დახვეწილი და გემოვნებიანი ქალბატონი - ნანი ბრეგვაძე

ნანი ბრეგვაძის 85 წლის იუბილე რამდენიმე კონცერტით აღინიშნება

61
(განახლებულია 22:19 03.06.2021)
ქალბატონმა ნანიმ თითქოს დრო შეაჩერა – ის დღესაც ისეთივე დახვეწილი და ელეგანტურია, როგორც მრავალი წლის წინ.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ქართული სცენის ლეგენდას ნანი ბრეგვაძეს 21 ივლისს 85 წელი უსრულდება. შესანიშნავი მომღერლისა და ქალბატონის იუბილე რამდენიმე კონცერტით აღინიშნება, სადაც თავად წარდგება მაყურებლის წინაშე, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ამბობს  რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთან“ ინტერვიუში კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი.

ღონისძიებას ორგანიზებას მთლიანად გაუწევს საქართველოს კულტურის პალატა. დავით ოქიტაშვილის თქმით, იუბილეს აღნიშვნა დაიწყება წინანდლიდან, სადაც იქნება ბევრი მუსიკოსი, უამრავი სტუმარი და „ძალიან დიდი სიურპრიზი“, რომლის „გამხელის უფლებაც ჯერ არ აქვს“. კონცერტი გაიმართება ბათუმშიც, სექტემბრის დასაწყისში კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

კულტურის პალატის თავმჯდომარის თქმით, ეს კონცერტები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული იქნება შემადგენლობით, მრავალფეროვნებითა და პროგრამით.

ასევე იგეგმება ნანი ბრეგვაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენის გამართვა, სადაც მისი სურათები, საკონცერტო სამოსი იქნება წარმოდგენილი.

ნანი ბრეგვაძის სიმღერებზე არაერთი თაობა აღიზარდა და ის მრავალი ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო. ნიკოლოზ რაჭველმა ერთ-ერთ იუბილეზე მას ემოციური სიტყვები მიუძღვნა: „თუ ქართულ (და არა მარტო) სიმღერაში არსებობს მწვერვალი, ის ნამდვილად მისი დამკვიდრებულია და ძალზედ რთულია მის სტანდარტთან მიახლოება! მისი გემოვნება, შემოქმედებითი ცხოვრების გზა, ღვთისნიერება და პიროვნული ღირსებები მაგალითი იყო, არის და იქნება ჩემთვის მუდამ!“

მართლაც, უსაზღვრო ნიჭი, საოცარი სინაზე, ხელოვნებისადმი სიყვარული და, რაც მთავარია, კაცთმოყვარეობა, რომელიც მის თითოეულ სიმღერაში იგრძნობა, დღესაც იპყრობს მილიონობით ადამიანის გულს. ნანი ბრეგვაძე დღემდე წარმატებით გამოდის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენაზე.

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი.

ნანი ბრეგვაძის ოჯახში ყველა მღეროდა. როგორც თვითონ ამბობს, სიმღერა „გენეტიკურად ერგო“. მართლაც, დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ, ხოლო დედა და მისი ხუთი და-ძმა ასევე არაჩვეულებრივად მღეროდნენ. პატარა ნანი უკვე 6 წლის ასაკში ასრულებდა ძველ რუსულ სიმღერებს და რომანსებს გიტარის თანხლებით.

მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს განხრით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.

სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.

1959–64 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი.

„ქართული სცენის უკვდავი დედოფალი" - ნანი ბრეგვაძემ კვლავ გააკვირვა საქართველო >>>

მისი პირველი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება უკავშირდება 1964 წლის გასტროლებს პარიზში მოსკოვის მიუზიკ-ჰოლთან ერთად. მაშინ ნანი პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ „ოლიმპიაში“, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ „ორერაში“, სადაც 15 წელი მღეროდა.

1980 წლიდან ნანი ბრეგვაძემ სოლო–კარიერა დაიწყო. მის რეპერტუარში წამყვანი ადგილი უჭირავს ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო ნაწარმოებებს და უამრავი ახალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელიცაა.

მას დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიკული სიმღერის აღმავლობაში. მაღალი ოსტატობით ასრულებს როგორც ქართულ, ასევე რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით, ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს. ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა.

ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, მათ შორის: „ვერის უბნის მელოდიები”, „შეხვედრა მთაში”, „დათა თუთაშხია”, „საბუდარელი ჭაბუკი”, „განგაში” და სხვ.

1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვვლავი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
1983 — სსრკ სახალხო არტისტი
1974 — საქართველოს სახალხო არტისტი
1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალი
1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი
დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით

ნანის მუსიკალურ გზას ქალიშვილი — ეკა მამალაძე და შვილიშვილი — ნატალია ქუთათელაძე აგრძელებენ. ნატალიამ საოპერო მომღერლის კარიერა აირჩია. ახლა ისინი ხშირად სამნი ერთად დგანან სცენაზე.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამ ლეგენდარულ ქალბატონს დაბადების დღეს და ამ მასალას მისი სიტყვებით დავასრულებთ: „თუ ვინმემ ხელი მოგკიდა და ხელში აყვანილი გატარა, უკან მოხედვისას შენს გავლილს ვეღარ დაინახავ, ვერც მომღერლად შედგები და ყოველთვის სხვას დაელოდები დასახმარებლად".

