ქუთაისის ხედები

„გვირილობა“ კორონავირუსის მიუხედავად: ქუთაისში ქალაქის დღე გაიმართება

52
(განახლებულია 09:59 02.05.2021)
ქალაქის დღის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა და წიგნების ფესტივალი, ასევე თოჯინების და ნიღბების თეატრების სპექტაკლები

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი - ქუთაისი 2-12 მაისს ქალაქის დღეს - „გვირილობას“ აღნიშნავს, ნათქვამია ქალაქის მერიის Facebook-გვერდზე.

აღნიშნულია, რომ ღონისძიებები შედგება ორ ლოკაციაზე - ქალაქის ცენტრალურ ბაღში და „ვერიკოს სკვერში“. ქალაქის დღის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა და წიგნების ფესტივალი, ასევე თოჯინების და ნიღბების თეატრების სპექტაკლები, რომლებიც ღია ცის ქვეშ გაიმართება.

ქუთაისში ასევე ორი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება: ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც სტარტს 7 მაისს აიღებს, და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 8 მაისს დაიწყება. აღნიშნულია, რომ დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

„წელს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ქალაქში ტრადიციული ხალხმრავალი ღონისძიებები არ შედგება, მაგრამ, ქუთაისის მერიის ინიციატივით, გაიმართება რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა, ფესტივალი და გამოფენა“, - აღნიშნეს მერიაში.

ქალაქის დღის აღნიშვნის ტრადიცია ქუთაისში მე-19 საუკუნიდან არსებობს და მას „გვირილობა" ეწოდება — ამ დღეს ქალაქის მცხოვრებნი ყიდდნენ ყვავილებს და ფულს ქველმოქმედებისთვის აგროვებდნენ.

52
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ცნობილია გეგმები გელათთან დაკავშირებით: კულტურის სამინისტრო განმარტავს

26
(განახლებულია 11:39 08.05.2021)
გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში ჩამოვა იუნესკოს მაღალი დონის ექსპერტი, რომელიც გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებულ ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლის, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მისი მოადგილეები კახა სიხარულიძე და იოსებ ბაღათურია.

„გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, სამინისტროს შექმნის შემდეგ, უკვე მეოთხე სხდომა გავმართეთ პროფესიონალ არქიტექტორ-რესტავრატორებთან ერთად და მივიღეთ ოთხი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პირველი შეეხება იმ დოკუმენტების ნუსხასა და ინფორმაციას, რომელიც იუნესკოს იტალიელ ექსპერტს უნდა გავუგზავნოთ მანამ, სანამ ის ივნისში საქართველოს და გელათს ესტუმრება“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეხვედრაზე ასევე გადაწყდა სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, სხვადასხვა ენებიდან უნდა ითარგმნოს და ქართულად გამოიცეს უცხოური ლიტერატურა, ან ხელახლა გამოიცეს უკვე მოძველებული და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული ქართული წიგნები, რომლებიც არქიტექტორ-რესტავრატორებისთვის სახელმძღვანელოებად გამოდგება.

ამასთან სამინისტროსთან არსებული არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფიდან, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გელათის საკითხზე მუშაობს, შეირჩევა რამდენიმე სპეციალისტი, რომელთაგან შედგება შესაბამისი კომისია და სწორედ ამ კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან ოსტატები, რომელთა განაცხადების მიღება სამინისტრომ 6 მაისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

26
თეა წულუკიანი

„ოსტატების რეესტრი“: კულტურის სამინისტროში განაცხადების მიღება იწყება

100
(განახლებულია 22:26 06.05.2021)
უწყების ინფორმაციით, გასაუბრებაზე მოსაწვევად პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სააქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას იწყებს, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ოსტატთა რეესტრის შექმნა წულუკიანმა მიმდინარე წლის მარტში დააანონსა და განაცხადა, რომ „ყველა ძეგლს უნდა შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საქმის პროფესიონალია, და გარემონტება კი არ უნდა მიმდინარეობდეს, არამედ რეალური რესტავრაცია“.

წულუკიანის განმარტებით, 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება იგეგმება.

