ანზორ ერქომაიშვილი

ანსამბლ „რუსთავის“ საკონცერტო დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა

37
(განახლებულია 11:32 01.06.2021)
ქართველი მომღერალი, გამოჩენილი ლოტბარი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 31 მარტს კორონავირუსით გარდაიცვალა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ ახლადრეაბილიტირებულ საკონცერტო დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი მომღერალი, ლოტბარი და ფოლკლორის გამორჩეული ქომაგი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში კორონავირუსის დიაგნოზით 31 მარტს გარდაიცვალა. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

ახლადრეაბილიტირებული დარბაზის საზეიმო გახსნის ცერემონია გია ყანჩელის სახელობის ბაღში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, პარლამენტის წევრები, თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თეა წულუკიანმა თბილისის მუნიციპალიტეტს მადლობა გადაუხადა ანსამბლ „რუსთავის“ ინიციატივის გაზიარებისა და საკონცერტო დარბაზისთვის ანზორ ერქომაიშვილის სახელის მინიჭებისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ჩემს წინამორბედ ყველა მინისტრს, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა და მინდა ვთქვა, რომ ამიერიდან თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ამ შენობას ეწოდება ანზორ ერქომაიშვილის სახელი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ანსამბლ „რუსთავისა“ და მისი სტრუქტურული ერთეულის – ხელოვნების აკადემია „მართვეს“ შენობას სრული რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაუტარდა.

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა>>

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის ნაწილობრივი გამაგრებითი სამუშაოები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სარეპეტიციო დარბაზს, ცენტრალურ კიბეს, დარბაზის მიმდებარე სივრცეებს: კულისებს, ხმის ჩამწერ სტუდიასა და გასახდელებს. განახლდა შენობის ფასადები, დერეფნები და ოთახები. დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა; შენობის პერიმეტრზე მოეწყო წყალამრიდი და სადრენაჟე სისტემა; საკონცერტო დარბაზში დამონტაჟდა აუდიო გახმოვანების სისტემა და დასრულდა საკონცერტო დარბაზის გათბობა-ვენტილაციის შიდა ქსელის მონტაჟი; შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

მანამდე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული კულტურის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილის აღსანიშნავად ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს.

რაც შეეხება ანზორ ერქომაიშვილს, ის 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. 1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

37
თემები:
საქართველო და კულტურა (1117)
გამოფენა „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპე

დიდებული პომპეი: ძველი ქალაქის ექსპონატები საქართველოში პირველად გამოიფინება

48
(განახლებულია 19:34 14.06.2021)
გამოფენა მოუთხრობს დამთვალიერებლებს ძველი რომაული ქალაქის - პომპეის ისტორიას, რომელიც ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ახ. წ. 79 წელს ვულკანური ფერფლით დაიფარა.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში განახლებულ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში პომპეის საგანძური გამოიფინება, ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

„სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ - ამ სახელწოდების გამოფენაზე საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ძველი რომაული ქალაქის - პომპეის ისტორია. ნეაპოლის მახლობლად, კამპანიის რეგიონში მდებარე პომპეი ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ვულკანური ფერფლით დაიფარა. ახლა ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

Выставка Жизнь и смерть - великие Помпеи
photo : courtesy of Georgian National Museum
გამოფენა „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპე

პომპეი, როგორც კარგად შემორჩენილი ქალაქი, უძველესი კულტურის შესწავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. გამოფენასთან დაკავშირებით საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ესტუმრა.

ელჩს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლა. პროექტის ორგანიზატორების თქმით, გამოფენა ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოში იტალიის საელჩო.

 

48
ნატალია ქუთათელაძე

„ცოტა შოკირებული ვარ...“ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატება

128
(განახლებულია 22:49 14.06.2021)
ცნობილი ოჯახის შვილი – ნატალია ქუთათელაძე შვილს ელოდება, თუმცა შემოქმედებით საქმიანობასაც არ ივიწყებს.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ქართველი მომღერალი ნატალია ქუთათელაძე, რომელიც BBC-ს მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს, პირველი რაუნდის გამარჯვებული გახდა, ნატალია რამდენიმე დღეში ფინალურ ტურში იმღერებს.

13 ივნისს ეკა მამალაძის უმშვენიერესმა ქალიშვილმა, მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძემ „დეივიდს ჰოლის“ საკონცეტრო დარბაზში Samson, recherchant me présence ... Amour! Viens aider ma faiblesse Samson et Dalila Saint-Saëns არია შეასრულა და პირველი რაუნდის გამარჯვებული გახდა.

„ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ ამავდროულად ვარ მადლობელი. ვამაყობ აქ მყოფი თითოეული ადამიანით, რადგან მათ დიდი საქმე შეასრულეს. მადლობელი ვარ იმ გარემოსი, რომელსაც ეს კონკურსი ქმნის. ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას ამ აუდიტორიისგან და ამისთვისაც მადლობელი ვარ, ასევე მადლობა ჩემს საოცარ კოლეგებს“, – თქვა ნატალიამ გამარჯვების შემდეგ.

ნატალიას გამარჯვებას გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელშიც, კონკურსის მაყურებლებმა მეცო-სოპრანოს ნამღერი დადებითად შეაფასეს.

როგორც BBC წერს, კონკურსს რამდენიმე გამარჯვებული ეყოლება, მთავარი პრიზის მფლობელი 20 000 ფუნტ სტერლინგსა და თასს მიიღებს. მეორე გამარჯვებული სიმღერის მიხედვით შეირჩევა და საჩუქრად 10 000 ფუნტ სტერლინგსა და ასევე თასს მიიღებს. ხოლო მესამე გამარჯვებულს მაყურებლები შეარჩევენ, მას 2 500 ფუნტი სტერლინგი და კრისტალის თასი გადაეცემა. კონკურსს მთელ ბრიტანეთში გაუშვებენ, ქართველი მაყურებელი კი მას ინტერნეტში რამდენიმე დღეში იხილავს.

2020 წელს პანდემიის გამო კონკურსი ჩაიშალა და წელს ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრიტანეთმა გრანდიოზულ ცერემონიას კვლავ უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ ეკა მამალაძის უმშვენიერესი ქალიშვილი ორსულად არის, ნატალია მალე დედა გახდება. პანდემიის მიუხედავად მომღერალი არაფერს უშინდება და წარმატებით მიიწევს წინ.

BBC CARDIFT SINGER OF THE WORLD 2021 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ოპერის მომღერალთა კონკურსია, რომელიც ყოველ წელს ბრიტანეთში იმართება და სხვადასხვა ქვეყნის ოპერის მომღერლები დიდი ბრიტანეთს თავიანთი ნიჭის დემონსტრაციის მიზნით სტუმრობენ. BBC CARDIFT SINGER OF THE WORLD 2021 ხუთი ტურისგან შედგება და თითოში 3-4 ოპერის მომღერალი გამოდის. წელს კონკურსს 15 ქვეყნიდან 16 მონაწილე ჰყავს. პირველი ტური 13 ივნისს უკვე გაიმართა 19-ში კი ფინალური ტური გაიმართება.

128
თემები:
ქართველი სელებრითები
ნინოწმინდის პანსიონი

რატომ დაატოვინეს ნინოწმინდის პანსიონი ზოგიერთ აღმზრდელს

0
პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. აღმზრდელები, რომლებთან დაკავშირებითაც რისკები გამოიკვეთა, ნინოწმინდის პანსიონში აღარ იმყოფებიან, განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

დღეს პანსიონის ახალმა დირექტორმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ 40 აღმზრდელიდან პანსიონში 19 დარჩება.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მაღლაფერიძის განმარტებით, შემდგომი ნაბიჯები შესაძლოა გარკვეული პერსონალის გადამზადებასაც ითვალისწინებდეს.

„როდესაც იდენტიფიცირდა გარკვეული რისკები კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, მათ დაწესებულების ტერიტორია დატოვეს. როდესაც დაწესებულებაში რაიმე ტიპის რისკზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს მათი განრიდება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ნინოწმინდის პანსიონიდან სულ 29 ბავშვია გაყვანილი.

„22 ჩარიცხული ბენეფიციარი რჩება, თუმცა პროცესი კვლავ გრძელდება. ამას წინ უძღვის შეფასება, საუკეთესო ადგილების შერჩევა, ბიოლოგიური ოჯახების შეფასება, მათთან კონტაქტი და ასე შემდეგ. როდესაც ბავშვების ინტერესებზე ვსაუბრობთ, ეს არ არის უბრალოდ ფრაზა, უნდა შევარჩიოთ მათთვის სწორი ზრუნვის ფორმები, შევეცადოთ მათ ბიოლოგიურ მშობლებთან ან მათ სიახლოვეს განთავსება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება. ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ გაასაჩივრა.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.

 

0