61
თემები:
ქართველი სელებრითები (441)
ხარაჩოები გელათის მონასტერში

ქართველი რესტავრატორები გელათის ტაძარს იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლისთვის ამზადებენ

40
(განახლებულია 13:41 12.06.2021)
უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით, პრობლემების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსს ეწვია და საქართველოში იუნესკოს ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითადი ტაძრის შიდა და გარე პერიმეტრზე კედლის ფერწერის და სახურავის სრულფასოვნად შესასწავლად ხარაჩოები აღიმართა.

იუნესკოს ექსპერტები გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს და ზიანის გამოსწორების მიზნით სამოქმედო გეგმას დასახავენ.

უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით, გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებული პრობლემების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მომდინარე წლის აპრილიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული სიტუაციის შესწავლისა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. სამინისტროსთან შეიქმნა არქიტექტორ-რესტავრატორთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს. პარალელურად შეიქმნა კედლის მხატვრობის რესტავრატორთა ჯგუფი დაზიანებული ფერწერის შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარე წლის 25 მაისს ხელოვნებათმცოდნეებსა და კედლის მხატვრობის რესტავრატორებთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლამდე მოხდება ფერწერის ფენის კვლევა. კვლევის პარალელურად, ქართველმა პროფესიონალმა რესტავრატორებმა დაზიანებულ ფრესკებს უნდა რეგულარულად მოაშორონ მარილი იმ ადგილებში, სადაც ეს ფერწერის დაზიანების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია.

40
ანზორ ერქომაიშვილი

თბილისში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

33
(განახლებულია 18:52 11.06.2021)
მერიის ინფორმაციით, ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის სახელის უკვდავსაყოფად და იმ საქმისადმი მადლიერების გამოსახატად დაარსდა, რომელიც მან ქართული ფოლკლორის გადარჩენისა და განვითარებისთვის გასწია.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ახალ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც დიდი ქართველი მუსიკოსის, მომღერლის, საგუნდო დირიჟორის, ხალხური სიმღერების შემკრებისა და პედაგოგის, ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ქართველი მომღერალი, ლოტბარი და ფოლკლორის გამორჩეული ქომაგი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს კორონავირუსის გართულებით გარდაიცვალა. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

„ღონისძიების სტატუსი საერთაშორისოა, თუმცა წელს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ფოლკლორული ანსამბლების სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც მსმენელის წინაშე საკონცერტო პროგრამებით მხოლოდ ქართული ანსამბლები წარდგებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფესტივალის ფარგლებში წელს ოთხი კონცერტი გაიმართება: 12 ივნისს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ წარდგება მაყურებლის წინაშე; 13 ივნისს – ქართული სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“; 19 ივნისს – საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი“; 20 ივნისს – აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“.

ქვეყანაში არსებული კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე www.biletebi.ge.

ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. 1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

33
თემები:
საქართველო და კულტურა
ფურისულა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ივნისი

0
(განახლებულია 10:45 13.06.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 14 ივნისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

არ იჩქაროთ. დღეს შეიძლება ბევრი რამ ჩვეულებრივზე რთული გასაკეთებელი იყოს. უკან არ დაიხიოთ, თუ გზაზე დაბრკოლებები შეიქმნა. ასევე რთული იქნება ერთობლივ სამუშაოზე შეთანხმება, ადვილი არ იქნება კომპრომისის მოძებნა. სერიოზული უთანხმოებების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება, თუ მეგობრულად და ტაქტიანად მოიქცევით.

მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: ხართ ენერგიული, წარმატების მისაღწევად უკან არაფერზე იხევთ. გზაზე არ გაჩნდება დაბრკოლება, რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებთ. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები. შესაძლოა, მათ რამე ახალი ინფორმაცია მოგაწოდონ ან საინტერესო იდეა შემოგთავაზონ. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები. ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული იქნება, შესანიშნავად უგებთ ერთმანეთს.

კურო: მშფოთვარე დღეა. არ არის გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ გზადაგზა და ეს მაინცდამაინც არ მოგეწონებათ. შესაძლოა გადაიდოს შეხვედრები, რომლებსაც მოუთმენლად ელოდებოდით, საკითხების გადაჭრა, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის. სამაგიეროდ გაიხსნება ახალი შესაძლებლობები. უნდა ეცადოთ, რომ მოცემული შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გამოიჩინეთ ინიციატივა როგორ საქმეებში, ისე პირად ურთიერთობებში.

