რეზო გაბრიაძე

„უნიკალური ყველაფერში, რასაც აკეთებდა“: რუსეთში რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას გლოვობენ

46
(განახლებულია 21:23 08.06.2021)
მაგი და ჯადოქარი, დიდი ოსტატი, რომლის სახელიც კინემატოგრაფიის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა – რუსეთში რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მხატვრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გულისტკივილი და სამძიმარი გამოთქვეს რუსეთში. ქვეყნის კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ აღნიშნა, რომ ოსტატის სახელი კინემატოგრაფიის ისტორიაში სამარადჟამოდ არის ჩაწერილი.

„გაბრიაძემ მდიდარი შემოქმედებითი ცხოვრება განვლო. მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწერა კინემატოგრაფიის ისტორიაში. ფილმები, რომელთა სცენარიც მან დაწერა, მილიონობით მაყურებელმა შეიყვარა, ხოლო მის მიერ მოფიქრებული დიალოგები ფრთიანი ფრაზების სახით ჩაიბეჭდა ჩვენს გონებაში. მისი მრავალმხრივი ნიჭი გამოვლინდა ქანდაკებასა და ხელოვნებაში. „ჩიჟიკ–პიჟიკის" ქანდაკება ერთ-ერთი საყვარელი ღირსშესანიშნაობა გახდა სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებლებისა და მისი სტუმრებისთვის, ხოლო 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციებმა ეს წიგნები ძალზე მიმზიდველი გახადა.

როგორც რეჟისორი და სცენარისტი, რეზო გაბრიაძე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღაირეს. მის ნამუშევრებს უდიდეს თეატრალურ სცენებზე აღფრთოვანებით იღებდნენ. ვუსამძიმრებ რეზო გაბრიაძის ახლობლებს, მეგობრესა და კოლეგებს. ნათელი ხსოვნა მის სახელს“, – აღნიშნულია ლიუბიმოვას წერილში.

„რენესანსის ადამიანი რეზო გაბრიაძე უნიკალური იყო ყველაფერში, რასაც აკეთებდა. ის გვხიბლავდა თავისი მრავალფეროვანი ნიჭით. მისი სცენარით გადაღებული ყველა ფილმი შედევრია, ასევე შედევრებია მისი ქანდაკებები და სურათები, ლიტერატურული ტექსტები, და ბოლოს, მისი მარიონეტების თეატრი – ეს უდიდესი თეატრია. მასში საოცრად იყო შერწყმული გამაოგნებელი ირონია და სამყაროს, ადამიანების, ცხოვრებისადმი უზარმაზარი სიყვარული. მან ყველაფერი იცოდა, ყველაფერი ესმოდა ჩვენს ცხოვრებაზე, თითოეულ ჩვენგანზე, თავის მშობლიურ საქართველოზე“, – დაწერა რუსეთის სახალხო არტისტმა, რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ ალექსანდრ კალიაგინმა.

რეზო გაბრიაძე: დიდი ოსტატის ცხოვრება და შემოქმედება − ფოტო>>

კალიაგინის თქმით, გაბრიაძის გვერდით ყოველთვის იქმნებოდა სითბოს, ადამიანური სინაზისა და სიბრძნის რაღაც სრულიად საოცარი, განსაკუთრებული ატმოსფერო. მან მსოფლიო აავსო თავისი ღიმილით, იუმორის ფაქიზი გრძნობით, თავისი საოცარი სპექტაკლებით.

„მან თავისი ხელოვნება გვაჩუქა, რისთვისაც სამუდამო მადლობა მას. გმადლობთ, დიდო გაბრიაძე, მაგო და ჯადოქარო, ყოველთვის გვემახსოვრები“, – დაწერა კალიაგინმა.

46
თემები:
რუსეთი დღეს (887)
რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრი მოსკოვში ჩეხოვის თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება

58
ქართველი არტისტები წარადგენენ გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, მაესტრო გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილ სპექტაკლს „თამაშის დასასრული“.

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი რეჟისორ რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში, ჩეხოვის თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება.

ქართველი არტისტები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს „მოსსოვეტის“ თეატრის სცენაზე წარადგენენ სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ (Endgame). Endgame ფრანგი და ირლანდიელი მწერლის, დრამატურგ-ექსპერიმენტატორის, ნობელის პრემიის ლაურეატის სემუელ ბეკეტის ტრაგიკომედიაა.

ფესტივალში დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების თეატრები მონაწილეობენ.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი - ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. უჩვეულო პიესაა, უჩვეულო ავტორი და, ჩემი აზრით, მსახიობებიც არ თამაშობენ ცუდად", - განაცხადა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რუსეთის „პირველ არხთან“ ინტერვიუში.

„თამაშის დასასრული“ სამყაროს არსებობის ბოლო წუთებზეა. რაღაც გლობალურმა კატასტროფამ ცივილიზაცია გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ ოთხი ადამიანი, და მათი აღსასრულიც ახლოვდება.

