სალომე ზურაბიშვილმა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის რამდენიმე ადამიანი დააჯილდოვა

© photo: Government of Georgia / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
პრეზიდენტმა დააჯილდოვა კონსერვატორიის მუზეუმის დამფუძნებელი, მეცენატი ბიზნესმენი და ის ოთხი ადამიანი, რომლებმაც ყვარელში ბრინჯაოს ხანის უნიკალური ნივთები აღმოაჩინეს და მუზეუმს გადასცეს.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიის კვლევისა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრეზიდენტმა სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმის დამფუძნებელს მარინე ჩიხლაძეს ღირსების მედალი გადასცა.

„თქვენ ამ მუზეუმის დამაარსებელი ხართ და ეს მუზეუმი დღემდე თქვენ მოიყვანეთ, რაც ძალიან დასაფასებელი საქმეა და მინდა თქვენს მიმართ ჩემი და საზოგადოების მადლიერება გამოვხატო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ ასევე ბესიკ მზექალაშვილი, ზურაბ მზექალაშვილი, გიორგი შიოშვილი და სიმონ ჭიჭოშვილი, რომლებმაც გასულ წელს ყვარელში უნიკალური ნივთები აღმოაჩინეს და მუზეუმს გადასცეს.

„ამ ადამიანებმა ყვარლის ერთ-ერთ სოფელში აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები და ისინი მუზეუმს გადასცეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტია. ამ სახელმწიფო ჯილდოთი მე მათი საქციელის დაფასება მინდა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ეთნოგრაფიული მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
საქართველოში მუზეუმების ფესტივალი გაიმართება

ასევე ღირსების მედლით დაჯილდოვდა ბიზნესმენი არჩილ გელოვანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართული კულტურის მხარდაჭერისთვის.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს საშუალება მეძლევა, თქვენი საქმიანობა და ღვაწლი (იმ საქმეში, რომელიც დღევანდელ საქართველოში იშვიათობაა), ანუ მეცენატობა სახელმწიფო ჯილდოთი აღვნიშნო. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი მეცენატები გვყავდა, რომლებმაც უამრავი ისტორიული მემკვიდრეობა შემოგვინახეს და რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ ცოცხლობენ. ეს ტრადიცია, შეიძლება ითქვას, დღეს საკმაოდ დაკარგულია და იშვიათობაა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ის, რომ მეცენატობა არ არის ისე გავრცელებული საქართველოში, ეს ხელისუფლების ბრალია, რადგან ჯერ კიდევ არ არსებობს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც მეცენატობას ხელს შეუწყობდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეცენატობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუზეუმებს ხშირად არ აქვთ იმის საშუალება, რომ თავად შეიძინონ ის, რაც მათ სჭირდებათ.

„თუ ვინმეს უნდა სადღეგრძელოების გარეშე პატრიოტიზმის გამოვლენა, ალბათ ეს დღევანდელ დღეს ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0