თეა წულუკიანი

„ოსტატების რეესტრი“: კულტურის სამინისტროში განაცხადების მიღება იწყება

146
(განახლებულია 22:26 06.05.2021)
უწყების ინფორმაციით, გასაუბრებაზე მოსაწვევად პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სააქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას იწყებს, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ოსტატთა რეესტრის შექმნა წულუკიანმა მიმდინარე წლის მარტში დააანონსა და განაცხადა, რომ „ყველა ძეგლს უნდა შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საქმის პროფესიონალია, და გარემონტება კი არ უნდა მიმდინარეობდეს, არამედ რეალური რესტავრაცია“.

წულუკიანის განმარტებით, 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება იგეგმება.

სამინისტრო შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს მიიღებს:

  • ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი, ჩუქურთმის მჭრელი, დეკორატორი);
  • ხითხურო (ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი);
  • კირითხურო (მლესავი, ყორემწყობელი, მძერწავი);
  • სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები, მეთუნუქე ოსტატები)
  • მჭედელ-ზეინკალი;
  • მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

დღეიდან 15 ივნისამდე რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229.

კულტურის სფეროს დიდი რეფორმები ელოდება – რა გეგმები აქვს მინისტრს>>

უფრო ადრე წულუკიანმა კულტურის სფეროში რეფორმები დააანონსა. კერძოდ, კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ შეიქმნება კულტურის კოდექსი და განახლდება მოძველებული სამართლებრივი ნორმები.

პარლამენტის დეპუტატი თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა, მოვალეობების შესრულებას 22 მარტს შეუდგა.

146
თემები:
საქართველო და კულტურა (1115)
ხარაჩოები გელათის მონასტერში

ქართველი რესტავრატორები გელათის ტაძარს იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლისთვის ამზადებენ

40
(განახლებულია 13:41 12.06.2021)
უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით, პრობლემების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსს ეწვია და საქართველოში იუნესკოს ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

სამინისტროს ინიციატივით, გელათის ძირითადი ტაძრის შიდა და გარე პერიმეტრზე კედლის ფერწერის და სახურავის სრულფასოვნად შესასწავლად ხარაჩოები აღიმართა.

იუნესკოს ექსპერტები გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს და ზიანის გამოსწორების მიზნით სამოქმედო გეგმას დასახავენ.

უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების მიხედვით, გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებული პრობლემების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მომდინარე წლის აპრილიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული სიტუაციის შესწავლისა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. სამინისტროსთან შეიქმნა არქიტექტორ-რესტავრატორთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს. პარალელურად შეიქმნა კედლის მხატვრობის რესტავრატორთა ჯგუფი დაზიანებული ფერწერის შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარე წლის 25 მაისს ხელოვნებათმცოდნეებსა და კედლის მხატვრობის რესტავრატორებთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლამდე მოხდება ფერწერის ფენის კვლევა. კვლევის პარალელურად, ქართველმა პროფესიონალმა რესტავრატორებმა დაზიანებულ ფრესკებს უნდა რეგულარულად მოაშორონ მარილი იმ ადგილებში, სადაც ეს ფერწერის დაზიანების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია.

40
ანზორ ერქომაიშვილი

თბილისში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

32
(განახლებულია 18:52 11.06.2021)
მერიის ინფორმაციით, ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის სახელის უკვდავსაყოფად და იმ საქმისადმი მადლიერების გამოსახატად დაარსდა, რომელიც მან ქართული ფოლკლორის გადარჩენისა და განვითარებისთვის გასწია.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ახალ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც დიდი ქართველი მუსიკოსის, მომღერლის, საგუნდო დირიჟორის, ხალხური სიმღერების შემკრებისა და პედაგოგის, ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ქართველი მომღერალი, ლოტბარი და ფოლკლორის გამორჩეული ქომაგი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს კორონავირუსის გართულებით გარდაიცვალა. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

„ღონისძიების სტატუსი საერთაშორისოა, თუმცა წელს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ფოლკლორული ანსამბლების სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც მსმენელის წინაშე საკონცერტო პროგრამებით მხოლოდ ქართული ანსამბლები წარდგებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფესტივალის ფარგლებში წელს ოთხი კონცერტი გაიმართება: 12 ივნისს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ წარდგება მაყურებლის წინაშე; 13 ივნისს – ქართული სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“; 19 ივნისს – საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი“; 20 ივნისს – აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“.

ქვეყანაში არსებული კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე www.biletebi.ge.

ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. 1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

32
თემები:
საქართველო და კულტურა (1115)
წყალდიდობის შედეგები თბილისში. 2015 წლის 13-14 ივნისი

თბილისში ექვსი წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს

0
სვანიძის ქუჩაზე დაღუპულთა მემორიალთან დილიდან მივიდნენ პოლიტიკოსები, მეხანძრე-მაშველები, დაღუპულთა ახლობლები და რიგითი თბილისელები.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი საშინელი ტრაგედია ექვსი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

დღეს დილიდან ისეთივე ნაცრისფერი ღრუბლები იყო თბილისის თავზე, როგორც იმ ავბედით დღეს.

2015 წლის 13 ივნისს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, რომლის ყველა ბინადარი დაიღუპა. ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი. 200 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

გადარჩენილ ცხოველებს მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებდნენ. ბევრის დაძინება გახდა საჭირო. 17 ივნისს ერთ-ერთი გაქცეული ვეფხის თავდასხმას შემთხვევითი გამვლელი შეეწირა.

სვანიძის ქუჩაზე დაღუპულთა მემორიალთან დღეს დილიდან მივიდნენ პოლიტიკოსები, მეხანძრე-მაშველები, დაღუპულთა ახლობლები და რიგითი თბილისელები.

პირველები მემორიალთან მივიდნენ მაშველები, რომლებმაც იმ ღამეს თავისი თანამშრომელი დაკარგეს. 37 წლის ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველი იყო იმ მაშველთაგან, ვინც სტიქიის ეპიცენტრში გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას მან 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. თბილისის ერთ-ერთი ქუჩა ახლა მის სახელს ატარებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 13 ივნისი დიდი ტრაგედიაა, რომელმაც ბევრი ადამიანი შეიწირა, მეორეს მხრივ კი ამ სიტუაციამ მთელი საზოგადოება გააერთიანა.

„ეს დღე ყველას კარგად გვახსოვს. ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ დღეს, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე. დღეს გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას, პატივს მივაგებთ. მინდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ​მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია. მეორე მხრივ, კარგად გახსოვთ, რომ ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, ხალხი, ერი, ჩვენი ახალგაზრდობა. არნახული, წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ასევე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„13 ივნისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ დავკარგეთ ბევრი ადამიანი და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ამ ადამიანების ოჯახებს, ახლობლებს“, - განაცხადა კალაძემ.

ტრაგედიიდან მეორე დღეს ქალაქის ცენტრი გაივსო მოგლეჯილი ხეებით და ტალახით. ქუჩების გაწმენდის სურვილი ათი ათასმა მოხალისემ გამოთქვა, რომლებსაც „ბოტების თაობა“ შეარქვეს.

0