სპექტაკლი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, მაესტრო გია ყანჩელის ხსოვნას, რომელიც რობერტ სტურუას თანაავტორი და დიდი ხნის მეგობარი იყო.

საქართველოში სპექტაკლის პრემიერა 2020 წლის 20 თებერვალს შედგა.

ჩეხოვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 1992 წელს დაარსდა. მას შემდეგ ფესტივალმა 51 ქვეყნის 500-ზე მეტი სპექტაკლი აჩვენა.

58
ბაკურიანი

ბაკურიანში ქართული ფილმების კინოფორუმი გაიმართება

32
(განახლებულია 13:53 20.06.2021)
წელს ბაკურიანი ქართულ კინოფორუმს მესამედ უმასპინძლებს. ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ბაკურიანში 25-30 ივნისს გაიმართება კინოფორუმი „ნახე პირველად ბაკურიანში“, სადაც საზოგადოება იხილავს იმ ახალ ქართულ ფილმებს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს, იუწყება ეროვნული კინოცენტრი.

კინოცენტრის ინფორმაციით, ღონისძიება რეგულაციების დაცვით ჩატარება. მისი მონაწილეები ნახავენ უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს (სულ 20-მდე ფილმს).

ფილმებს შორისაა ქართველი რეჟისორის – ზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევარი „ანტონი“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შერჩეული და უკვე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ფილმი „დასაწყისი“ (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი), ასევე საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ (რეჟისორი სალომე ჯაში) და ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, რომლის მსოფლიო პრემიერაც წელს გაიმართა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ბაკურიანის კინოფორუმს დაესწრებიან კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კინოჩვენებების გარდა, ფორუმის სტუმრებს „შემოქმედებითი ევროპა” შესთავაზებს პროგრამის პრეზენტაციასა და საინტერესო დისკუსიებს ქართულ კინემატოგრაფში მიმდინარე პროცესებზე.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან შპს „ემ თი ეი “ , „შემოქმედებითი ევროპა“ , სასტუმრო „კრისტალი“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

 

32
სასამართლო

ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობა: ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო

0
(განახლებულია 14:47 21.06.2021)
არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის დაკავებულებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. იაღლუჯას საწვრთნელ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის, დიმიტრი დევდარიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი დაიწყო. 

ახალწვეულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე  დაკავებულია შსს–ს ორი თანამშრომელი დიმიტრი დევდარიანი და გიორგი ბიჩელაშვილი.  8 ივნისს გამართულ  სასამართლო პროცესზე დევდარიანმა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მხრიდან განხილვაზე თანხმობა განაცხადა, ბიჩიაშვილი კი წინააღმდეგი წავიდა. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო.

საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 ადამიანისგან შედგება.

საბრალდებო ვერდიქტის გამოსატანად ხმათა სამი მეოთხედია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იყოს ცნობილი. განსაკუთრებით მძიმე საქმეში კი განაჩენის გამოტანისას სასამართლო უნდა შედგებოდეს 12 კაცისგან და ვერდიქტი აუცილებლად უნდა იყოს ერთსულოვანი.

დევდარიანის ადვოკატის დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„დღევანდელ სხდომაზე დაიწყება ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად პროცედურული საკითხების მათ შორის  კითხვარების განსაზღვრა.  დავით დევდარიანი დუმილის უფლებას იყენებს.  იგი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენებას აუცილებლად მისცემს. ჩვენ მისი უდანაშაულობის დამტკიცებას შევეცდებით“, – განაცხადა ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან. 

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

კერძოდ, 2020 წლის მარტში დევდარიანი სამხედროებს სპეციალური ეკიპირებით, რომელიც 10 კილოგრამს იწონის, ორი საათის განმავლობაში მუხლზე დამდგარს აიძულებდა, კბილის ჯაგრისით გაეხეხათ ყაზარმის საპირფარეშოს იატაკი.

ორი თვის შემდეგ, 2020 წლის მაისში მან გაიმეორა მსგავსი ქმედება სხვა სამხედროების მიმართ და მათ საპირფარეშოს ხეხვა 11 საათის განმავლობაში აიძულა.

დევდარიანი ასევე გადის სამხედრო მოსამსახურის ცემის ეპიზოდში 2020 წლის ივლისში.

მეორე დაკავებულს ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებით სამხედროების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ის სამ ეპიზოდში ფიგურირებს.

შსს-ს გენერალური ინსპექციის ინფორმაციით, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები დასტურდება ათეულობით მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ფოტო-მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით და სხვა მტკიცებულებებით.

აპრილში სასამართლო მოსმენაზე ცნობილი გახდა, რომ საქმეში ობიექტების დაცვის დეპარტამენტის კიდევ თანამშრომელი, ბიჩელაშვილისა და დევდარიანის უშუალო უფროსი ფიგურირებდა. მარტის ბოლოს მან თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე რვა თვით ადრე ის დაიკითხა.

0