ტყუპი: იღბლიანი იქნება დღის პირველი ნახევარი. დარწმუნებული ხართ თქვენს წარმატებებში და ინტუიცია არ გღალატობთ – მართლაც შესანიშნავი შედეგების მიღწევა შეგიძლიათ. კარგი დროა გეგმების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება ადრე დაწყებული საქმეების დამთავრება, პასუხების პოვნა კითხვებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსვენებას არ გაძლევთ.

კირჩხიბი: დღის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელია. გაქვთ შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოთ მნიშვნელოვან საქმეში, რომლისთვისაც ძალღონე არ დაიშურეთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა საქმიან სფეროში თანდათანობით მიილევა, მაგრამ ის კვლავ ძლიერი დარჩება პირად ურთიერთობებში. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ შეყვარებულ კირჩხიბებს. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად საერთო გეგმები განიხილოთ და იოცნებოთ.

ლომი: მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საქმე და საზრუნავი გექნებათ, დღეს ვერც უიღბლოსა და ვერც დაძაბულს ვერ ვუწოდებთ. ბევრ რამეს შესანიშნავად უმკლავდებით, მათ შორის, რთულ ამოცანებსაც. მოსალოდნელია შეხვედრა ძველ ნაცნობებთან, შესაძლებელია მათთან საერთო გეგმებიც გაჩნდეს.. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საჭიროა ყურადღება მცირე დეტალების მიმართ, რაც ზოგიერთ თქვენგანს გაუჭირდება.

ქალწული: დღის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული ემოციური ფონით იქნება გამორჩეული. შესაძლოა, მცირე წვრილმანებზეც კი ინერვიულოთ; მოსალოდნელია უთანხმოებები ახლობლებთან. ეს გაგანერვიულებთ. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დაგიბრუნდებათ ოპტიმიზმი, უკეთ გააკონტროლებთ თავს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. ახლობლებთან და საქმიან პარტნიორებთან შედეგიანი საუბრები.

სასწორი: ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში არ გადაიღალოთ. ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისე განწყობაზე. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფრის მშვიდად მოსაფიქრებლად დრო გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და ხელსაყრელი იქნება. მოგეცემათ რაღაც მნიშვნელოვან საქმეებთან გამკლავების საშუალება. ბევრი მიაღწევს წარმატებას იქ, სადაც ფანტაზიაა საჭირო.

მორიელი: დღის დასაწყისი შესაფერისი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მიიღოთ წინადადება, რომელიც ძალიან დაგაინტერესებთ. ასევე შეიძლება გაჩნდეს ძველი საქმიანი კავშირების აღდგენის შანსი. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ საშუალება, რომ გამოასწოროთ რომელიმე ძველ საქმეში დაშვებული შეცდომები. დიდი ალბათობაა, რომ თანხა მიიღოთ – შესაძლოა, დიდი არა, მაგრამ ეს მაინც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი ნივთების შეძენაში.

მშვილდოსანი: შეიძლება ითქვას, რომ აღმაფრენის დღეა, რომელიც მოგიტანთ კარგ და მნიშვნელოვან სიახლეებს. გექნებათ ძველი კავშირების აღდგენის საშუალება. ასევე მოსალოდნელია, რომ მიიღოთ უჩვეულო, საინტერესო წინადადება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის, მომგებიანი გარიგებების დადებისთვის, თანამშრომლობაზე შეთანხმებისთვის. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯებიც, მაგრამ ეს ფუჭად დახარჯული ფული არ იქნება.

თხის რქა: ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყება, მაღალია წარმატებების სწრაფად მიღწევის შანსი. არაა გამორიცხული სასარგებლო ნაცნობობა. ხართ ძალზე მომხიბვლელი, ამიტომ თქვენდამი გულგრილი ვერავინ დარჩება. შესაძლოა, ვიღაც თქვენდამი სასიყვარულო გრძნობითაც განიმსჭვალოს. დღის მეორე ნახევარში კარგად წარიმართება სახლის საქმეები. შეგიძლიათ იყიდოთ ავეჯი, ყოფითი ტექნიკა და სხვა ნივთები სახლისთვის.

მერწყული: ეცადეთ, შეინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი და სწორად შეაფასოთ თქვენი ძალები. რეალური შეხედულებები იმედგაცრუებისგან გიხსნით. აჯობებს, თუ ყურადღებას გაამახვილებთ პრაქტიკულ ამოცანებზე, ისეთზე, რომლებიც უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგების მიღების საშუალებას იძლევა. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია შეხვედრები ძველ ნაცნობებთან. ეს ძალიან გაგახარებთ. მოგეცემათ ადრე დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსი.

თევზები: დღე კარგად აეწყობა, მაგრამ თქვენ დაჟინებით ცდილობთ მოძებნოთ საბაბი იმისთვის, რომ აღელდეთ და განაწყენდეთ. ეცადეთ, უფრო პოზიტიურად განეწყოთ. ამ შემთხვევაში ბევრ საინტერესო შესაძლებლობას აღმოაჩენთ, მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ წარმატებას. არ გარისკოთ იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. ფრთხილად მოქმედებით ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. დაფიქრებით ნათქვამი სიტყვა და მოქმედება როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

0