სამინისტრო შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს მიიღებს:

  • ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი, ჩუქურთმის მჭრელი, დეკორატორი);
  • ხითხურო (ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი);
  • კირითხურო (მლესავი, ყორემწყობელი, მძერწავი);
  • სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები, მეთუნუქე ოსტატები)
  • მჭედელ-ზეინკალი;
  • მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

დღეიდან 15 ივნისამდე რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229.

კულტურის სფეროს დიდი რეფორმები ელოდება – რა გეგმები აქვს მინისტრს>>

უფრო ადრე წულუკიანმა კულტურის სფეროში რეფორმები დააანონსა. კერძოდ, კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ შეიქმნება კულტურის კოდექსი და განახლდება მოძველებული სამართლებრივი ნორმები.

პარლამენტის დეპუტატი თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა, მოვალეობების შესრულებას 22 მარტს შეუდგა.

100
თემები:
საქართველო და კულტურა
მოსკოვის აკადემიური სამხატვრო თეატრის დასი

თბილისში ევაკუირებული მოსკოვური თეატრი: „ბედნიერება იყო იმდენად დიდი, რომ ომს გვავიწყებდა“

0
(განახლებულია 17:21 08.05.2021)
მეორე მსოფლიო ომის დროს თეატრი ადამიანებისთვის გასართობი კი არა, ერთგვარი თავდავიწყების საშუალება და ამასთან მალე გამარჯვების რწმენის, იმედის წყარო იყო

ალექსანდრა ობოლონკოვა

მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობებისთვის კი თბილისში ევაკუაციის წლები დაუვიწყარ მოგონებად იქცა. თეატრის „ოქროს შემადგენლობა“ საბჭოეთის სხვა გამოჩენილ ხელოვანებთან ერთად იყო ევაკუირებული საქართველოს დედაქალაქში. თეატრს მაშინ ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო ხელმძღვანელობდა. 

Владимир Немирович-Данченко
© photo: Sputnik / Miron Sherling
ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო

დასი თბილისში 1941 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩამოვიდა. ნემიროვიჩ-დანჩენკო ერთგვარ უხერხულობასაც კი განიცდიდა, როდესაც, მიუხედავად მატერიალური შეჭირვებისა, თავის მდივანს სწერდა, „რაოდენი სიმშვიდე და სიხარული სუფევდა“ თბილისში.

„იცით, ეს უმშვენიერესი ქალაქია, ჩვენ მიმართ დამოკიდებულება დიდებულია, განსაკუთრებით პირადად ჩემდამი - როგორც საზოგადოების, ისე მთავრობის მხრიდან. კარგად მოვთავსდით. ყველანი ვტკბებით კლიმატით, ქალაქით“, - წერდა ის. 

არტისტები უსაქმოდ არ მსხდარან. მცირე თეატრის მსახიობებთან ერთად საღამოებს მართავდნენ, რომლებზეც ბილეთები თვალის დახამხამებაში იყიდებოდა.

თავად ნემიროვიჩ-დანჩენკომ, რომელიც წარმოშობით ოზურგეთიდან იყო და ტფილისში სწავლობდა, 7 დეკემბერს მოგონებების საღამო მოაწყო. ის იმ ტფილისური სახლის მოძებნასაც კი შეეცადა, რომელშიც ოდესღაც ცხოვრობდა, მაგრამ ვეღარ მიაგნო. სამაგიეროდ ეწვია რუსთაველის პროსპექტზე მდებარე პირველ გიმნაზიას, რომელიც ვერცხლის მედალზე დაამთავრა თავის დროზე.
მოგონებების საღამოზე დარბაზი ისე იყო გადაჭედილი, ნემსი არ ჩავარდებოდა. შემოსული თანხმა მთლიანად თავდაცვის ფონდში გადაირიცხა.

© photo: Sputnik
სცენა სპექტაკლიდან „აღდგომა“

საარქივო დოკუმენტების თანახმად, მოსკოვის აკადემიურმა სამხატვრო თეატრმა ევაკუაციის რამდენიმე თვის განმავლობაში 51 კონცერტი გამართა: 24 თბილისში, 5 - ერევანში, 7 - ბაქოში, 4 - სოჭში, 2 - გორში, 2 სტალინირში (მაშინდელი ცხინვალი), 2 - გაგრაში, 3 - კიროვაბადში (განჯა) და ორიც სოხუმში.

