ფოლკლორის ცენტრი

საქართველოში „ხალხური საღამოების“ ფესტივალი ტარდება

48
(განახლებულია 16:04 09.07.2021)
პროექტში ჩართული არიან შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, აჭარის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონები.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ფოლკლორის ცენტრის ფესტივალი „ხალხური საღამოები“ საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში იმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მუსიკალურ ფესტივალში 18 ფოლკლორული და 16 საოჯახო ანსამბლი, ასევე სამი ინდივიდუალური შემსრულებელი მონაწილეობს.

„ხალხური საღამოები“ სხვადასხვა ლოკაციებზე – სკვერებში, ტაძრებისა და ეთნოგრაფიული სახლ-მუზეუმების ეზოებში, სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების სტადიონებზე ტარდება.

ფოლკლორის ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საზაფხულო კონცერტები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

 

48
თემები:
საქართველო და კულტურა (1139)
წიგნები

პრემია „ლიტერადან“ გელა ჩარკვიანის და სხვა ავტორების წიგნები მოიხსნა

49
ბოლო დღეებში კონკურსი პროტესტის ნიშნად დატოვა ჟიურის ოთხმა წევრმა და მიმდინარე წლის პრემიის ნომინანტების ნაწილმაც. თავიდან კონკურსზე ექვს ნომინაციაში 110 წიგნი იყო წარდგენილი.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ირგვლივ სკანდალი გრძელდება – დღეს გელა ჩარკვიანმა თავისი წიგნი კონკურსიდან მოხსნა.

ბოლო დღეებში კონკურსი პროტესტის ნიშნად დატოვა ჟიურის ოთხმა წევრმა, შესაბამისად, დარჩა მხოლოდ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დანიშნული ერთი წევრი. კონკურსი ასევე დატოვა მიმდინარე წლის პრემიის ნომინანტების ნაწილმაც, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრები უკან გაიწვიეს.

„გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი” მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” პრემია „ლიტერადან” ხსნის“, - ნათქვამია გამომცემლობა „არტანუჯის“ განცხადებაში.

გარდა ამისა, კონკურსიდან გამომცემლობა „ინტელექტის“ ყველა წიგნი მოიხსნა.

„ჩვენი ავტორებისა და დიზაინერების გადაწყვეტილებით, გამომცემლობა „ინტელექტმა“ პრემია „ლიტერადან“ ყველა წიგნი მოხსნა!“ - ნათქვამია გამომცემლობის განცხადებაში, სადაც მოყვანილია ავტორების და წიგნების ჩამონათვალი - სულ 44 წიგნი.

ბოიკოტის ძირითადი მიზეზი ჟიურის შემადგენლობაში სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძის ყოფნა გახდა. კონკურსზე ექვს ნომინაციაში 110 წიგნი იყო წარდგენილი.

ლიტერატურული კონკურსი დატოვეს ჟიურის წევრებმა ბელა წიფურიამ, ოქტაი კაზუმოვმა, რეზო თაბუკაშვილმა და ლელა კოდალაშვილმა. ბელა წიფურიას თქმით, საქმე ჟიურის არა კონკრეტულ წევრში, არამედ კულტურის სამინისტროს მხრიდან გამოჩენილ უნდობლობაშია.

ამასთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ იგი კონკურსში არ ერევა და კონკურსთან უწყებას მხოლოდ ის აკავშირებს, რომ ჟიურის შემადგენლობაში მეხუთე პირი სამინისტროს წარმომადგენელია.

ლიტერატურილი პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დაწესდა. მას შემდეგ პრემია ყოველწლიურად გაიცემა. პროექტის მიზანი თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისებაა. „საბასთან“ ერთად „ლიტერა“ საქართველოში მთავარი ლიტერატურული პრემიაა.

49
დიჯეის „პულტი“

თბილისში კლუბური კულტურის თემაზე გამოფენა გაიხსნა

38
გამოფენის პარალელურად, თბილისის კლუბური კულტურის სცენაზე ხუთი მუსიკოსი თავის შემოქმედებას წარადგენს.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. თბილისში, ფიქრის გორაზე, NINO GOGE GALLERY-ში გაიხსნა გამოფენა Unspoken: Words of Silence and Noise, რომელიც კლუბურ კულტურებს სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში წარმოადგენს. ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

გამოფენაზე ნაჩვენები იქნება მხატვრულ-ესთეტიკური შეხედულებები თბილისის ახალგაზრდულ, სუბ- და კლუბური კულტურების შესახებ.

გამოფენა დღეს, 31 ივლისს 19:00 საათზე გაიხსნა და 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორია NINO GOGE GALLERY, კურატორი - ვახტანგ ჭეიშვილი.

გამოფენის პარალელურად, თბილისის კლუბური კულტურის სცენაზე ხუთი მუსიკოსი თავის შემოქმედებას წარადგენს.

მათ შორის არიან შემდეგი მუსიკოსები და თემები:

31 ივლისი - ნატალია ბერიძე (სიმამაცე)

6 აგვისტო - რეზო ღლონტი (ვნება)

12 აგვისტო - თამადა (გართობა)

24 აგვისტო - ზესკნელ (ბრაზი)

29 აგვისტო - საფილეუმი (ცნობისმოყვარეობა)

„რა აღქმადი, სოციალური და პოლიტიკური შესაძლებლობები გააჩნია ახალგაზრდულ, სუბ- და კლუბურ კულტურებს და როგორ შეიძლება მათი მხატვრული განხილვა საგამოფენო კონტექსტში? გამოფენის ძირითადი კონცეფცია და იდეები სწორედ ამ კითხვების გარშემო ერთიანდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორების თქმით, გამოფენა ასახავს ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, რომლებიც 1918 წლიდან დღემდე თან ახლავს საქართველოს ახალგაზრდულ, სუბ- და საკლუბო კულტურას. მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით, გამოფენა სწორედ იმ ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებსაც ეხება, რომლებიც, ზემოთ აღნიშნული კულტურებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე დროს, ის ცდილობს გამაერთიანებელი, გლობალური ნიშან-თვისებების პოვნას, აღნიშნულია განცხადებაში.

გამოფენაზე იქნება წარდგენილი გურამ წიბახაშვილის და ომარ გოგიჩაიშვილის (Hitori Ni) ფოტონამუშევრები. დამთვალიერებელი ასევე ნახავს ვიდეონამუშევარს, რომელშიც გამოყენებულია საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს „პირველი არხის“ არქივისა და პირადი წყაროების მასალები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ვიდეონამუშევარი წარმოადგენს მხატვრულ და დოკუმენტურ რეტროსპექტულ განმარტებას საქართველოს ახალგაზრდულ, სუბ- და კლუბურ კულტურებზე.

38
სეისმოგრაფი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა კვლავ სოფელ სამებასთან

0
მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან ახლოს, ცხრა კილომეტრ სიღრმეში მდებარეობდა

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

სეისმოლოგი: გახშირებული მიწისძვრები საქართველოში საყურადღებოა>>

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 21:09 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კმ სიღრმეში მდებარეობდა.

ივნისსა და ივლისში სეისმოლოგებმა ამ ტერიტორიაზე 3,0–4,0 მაგნიტუდის ორ ათეულამდე მიწისძვრა დააფიქსირეს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში