კინოფირი

ქართული „მივიწყებული სოფელი“ საფრანგეთის დასაპყრობად მიდის

3310
(განახლებულია 15:45 07.04.2021)
ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი - მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი“ საფრანგეთში ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდზე. 

ანსის საერთაშორისო კინოფესტივალი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია, რომელიც 1960 წელს დაარსდა. წელს იგი 14-19 ივნისს გაიმართება.

„მიტოვებული სოფელი" პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.

ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი - მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი“, რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი – სიყვარული.

„მიტოვებული სოფელი“ 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია, საპროდიუსერო კომპანიაა – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI“. მარიამ კაპანაძე ფილმის სცენარის ავტორიცაა.

3310
თემები:
საქართველო და კულტურა (1080)
რუსთაველის თეატრის დარბაზი

ხმაური რუსთაველის თეატრთან - აქციის მონაწილეებსა და მსახიობებს შორის დაპირისპირება მოხდა

101
(განახლებულია 22:57 17.04.2021)
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს უცხადებენ მხარდაჭერას და რეჟისორ რობერტ სტურუას უპირისპირდებიან, თეატრის მსახიობები კი თავის მხრივ სტურუას უჭერენ მხარს.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრთან აქციაზე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „გილდიას“ წევრებსა და თეატრის მსახიობებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, იუწყება „პირველი არხი“.

აქციის მონაწილეები ძალადობასა და დისკრიმინაციას აპროტესტებენ. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს და საგამოძიებო ორგანოს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდეს. აქციაზე მყოფი პირებმა ასევე განაცხადეს, რომ სტურუა მოძალადეა და რეპეტიციებზე ქალებს შეურაცხყოფას აყენებს.

12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ფაქტები გაიხსენა და განაცხადა, რომ იგი ბესო ზანგურის მხრიდან, რომელიც მაშინ მისი მეუღლე იყო, ძალადობის მსხვერპლი იყო, ორსულობის პერიოდშიც კი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გუშინ კი რუსთაველის თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ამის შესახებ ბრძანება დღეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ გამოსცა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას გაკეთებულმა განცხადებებმა თეატრში მყოფი მსახიობების გაღიზიანება გამოიწვია. მსახიობები განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეთა განცხადებები, თითქოს რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურის მიერ ჩადენილი საქციელის წახალისებას ცდილობს, სიცრუეა.

„ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერმა რობერტ სტურუაზე გადაიარა. ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და იურიდიულად, რაც თეატრს შეეძლო გაეკეთებინა, უკვე გააკეთა“, - განაცხადა რუსთაველის თეატრის მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ.

მეორე მხრივ „გილდიას“ დამფუძნებელი გიგა ბექაური განმარტავს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა თეატრის თითოეულმა წევრმა და მათ შორის რეჟისორმა სტურუამ სოლიდარობა გამოუცხადოს ნინუცა მაყაშვილს. როგორც ცნობილია, სტურუამ ბესო ზანგურს სოციალურ ქსელში მხარი დაუჭირა.

„თანამდებობაზე მყოფი პირები, თეატრში ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ან სოლიდარობა გამოუცხადონ მაყაშვილს ან, მინიმუმ, გაჩუმდნენ და არაფერი თქვან, რადგან ასე აზიანებენ უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენი მთავარი მიზანია ადამიანებმა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა“, - განაცხადა გიგა ბექაურმა.

ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურთან დაკავშირებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა.

101
უცხოეთში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი

მოსკოვში ქართული ცეკვის ფესტივალი გაიმართება

22
(განახლებულია 16:24 16.04.2021)
ღონისძიება უცხოეთში ქართული ხალხური საცეკვაო ხელოვნების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ქართული ცეკვის ფესტივალი მოსკოვის დიდ საკონცერტო დარბაზ Космос-ში 22–29 აპრილს გაიმართება, ნათქვამია „რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში

ღონისძიების ორგანიზატორია ქართულ–რუსული ურთიერთობების განვითარებისა და აღორძინების ფონდის კულტურის დეპარტამენტი. ფესტივალი ეძღვნება რუსეთისა და საქართველოს გამოჩენილი ქორეოგრაფის გივი ციმაკურიძის იუბილეს და ცეკვების საერთაშორისო დღეს.

საკონცერტო დარბაზის სცენაზე მოსკოვისა და მოსკოვის ოლქში არსებული 15-მდე ქართული ქორეოგრაფიული კოლექტივი წარდგება.

კონცერტი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. ფესტივალზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ–რეგისტრაცია. კონცერტზე დასასწრები ადგილები შეზღუდულია.

22
ტურისტები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

3
დღეს დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 3 პროცენტს მიუახლოვდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 818 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 465 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა - 75, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, კახეთი - 25, გურია - 18,  მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 4,35%, ბოლო 14 დღის - 2,98%, ბოლო 7 დღის - 3,41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280.915-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობaში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.939-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.478 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.982 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371.

512 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში - 67, იმერეთში - 6, აჭარაში - 7.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 439 ადამიანი, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 7.057 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 16.452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.317 პირი, აჭარაში - 2.314, იმერეთში - 1.180.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 818-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.358-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

3