ტაძარი მოსკოვში

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რეზო გაბრიაძის პანაშვიდი გაიმართება

57
(განახლებულია 22:57 09.06.2021)
პანაშვიდი თბილისში გამოსამშვიდობებელი ცერემონიის პარალელურად გაიმართება – რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გამოჩენილი რეჟისორის, მწერლის, სცენარისტისა და მხატვრის, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებლის რეზო გაბრიაძის პანაშვიდი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ხუთშაბათს, 10 ივნისს, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე გაიმართება.

მოსკოვში ქართველ ხელოვანთან გამომშვიდობების ცერემონია წმინდა გიორგის ტაძარში, ხოლო სანქტ-პეტერბურგში – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაიმართება.

პანაშვიდი თბილისში გამომშვიდობების ცერემონიის პარალელურად გაიმართება. რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. მას ანჩისხატიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.

გამოჩენილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი (1981) რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. ყველა ეს ფილმი ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.

გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.

57
ხარაჩოები გელათის მონასტერში

ქართველი რესტავრატორები გელათის ტაძარს იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლისთვის ამზადებენ

39
(განახლებულია 13:41 12.06.2021)
უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით, პრობლემების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსს ეწვია და საქართველოში იუნესკოს ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითადი ტაძრის შიდა და გარე პერიმეტრზე კედლის ფერწერის და სახურავის სრულფასოვნად შესასწავლად ხარაჩოები აღიმართა.

იუნესკოს ექსპერტები გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს და ზიანის გამოსწორების მიზნით სამოქმედო გეგმას დასახავენ.

უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით, გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებული პრობლემების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მომდინარე წლის აპრილიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული სიტუაციის შესწავლისა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. სამინისტროსთან შეიქმნა არქიტექტორ-რესტავრატორთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს. პარალელურად შეიქმნა კედლის მხატვრობის რესტავრატორთა ჯგუფი დაზიანებული ფერწერის შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარე წლის 25 მაისს ხელოვნებათმცოდნეებსა და კედლის მხატვრობის რესტავრატორებთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლამდე მოხდება ფერწერის ფენის კვლევა. კვლევის პარალელურად, ქართველმა პროფესიონალმა რესტავრატორებმა დაზიანებულ ფრესკებს უნდა რეგულარულად მოაშორონ მარილი იმ ადგილებში, სადაც ეს ფერწერის დაზიანების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია.

39
ანზორ ერქომაიშვილი

თბილისში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

31
(განახლებულია 18:52 11.06.2021)
მერიის ინფორმაციით, ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის სახელის უკვდავსაყოფად და იმ საქმისადმი მადლიერების გამოსახატად დაარსდა, რომელიც მან ქართული ფოლკლორის გადარჩენისა და განვითარებისთვის გასწია.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ახალ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც დიდი ქართველი მუსიკოსის, მომღერლის, საგუნდო დირიჟორის, ხალხური სიმღერების შემკრებისა და პედაგოგის, ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ქართველი მომღერალი, ლოტბარი და ფოლკლორის გამორჩეული ქომაგი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს კორონავირუსის გართულებით გარდაიცვალა. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

„ღონისძიების სტატუსი საერთაშორისოა, თუმცა წელს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ფოლკლორული ანსამბლების სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც მსმენელის წინაშე საკონცერტო პროგრამებით მხოლოდ ქართული ანსამბლები წარდგებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფესტივალის ფარგლებში წელს ოთხი კონცერტი გაიმართება: 12 ივნისს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ წარდგება მაყურებლის წინაშე; 13 ივნისს – ქართული სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“; 19 ივნისს – საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი“; 20 ივნისს – აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“.

ქვეყანაში არსებული კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე www.biletebi.ge.

ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. 1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

31
თემები:
საქართველო და კულტურა
მსხალი ყუთებში

შიდა ქართლში თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

0
(განახლებულია 14:40 13.06.2021)
ახალ მეურნეობაში 1000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა  შესაძლებელი. ეს ფერმერებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავების შესაძლებლობას მისცემს.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი  ახალი სამაცივრე მეურნეობა პროდუქციის მისაღებად უკვე მზადაა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სამაცივრე მეურნეობაში 1000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში სეზონურად 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

შპს „ქულსერვისის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1,2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600 ათასი ლარი გრანტია, ხოლო 300 ათასი ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, პროგრამა ითვალისწინებს მიზნობრივ კრედიტებს დაბალი ტარიფით ფერმერების დასახმარებლად.

„მოგეხსენებათ, შიდა ქართლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებით გამორჩეული რეგიონია. ახალი მეურნეობა საშუალებას მისცემს ფერმერებს, შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, განვლილი წლების განმავლობაში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 180 მლნ ლარზე მეტი ღირებულების  1,700-ზე მეტი სესხი, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ კი დაახლოებით 27 მლნ ლარი შეადგინა.

„შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხით შენახვას და  გადამუშავებას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა  დაათვალიერეს.

0