთიან ინფრასტრუქტურაში შევა.

”მას შემდეგ, რაც საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ბათუმის საკრებულოს ინიციატივას დაამტკიცებს, ამ ტერიტორიებზე ბათუმის ინფრასტრუქტურის განვითარების და მოწყობის ახალი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყება”, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0