კულტურის სამინისტრო

ხელოვნების მუზეუმის შენობა ვერ აღდგება კულტურის სამინისტრო

75
(განახლებულია 22:31 22.07.2021)
ხელოვნების მუზეუმი სხვაგან გადადის, რადგან ამჟამინდელი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და აღდგენას პრაქტიკულად არ ექვემდებარება, აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრო იძულებულია ხელოვნების მუზეუმი სხვა ადგილზე გადაიტანოს, რადგან მისი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.

უფრო ადრე უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ძველი შენობის ორივე ფლიგელს – გუდიაშვილისა და პუშკინის ქუჩაზე – აიღებენ, რადგან ისინი დეფორმაციის, მიწისქვეშა წყლების დაგროვებისა და სეისმური უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსაბამობის გამო აღდგენას არ ექვემდებარება. მთელი შენობიდან შესაძლებელია მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის შენარჩუნება. მოგვიანებით ერთ-ერთმა ტელეარხმა განაცხადა, რომ სამინისტრო მთელი მუზეუმის აღებას აპირებს, რაც უწყებამ უარყო.

კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის ივლისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მუზეუმის შენობა სავალალო მდგომარეობაშია. აღინიშნება, რომ შენობის ფლიგელის გამაგრება გუდიაშვილის ქუჩაზე ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებსა და ხარჯებს უკავშირდება.

  • პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება; შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი; შენობის ქვეშ მიმდინარეობს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან; შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს, აცხადებენ უწყებაში.

„ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუზეუმის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და მუზეუმში დაცული უნიკალური ფონდების გადასარჩენად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიმდინარე წლის 15 ივლისს დაამტკიცა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმი... ამ გეგმის თანახმად აპირებს სამინისტრო მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების გადარჩენას და არა მუზეუმის დამონტაჟს, როგორც ეს ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ სიუჟეტში იყო ნათქვამი“, – განმარტავენ სამინისტროში.

კულტურის სამინისტრომ ასევე დაამტკიცა მუზეუმის ევაკუაციის გეგმა, რომლის თანახმად, 5 აგვისტოსთვის მისთვის შერჩეული იქნება ახალი შენობა. მუზეუმი ამ შენობაში 2022 წლის 5 თებერვლიდან გადავა.

საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაშია განთავსებული, რომელიც 1835 წელს აშენდა.

მუზეუმში უამრავი ღირებული ექსპონატია თავმოყრილი, მათ შორის თამარ მეფის ოქროს ჯვარი, ბაგრატ მესამის ოქროს თასი, უძველესი ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი, შუა საუკუნეების მონეტების კოლექცია, ასევე ქართველი და ევროპელი ოსტატების ნახატები, ჩინური და იაპონური ხელოვნების ნიმუშები, ეგვიპტური, ირანული და ინდური ხელოვნების ნაწარმოებები და სხვ.

75
თემები:
საქართველო და კულტურა (1139)
პრემია ლიტერა

სკანდალი „ლიტერას“ ირგვლივ: ჟიურის ოთხმა წევრმა პროტესტის ნიშნად კონკურსი დატოვა

27
(განახლებულია 23:33 30.07.2021)
საქართველოში ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დაარსდა და სხვადასხვა ნომინაციაში ყოველწლიურად გაიცემა.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ირგვლივ სკანდალი გრძელდება – ჟიურის ოთხმა წევრმა კონკურსი პროტესტის ნიშნად დატოვა, შესაბამისად, დარჩა მხოლოდ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დანიშნული ერთი წევრი. 

კონკურსი ასევე დატოვა მიმდინარე წლის პრემიის ნომინანტების ნაწილმაც, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრები უკან გაიწვიეს.

ბოიკოტის ძირითადი მიზეზი ჟიურის შემადგენლობაში სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძის ყოფნა გახდა. კონკურსზე ექვს ნომინაციაში 110 წიგნი იყო წარდგენილი.

ჟიურის შემადგენლობა დღეს დატოვა ბელა წიფურიამაც, რომელმაც ტელეკომპანია Formula-სთან განაცხადა, რომ საქმე ჟიურის არა კონკრეტულ წევრში, არამედ კულტურის სამინისტროს მხრიდან გამოჩენილ უნდობლობაშია. 

„წლევანდელ კონკურსზე ქვეყნაში შექმნილმა სიტუაციამ – ხელისუფლებისადმი საზოგადოების უნდობლობამ თავიდანვე იქონია ზეგავლენა. ისეთი შეგრძნებაა, რომ მთავრობა ცდილობს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო, მათ შორის ლიტერატურის, გააკონტროლოს“, – განაცხადა მან.

მანამდე ლიტერატურული კონკურსი დატოვეს ჟიურის წევრებმა ოქტაი კაზუმოვმა, რეზო თაბუკაშვილმა და ლელა კოდალაშვილმა.

ამასთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ იგი კონკურსში არ ერევა და კონკურსთან უწყებას მხოლოდ ის აკავშირებს, რომ ჟიურის შემადგენლობაში მეხუთე პირი სამინისტროს წარმომადგენელია.

„კონკურს „ლიტერას“ სრულ ორგანიზებას უწევს და ატარებს მწერალთა სახლი. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის გადარიცხულია 50 ათასი ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას მწერალთა სახლი ასევე დამოუკიდებლად განკარგავს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ლიტერატურილი პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დაწესდა. მას შემდეგ პრემია ყოველწლიურად გაიცემა. პროექტის მიზანი თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისებაა. „საბასთან“ ერთად „ლიტერა“ საქართველოში მთავარი ლიტერატურული პრემიაა.

27
თემები:
საქართველო და კულტურა (1139)
საკოლექციო მონეტები ლიეტუვაში მედეას და ოქროს საწმისის გამოსახულებით

მედეას პორტრეტი და სვაროვსკის კრისტალები: ლიეტუვაში საკოლექციო მონეტა მოიჭრება

37
(განახლებულია 15:51 30.07.2021)
მონეტაზე გამოსახულია მედეას პორტრეტი, რომელსაც ხუთი სხვადასხვა ზომისა და ფერის Swarovski-ს კრისტალები ამშვენებს.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ძველი კოლხეთის ლეგენდარული მეფე აიეტის ქალიშვილის – მედეას გამოსახულებით მონეტა ლიეტუვაში მოიჭრება.

ორი დოლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ავტორები არიან ივა იანეზაშვილი და ილუსტრატორი კახაბერ თოფჩიშვილი. მომდევნო თვეში ლიეტუვის ზარაფხანა სერიის „მითები სიყვარულზე“ ფარგლებში ამ მონეტას 500-იანი ტირაჟით მოჭრის.

„ამ სერიის პირველ ვერცხლის მონეტას ეწოდება „მედეა და ოქროს საწმისი“ და ეძღვნება გრძნობებს, რომელთა გარეშე ვერ იარსებებდა მედეას და იასონის სიყვარული: სინაზეს, სიმამაცეს და ერთგულებას“, – ნათქვამია ლიეტუვის ზარაფხანის განცხადებაში.

მონეტის რევერსის მთავარი კომპოზიცია მედეას რელიეფური გამოსახულებაა, რომელსაც ხუთი სხვადასხვა ზომისა და ფერის Swarovski-ს კრისტალები ამშვენებს. რკალში დატანილია წარწერა „მედეა და ოქროს საწმისი“ (Medea and the Golden Fleece). მონეტის ავერსზე გამოსახულია დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის პორტრეტი ხვიარა მცენარეების გარემოცვაში, ასევე იკითხება წარწერები „ELIZABETH II NIUE“, „2 DOLLARS“ და „2021".

მონეტის დამზადების დროს გამოიყენეს ულტრაიისფერი ბეჭდვის ტექნოლოგია. 62,2 გ წონის მონეტის ღირებულება ჯერ არ არის ცნობილი. ლიეტუვის ზარაფხანის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია წინასწარი შეკვეთის გაფორმება.

უჩვეულო მასტერ-კლასი თბილისში – დახატე ღვინით! >>

 

37
ბათუმი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი

0
(განახლებულია 10:31 30.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 31 ივლისია, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

ენერგია ჩქეფს, შრომისუნარიანობა სათანადო სიმაღლეზეა და ეს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. გამოიყენეთ ეს დრო წარმატების მისაღწევად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღე უფრო უკვე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად გამოდგება, ვიდრე ახლის დასაწყებად. დიდია ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული დავების ალბათობა.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ივლისი>>

ვერძი: დღეს შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ თუ გამდიდრდეთ არა, ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროთ მაინც. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია გაწეული შრომისთვის, ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან ან, ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. თუ უფრო შემოსავლიანი თანამდებობის მოძებნას აპირებდით, ამისთვის ეს დღე ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

კურო: ხართ ამაღლებულ, პოზიტიურ განწყობაზე და ამის წყალობით თქვენი საქმეები თავისით წაიწევს წინ. ერთნაირად, „თამაშ–თამაშით გაუმკლავდებით როგორც მონოტონურ სამუშაოს, ისე პროექტებს, რომლებიც ანალიზსა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს. შინაგანი ჰარმონიით აღსავსეებს დღეს ჩვეულებრივზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ და დაღლაც არ დაგეტყობათ.

ტყუპი: დღეს შრომისთვის მოულოდნელ ჯილდოს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის მადლობა, კარიერული ზრდა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. ასევე შესაძლებელია სხვა სასიამოვნო სიურპრიზები, მოვლენები, როგორიცაა ვალის დაბრუნება, დაუგეგმავი მოგება, მივლინება რომელიმე კურორტზე და სხვა. მოკლედ, დღეს ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ და არაა გამორიცხული, რომ სწორედ ეს დღე გახდეს თქვენს ცხოვრებაში იღბლიანი პერიოდის დასაწყისი.