ცნობილი მსახიობი ვასილი კაჩალოვი ევაკუაციაში დამძიმებული გულით მოდიოდა – მისი 40 წლის ვაჟი ვადიმი, რომელსაც ჯავშანი ჰქონდა, მაინც მოხალისედ წავიდა ფრონტზე. თბილისში ცხოვრებისას ის სხვებთან ერთად გამოდიოდა არა მარტო სცენაზე, არამედ სამხედრო ნაწილებშიცა და ჰოსპიტლებშიც. ის სიმონოვის, ტიხონოვისა და სხვა პოეტების ლექსებს კითხულობდა ხოლმე.
ერთ დღეს თბილისელმა მაყურებელმა ის კარგა ხანს არ გაუშვა სცენიდან და არტისტიც გვიან ღამემდე კითხულობდა ლექსებს, მათ შორის, თავისი მეგობრის, სერგეი ესენინის შემოქმედებასაც, რომელსაც კაჩალოვის ძაღლისთვისაც კი მიეძღვნა გულის ამაჩუყებელი სტრიქონები: „Дай, Джим, на счастье лапу мне…“

© photo: Sputnik / Mikhail Ozerov
ვასილი კაჩალოვი

საქართველოს სახალხო არტისტი კოტე მახარაძე იგონებდა, როგორ ბრუნდებოდნენ შინ შუაღამით სპექტაკლით აღფრთოვანებულები, როგორ გააჩერა პატრულმა, მაგრამ რაოდენ ბედნიერები იყვნენ, ვინაიდან „ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ ან არასდროს ხდება ცხოვრებაში“.
თავად კაჩალოვი კი 1942 წლის მარტში გაზეთ „ვეჩერნაია მოსკვაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა: „შეუძლებელია, თითოეულ ჩვენგანს არ აღელვებდეს ის მხურვალე მიღება, როგორითაც ყველგან გვხვდებიან, ამაღელვებელი მცდელობა, შეგვიქმნან თუნდაც მცირე კომფორტი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რაოდენ დიდია ადამიანების სიყვარული ხელოვნებისადმი“.

მაგრამ თეატრის უკვე ჭარმაგი მსახიობების ცხოვრება სტუმართმოყვარე ტფილისში არც ისე მარტივი იყო. მართალია, სულით არ ეცემოდნენ, მაგრამ ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდათ.

66 წლის კაჩალოვი ჯერ კიდევ მანამდე, ნალჩიკში ყოფნისას დაავადდა მძიმედ, 70-ს გადაცილებული ოლგა კნიპერ-ჩეხოვა მთელი თვით ჩაწვა გრიპითა და ბრონქიტით, 83 წლის ნემიროვიჩ-დანჩენკო კი, რომელიც მზად იყო, თუნდაც უსასყიდლოდ ემუშავა რუსთაველის თეატრში, ასევე ერთი თვით ჩამოშორდა რეპეტიციებს ავადმყოფობის გამო. მცირე თეატრის მსახიობი, 61 წლის მიხაილ კლიმოვი კი გარდაიცვალა და თბილისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

„რით დავიმსახურეთ, რომ მილიონობით ჩვენი ძმა სიცოცხლეს წირავს ჩვენთვის, ჩვენი მშვიდი ცხოვრებისთვის, ჩვენი მუშაობისთვის? რით დავიმსახურეთ ეს როგორც არტისტებმა და როგორც ადამიანებმა?“, – წერდა ნემიროვიჩ-დანჩენკო ერთ-ერთ წერილში, რომელიც საკუთარი თეატრის მსახიობებს მიუძღვნა.

ეს მისი ერთ-ერთი ბოლო წერილი იყო თბილისიდან – მალე აკადემიური თეატრის დასი ისევ მოსკოვში დააბრუნეს, სადაც რეჟისორი 1943 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა კიდეც.

კოტე მახარაძე მოგვიანებით, იხსენებდა რა ტფილისურ კონცერტებს, ლექციებსა და შეხვედრებს, წერდა: „ბედნიერება იყო იმდენად დიდი, რომ ზოგჯერ გვავიწყდებოდა კიდეც, რომ მტერი ქალაქიდან ორასიოდე კილომეტრში იყო“.

მსახიობის თქმით, ამას არაფერი ჰქონდა საერთო ჭირის დროს ნადიმთან, ეს იყო გამოვლინება იმ რწმენისა, რომ მალე ომი გამარჯვებით დასრულდებოდა.

0
თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021