კირჩხიბი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება სულაც არ განვითარდეს ისე, როგორ ელოდებით. რაღაც მომენტში შესაძლოა ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და ვითარება ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ცუდი მომზადების ან ინფორმაციების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდათ, რომ ყველაფერი ხელიდან გაგისხლტეთ, ისეთ საქმეებს შეეჭიდეთ, რომლებშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.

ლომი: აჯობებს იმ პროექტზე იმუშაოთ, რომელიც უკვე მომზადებული გაქვთ და შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია, რომ ამოქმედდეს. ამას გარდა, დღეს შეიძლება რაღაც კარგი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეუწყობს ამ პროექტის უახლოეს დღეებში ამუშავებას. ეს შეიძლება იყოს თანხის მიღება, ინფორმაცია, აუცილებელი კონტაქტები ან ახლობლების თანხმობა. უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, რათა პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამოქმედდეს.

ქალწული: ვარსკვლავები გაფრთხილებენ – შეიძლება შეეჯახოთ რაღაც ჭორებს, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შეიძლება გახდეთ ამ ჭორების არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ ეს ხმები თავად გაავრცელეთ. ასე რომ, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თუ თქვენს მოსაზრებებს გარშემომყოფების შესახებ თქვენთვისვე შეინახავთ. ხოლო იმას, რასაც ირგვლივ ლაპარაკობენ, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ – ასე მიაგნებთ ჭორების გავრცელების წყაროს და მისგან თავის დაღწევის შანსი გაგიჩნდებათ.

სასწორი: დღეს შეიძლება იეჭვიანოთ სხვების წარმატებებზე და იმედი გაგიცრუვდეთ საკუთარი თავის გამო. ეს შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე კოლეგის წახალისებამ ან იმის გაცნობიერებამ, რომ თქვენი საქმეები ჩიხში შევიდა. თუ გარშემომყოფები უფრო წარმატებულებად გეჩვენებათ, ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლებად იყუროთ აქეთ–იქით და საკუთარ საქმეებს მიხედოთ. გაიხსენეთ, როდესაც თქვენ იყავით ყველაზე წარმატებული და ეცადეთ, განეწყოთ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

მორიელი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ეს გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ კოლეგების, მეგობრების ან ახლობლების წარმატებების მიმართ. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს გაიძულებთ, იმოქმედოთ უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტული განწყობის კარნახით გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო ვერ გაბედავდით. და რამდენად გაამართლებს ეს რისკი, ამას უფრო მოგვიანებით, სხვა დღეს შეიტყობთ.

მშვილდოსანი: კონფლიქტისთვის ხართ განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენებათ გარშემომყოფებს. ერთი მხრივ, არ დაუშვებთ სხვების ჩარევას და მტკიცედ იდგებით თქვენს მოსაზრებაზე და მეორე მხრივ, ყველას გაკრიტიკებისა და დაუკითხავი რჩევების მიცემის სურვილი გამოძრავებთ. თქვენ თავად დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ. შესაძლოა, რაღაც საკითხებში მართლაც მართალი ხართ, მაგრამ არა სიმშვიდისა და ნერვების შენარჩუნების საკითხებში.

თხის რქა: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი უნარია, იგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი. სიტუაცია მოითხოვს, რომ გზადაგზა გაერკვიოთ ვითარებაში, მოერგოთ მას და წარმოადგინოთ თქვენი იდეები იმგვარად, რომ ისინი ირგვლივ მყოფებს აუცილებლად მოეწონოთ. შეგიძლიათ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან შეუცდომლად აირჩიოთ ის, რომელიც ყველაზე მომგებიანია თქვენთვის, თუნდაც ამისთვის მოქმედებების ჩვეული სტილის შეცვლა დაგჭირდეთ.

მერწყული: დღეს ნებისმიერი წამოწყებისთვის შესანიშნავი დღეა. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, პრაქტიკულად ყველა საქმე დროთა განმავლობაში მოგებასა და წარმატებას გპირდებათ. ასე რომ, თამამად დააწყვეთ გეგმები, წამოაყენეთ ახალი პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს შურით გაჟღენთილი კრიტიკაა. თუ ამ კრიტიკას მოუსმენთ და აჰყვებით, შესაძლოა, საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, რაც თქვენს საქმეებზე ცუდად აისახება.

თევზები: მოუსვენრობა შეგიპყრობთ და ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. თქვენი ენერგია გამოსავალს ეძებს, ეჭიდება ნებისმიერ შანსს, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოს. შესაძლოა, ინიციატივა გამოიჩინოთ და რომელიმე მივლინებას დათანხმდეთ რამე საბაბით, ან კამათში ჩაებათ იმისთვის, რომ რაღაც განსხვავებული მოხდეს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში არ მიდიოდეს. და თუ საქმეებს ადრე მორჩებით, შემდეგ შეგიძლიათ მთელი შემართებით გაერთოთ.

0